გამოფენაზე, რომელიც 7 მაისს დაიწყო და 18 მაისამდე გაგრძელდება, ეთერს მინის ორი მაგიდა და მინაზე შესრულებული ნახატები აქვს გამოფენილი.
“მინის გატეხვის საშიშროება შეიძლება იყოს, თორემ ცეცხლგამძლე რომაა, ამას ხმამაღლა ვამბობთ. 800 გრადუს ცელსიუსზე ღუმელში იწვის და ფერი ღუმელში ჯდება, ეს შეიძლება კედელზეც კარგად აღიქვათ და შეიძლება სინათლზე, ანუ ფანჯარაშიც, ვიტრაჟებად. ორმხრივი განათება ხდება, ორმხრივი ეფექტი აქვს. ორივე მხრიდან იკითხება. უკეთეს ფერებსაც კი ვიღებთ სინათლეზე,”– ასე ხსნის ეთერ თედიაშვილი მინაზე შესრულებული ნამუშევრების უპირატესობას.
როგორც ეთერ თედიაშვილი იხსენებს, ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა, თავისი ნათესავებისგან განსხვავებით, მიაჩნდა, რომ ისე ხატავდა, როგორც – სხვები. ამიტომ თავისი შესაძლებლობები ახალგაზრდობაში იმდენად არ დაუფასებია, როგორც ახლა აფასებს.
თვითნასწავლი მხატვარი ახალგაზრდობიდანვე გრაფიკულ პორტრეტებს ქმნიდა, თუმცა მხატვრობა თავის ძირითად პროფესიად არ აურჩევია, თავდაპირველად მუსიკა და ფილოლოგია შეისწავლა. პირველი პროზაული ნაწარმოები 1986 წელს გამოაქვეყნა. იგი პერიოდულად მოთხრობებს სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთში აქვეყნებდა.
“მე ვმუშაობდი მხოლოდ პორტრეტზე და მხოლოდ ფანქარში, ფერებზე არ მიმუშავია არასოდეს, იხსენებს ეთერი, – ეს პორტრეტები და გრაფიკული ჩანახატები, რომლებიც დამიგროვდა ჩემი ახალგაზრდობის განმავლობაში, ცხინვალის ომის შედეგად ჩემს ყველა ნივთთან ერთად დაიკარგა.”
1991 წლიდან ეთერს მშობლიური ცხინვალის დატოვება მოუხდა. მშობლიური სახლის დატოვების შემდეგ ხატვას, “რომელიც მაშინ ფუფუნება იყო”, თავი დაანება. იგი პერიოდულად მუშაობდა თბილისში, ქალთა სიმებიან კვარტეტში, ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში.
ათი წლის წინ, გერმანიაში თავის დასთან სტუმრობის შემდეგ, მხატვრობას დაუბრუნდა. მინის მეწარმე სიძეს, ვერნერ კიუნცელს, რამდენიმე დიზაინერული ნიმუში აჩუქა. ნიმუშებმა მოწონება დაიმსახურეს.
უკვე ათი წელია, რაც ეთერ თედიაშვილი კომპანიასთან “ გლას კუნცელ” თანამშრომლობს.
“ჩემი ნამუშევრები ამ საწარმოს სახელით გამოიფინა რადენიმე საერთაშორისო მესეზე. ძალიან ფართო ასპარეზი მოიპოვა ამ ნამუშევრებმა. სისტემატიური შეკვეთები მოდის სხვადასხვა ქვეყნიდან.”
კომპანია “გლას კუნცელ” მინის კარებს, მინის მაგიდებს, დნობად და გრავირებულ მინას, მინის ხელსაბანებს ამზადებს. ეთერი ძირითადად მინის კარსა და შიდა დიზაინზე მუშაობს. ცდილობს კომპანიის პროდუქციის დიზაინი საკუთარი ნახატებით გაამრავალფეროვნოს:
“ჩემთვის ვხატავდი. ინტერესი მქონდა, რა შემეძლო, როგორ შემეძლო ხატვა ფერებში. იმიტომ, რომ მე ფერებში მანამდე არ მიმუშავია…
როცა ვიცი, წინასწარ რას ვხატავ, ამაზე დიდხანს ვფიქრობ. შეიძლება ეს ნაფიქრალი მთელი ცხოვრება მომყვებოდეს. გონებაში დიდხანს ვუნდები ხატვას, თორემ შეიძლება ერთ საათში დავხატო. მთავარი ის არის, რომ ჩემს ნახატებში ის შინაარსია და ის ემოცებია, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვატარებ.”
ეთერის ნამუშევრებში თემატიკის ფართო დიაპაზონია. მისი თქმით, ცხინვალის პირველმა ომმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. იგი ხატავს სიყვარულზე, ნოსტალგიაზე, ადამიანის დანიშნულებაზე, მის მისიაზე, ხატავს ქალაქის პეიზაჟებს, პორტრეტებს.
“ალბათ, ყველაფერს თანაბრად აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ამას ვხატავ.”
ეთერი ლიტერატურულ საქმიანობასაც მისდევს. იგი ახალგაზრდობიდან წერს მოთხრობებს, ქართულ ენაზე წერს. 2010 წელს მისი მოთხრობების კრებული “ბერგ ჰაილ” გამოიცა, რომელშიც ომის თემატიკიაა წამოწეული 2008 წლის აგვისტოს ომის.
საბოლოოდ იგი თბილისში დამკვიდრებას გეგმავს. მიაჩნია, რომ აქ ხელოვანისთვის საინტერესო გარემოა და ქართველი დამთვალიერებელი თუ მისი კოლეგა ხელოვანები მისი შემოქმედებით კმაყოფილია.