2024 წლის 15-16 ივნისს ტოკიოში გაიმართება ქართული კულტურის ფესტივალი, რომლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურების გაზიარებაა. ამ ფესტივალზე საქართველოდან ორი ახალგაზრდა სტუდენტი მზარეული მიემგზავრება. ქართულ გუნდს ტოკიოში შეფი მასანორი უჩიდაც შეუერთდება.
ანუკი ბანძელაძე და ლუკა ლოლიშვილი 20 და 21 წლის სტუდენტები არიან თბილისიდან. მათ ერთი წლის წინ მუშაობა დაიწყეს ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში, სადაც მალევე აითვისეს იაპონური სერვისის ნიშან-თვისებები და დაინტერესდნენ იაპონური კულტურით.
სარამენე „ონიმუშა“, სადაც ანუკი და ლუკა მუშაობენ, პატარა იაპონური კუთხეა სოლოლაკში. ის ერთი წლის წინ გაიხსნა და ტრადიციულ იაპონურ კერძებს ამზადებენ. სარამენეში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ახალ გემოებს ქმნის იაპონელი შეფი მასანორი უჩიდა.
თავად შეფი მასანორი, იაპონური კერძის რამენის ოსტატი, საქართველოში თითქმის ორ წელია, რაც ცხოვრობს და მუშაობს. როგორც ამბობს, მისი მთავარი მიზანია „საკუთარი კულინარიული საზღვრების გაფართოება და ახალი კულინარიული შედევრების შექმნა“.
სამი კულინარი ფესტივალზე წარადგენს შქმერულ რამენს — საქართველოსა და იაპონიის შერწყმას. რამენი იაპონური კლასიკაა, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და გემოებით. ეს ყველაფერი მას მრავალი ადამიანისთვის საყვარელ კერძად აქცევს. შქმერული რბილი ქათმის ხორცისა და არომატული ნივრის სოუსის კომბინაციაა, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქართულ სამზარეულოს.
ახალგაზრდა მზარეულები პირველად მონაწილეობენ მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში. ამბობენ, რომ შეეცდებიან, ფესტივალის შემდეგ ქართველებს გაუზაირონ თავიანთი ისტორია იაპონური გამოცდილების შესახებ.
– „გვჯერა, რომ ეს ღონისძიება ორ ქვეყანას შორის კავშირს გააძლიერებს და დიდ წვლილს შეიტანს განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგებაში“, — ამბობენ ისინი.
ბოლო წლებში იაპონურ საზოგადოებაში განსაკუთრბეით პოპულარული გახდა ქართული კერძი „შქმერული“, რომელიც არაერთი ადგილობრივი რესტორნის მენიუში გაჩნდა, გარდა ამისა, მაღაზიებში იყიდება შქმერულის გაყინული, სწრაფად მოსამზადებელი ვარიანტებიც. სწორედ ამით აიხსნება შქმერულისა და რამენის გაერთიანებით ახალი ქართულ-იაპონური კერძის შექმნის იდეა.