ხელოვნება

როგორი იქნება ეროვნულ გალერეაში გამოფენილი კარავაჯოს რეპროდუქციები

2 ოქტომბერი, 2017 • 4788
როგორი იქნება ეროვნულ გალერეაში გამოფენილი კარავაჯოს რეპროდუქციები

კარავაჯოს 40-მდე ნამუშევრის რეპროდუქციას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით გამოფენენ, რომლითაც შენარჩუნებული იქნება ორიგინალი ნამუშევრების ფერები.

კარავაჯოს რეპროდუქციები და ბოტიჩელის “ვენერას” ორიგინალი 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე გამოიფინება. კარავაჯოს ნამუშევრებს გამოსაფენად ამზადებენ, ხოლო “ვენერა” თბილისში დღეს, 2 ოქტომბერს უნდა ჩამოვიდეს.

დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეს არის “შეუძლებელი გამოფენა”, რადგან ერთ სივრცეში კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციების ნახვაა შესაძლებელი.

“შეგიძლიათ ნახო ჯარავაჯოს ყველა ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში. კარავაჯოს ნამუშევრები არის სხვადასხვა ადგილას”, – განაცხადა ელჩმა.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

ანტონიო ბარტოლიმ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიაზე, რომლითაც მომზადდა რეპროდუქციები.

კარავაჯოს რეპროდუქციები უახლესი ტოქნოლოგიითაა შესრულებული, ხოლო იმისათვის, რათა ორიგინალ ნამუშევრებში გამოყენებული ფერები ცოცხლად შენარჩუნდეს, უკანა მხრიდან არის განათებული.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

“ტექნოლოგია, რითიც დამზადებულია ნამუშევრები, მაღალი გარჩევადობისაა. სპეციალური სისტემის საშუალებით შეგიძლია აკონტროლო ტემპერატურა. ამ გზით შესაძლებელია ამ ნამუშევრების რეალური ფერები მიიღო”, – ამბობს ელჩი.

ბარტოლიმ განმარტა, რომ ახალი ტექნოლოგიით მომზადებულ რეპროდუქციაზე უფრო ადვილადაა შესაძლებელი ნამუშევრების დეტალების აღქმა და გარჩევა, ვიდრე ორიგინალში, მაგალითად, რომელიმე ეკლესიის ნაკლებად განათებულ ფრესკებზე.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეს გამოფენა უპირველესად საგანმანათლებლო ხასიათისაა.

“ეს არის, პირველ რიგში, საგანმანათლებლო პროექტი, როგორც ჩვენი ახალგაზრდებისთვის – სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი თანამშრომლობის იტალიურ მუზეუმებთან,” – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ,

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

ეროვნული მუზეუმის დირექტორის აზრით, ის, რომ ბოტიჩელის ნამუშევარი იქნება მუზეუმში წარმოდგენილი, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეროვნულ გალერეას შეუძლია ნებისმიერი დონის შედევრებს უმასპინძლოს. ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ რაფაელისა და ლეონარდო დავინჩის ნამუშევრებიც გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

იტალიის ელჩმა განაცხადა, რომ მართლაც ფიქრობენ, საქართველოში რენესანსის პერიოდის სხვა მხატვრების ნამუშევრებიც გამოფინონ, თუმცა, როდის, ეს უცნობია.

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დარწმუნებულია, რომ გამოფენა დიდ ინტერესს გამოიწვევს.

“ეს არის ბრწყინვალე მაგალითი საქართველოს და იტალიის თანამშრომლობის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოფენა უდიდეს ინტერესს გამოიწვევს როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე დედაქალაქის სტუმრებს შორის”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

აღნიშნული გამოფენა საქართველოს მთავრობის პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ეწყობა. გამოფენების ორგანიზებისთვის, როგორც იტალიის ელჩის მიერ ეროვნულ მუზეუმში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მთლიანობაში 225 000 ევროა საჭირო, საიდანაც 110 ათას ევროს საქართველო გადაიხდის.

კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები ეროვნულ მუზეუმში. 02.10.2017

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, „გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 20:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის საფასური:

მოზრდილი – 7 ლარი;
სტუდენტი – 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე – 50 თეთრი;
პენსიონერი – 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე – უფასო;

მასალების გადაბეჭდვის წესი