ხელოვნება

რა ხდება Coachella–ზე

17 აპრილი, 2013 • • 4044
რა ხდება Coachella–ზე

მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრსა (როკი, ინდი, ჰიპ–ჰოპი და ელექტრონული მუსიკა) და უამრავ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობის შემსრულებელს უყრის თავს.

წელს ფესტივალს კინოს, მოდისა თუ შოუ ბიზნესის სხვა უამრავი წარმომადგენლი ესწრება. ფესტივალის  ლაინ–აფი კი ისეთ ჯგუფებსა  და დიჯეებს  აერთიანებს, როგორებიცაა: Sigur Ros, Red Hot Chilly Peppers, New Order, Franz Fedrinand, Blur , Modest Mouse, Infected Mushrooms, Postal Service,  Moby, ბენი ბენასი, ბუკა შეიდი, ნიკ კეივი, Wu-Tang Clan, Dead Can Dance, La Roux, პოლ კალკბრენერი და ა.შ.

ორი უიკენდის განმავლობაში “კოაჩელა” თავბრუს ახვევს მუსიკის მოყვარულებს და ფესტივალზე დამსწრეებს საკმაოდ რთული ამოცანების წინაშე აყენებს – გააკეთონ არჩევანი 6 სცენასა და 200–ამდე შემსრულებელს შორის.

“კოაჩელასთვის” ზოგადად დამახასიათებელია ბენდებისა და შემსრულებლების ექსპრომტული გაერთიანება. მაგალითად, შაბათს ფესტივალის სტუმრების წინაშე ფრანგული ალტერნატიული როკ-ბენდი Phoenix ამერიკელ ჰიპ–ჰოპ შემსრულებელ R Kelly–სთან ერთად წასდგა. The xx–ის ერთსაათიან გამოსვლას კი ამერიკელი მომღერალი Solange-ი შეუერთდა.

 

ფესტივალის დუეტების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიურპრიზი “კოაჩალის” ორგანიზატორებმა სტუმრებს შარშან შესთავაზეს. ზუსტად ერთი წლის წინ ამერიკელი რეპერის, 2 pac–ის ჰოლოგრამულმა გამოსახულებამ გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ ერთი სიმღერა სნუპ დოგსა და დოქტორ დრისთან ერთად შეასრულა.

 

“კოაჩელას” ფესტივალი ეს ის ადგილია, რომელიც რუტინულად გშლის ჭკუიდან, როგორც წესი, გადასარევი შესრულებებით” – წერს ფესტივალზე MTV.

ფესტივალს სრულად “კოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი” ჰქვია, უნიკალური საფესტივალო სივრცის შექმნაში მუსიკას ვიზუალური ხელოვნება “ეხმარება” და კალიფორნიის უდაბნო რამდენიმე დღით მასშტაბური სკულპტურების გამოფენებს მასპინძლობს.

 

ელასტიური პლასტმასის ღრუბელი (Elastic Plastic Sponge)
ელასტიური პლასტმასის ღრუბელი (Elastic Plastic Sponge)

სხვადასხვა არსიტსტთა გაერთიანებებისა და არქიტექტორების მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ეს ფიგურები საფესტივალო სივრცისა და განწყობის კონსტრუირებაში უდიდეს როლს ასრულებენ და ხანდახან პრაქტიკული გამოყენებაც აქვთ. მაგალითად, 2009 წლის კოაჩელასთვის შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით “ელასტიკური პლასტმასის ღრუბელი” (Elastic Plastic Sponge) თითქმის მთლიანად რეზინის შლანგებისგან იყო გაკეთებული და გამვლელებს დროდადრო წყალს ასხამდა –უდაბნოს ცხელი მზისგან ფესტივალის სტუმრების გაგრილების მიზნით.  ინსტალაციის ავტორმა Ball-Nogues Studio–მ ამ პროექტზე სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად იმუშავა და latimes–ის ცნობით “ღრუბლის” შექმნას 12 კვირა დასჭირდა.

წელს კი კოაჩელას ერთ–ერთი მთავარი სკულპტურა სამსართულიანი სახლის ზომის ლოკოკინა იყო, რომელიც შიგნიდან განათებული ნელა გადაადგილდებოდა ფესტივალისთვის გამოყოფილ ველზე, ნიჟარაზე წარწერით – “თუ სწრაფად გინდა წასვლა, წადი მარტო, თუ გინდა შორს წახვიდე, მაშინ ერთად”.

 

ლოკოკინის სკულპტურა ღამით, 13 აპრილი კოაჩელა, ინდიო.
ლოკოკინის სკულპტურა ღამით, 13 აპრილი კოაჩელა, ინდიო.

პირველი “კოაჩელა” კალიფორნიის უდაბნოში 1999 წელს, ამავე წლის ვუდსტოკის ფესტივალიდან სამი თვის შემდეგ ჩატარდა. ამ ღონისძიებას 10,000–ამდე ადამიანი ესწრებოდა. მონაწილეობას კი ბენდები Beck, The Chemical Brothers, Tool, Morrissey and Rage Against the Machine იღებდნენ. სხვადასხვა წლებში ფესტივალზე უკრავდნენ: Björk, Oasis, Radiohead, Kraftwerk, The Cure, Nine Inch Nails, Coldplay, Depeche Mode, Daft Punk, Massive Attack და სხვ.

 

ფესტივალი მომდევნო უიკენდზე, 19–21 აპრილს გაგრძელდება. “usatoday”–ს ცნობით, წლევანდელ ფესტივალზე მთლიანობაში 80,000 ადამიანს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი