ხელოვნება

საქართველოში რეპრესირებული პოლონელების დაკარგული ისტორიები

19 თებერვალი, 2013 • • 3338
საქართველოში რეპრესირებული პოლონელების დაკარგული ისტორიები

ეს არის შედეგები გამოკვლევისა, რომელიც პოლონეთის საელჩოს ინიციატივით საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა განახორციელა.

18 თებერვალს „ევროპის სახლის“ საგამოფენო დარბაზში ქართულ-პოლონური ერთობლივი პროექტის – „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართა და გაიხსნა გამოფენა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქართველოში მცხოვრები პოლონელების რეპრესიების ამსახველი უნიკალური ფოტო–დოკუმენტებია წარმოდგენილი.

 

პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში
პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში

პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. პოლონური მხარის ინიციატივით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარქივო მასალების კვლევა დაიწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები პოლონელების ისტორიას წარმოადგენს.

ღონისძიებას პოლონეთის მხრიდან საქართველოში პოლონეთის ელჩი ურშულა დოროჟევსკა და­ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი ლუკაშ კამინსკი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი პროექტი შსს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შსს–ს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა წარადგინეს.

ომარ თუშურაშვილის განცხადებით, როგორც წესი, ეთნიკური უმცირესობის ნიშნით ასეთი ინფორმაციის მოძიება განსაკუთრებით რთულია: 

„პროექტის ფარგლებში ჩვენს არქივში 10 000-მდე საქმის გადახედვა მოგვიხდა – ეს ძალიან რთული საქმე იყო, რადგან ძიების დროს ერთადერთი ნიშანი ეროვნება – პოლონელი იყო. დოკუმენტებში კი ეროვნება ხშირად არასწორად იყო მითითებული  და დანამდვილებით პოლონური გვარების გასწვრივ ხშირად ეწერა „უკრაინელი“ ან „რუსი“.

შსს-ს არქივისა და პოლონეთის საელჩოს ერთობლივ გამოფენაზე ამ პოლონელთა გადასახლებისა თუ დახვრეტის ბრძანებათა ასლებთან ერთად მათი ისტორიებისა და ცხოვრებისეული დეტალების ამსახველი ფოტო-დოკუმენტებიცაა წარმოდგენილი.

ერთ-ერთი ისტორია იუზეფ ლაშკევიჩის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1922 წლიდან იტალიის საკონსულოსთან თანაარსებულ პოლონეთის საქმეთა კანცელარიას განაგებდა. ლაშკევიჩი 1923 წელს, ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა კომისარიატის ბრძანებით, ამ კანცელარიის ლიკვიდაციის შემდეგაც აგრძელებდა მოღვაწეობას და უკანონოდ ეხმარებოდა პოლონეთის მოქალაქეებს ვიზებისა და საბუთების მიღებაში. იგი ოჯახის წევრებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა სიკვდილს გადაურჩა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ პოლონელ რევოლუციონერ ტყვეებში გაცვალა.

გამოფენილ დოკუმენტებს შორისაა ყოფილი სამხედრო ტყვეთა და საზღვრის დამრღვევთა გადასახლების ბრძენებულებები; დახვრეტისა და „ემვედეს“ საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლების ოქმები ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის.

პრეზენტაციაზე აგრეთვე შედგა შსს-ს არქივის მასალაზე დაყდრნობით დამზადებული დოკუმენტრი ფილმის ჩვენებაც, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში ქართულ-პოლონურ  ურთიერთობებსა და 30-იან წლებში საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე პოლონელების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზეა მოთხრობილი.

„ფილმი „პოლონური ოპერაცია“ აგებულია ბრძანება N 00485-ზე, რომელიც უშუალოდ პოლონელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ჯაშუშური ქსელის აღმოფხვრას ისახავდა. თუმცა რეალურად ის ეთნიკური ნიშნით ბრძოლას აადვილებდა და მის საფუძველზე შესაძლებელი ხდებოდა ნებისმიერი ეროვნებით პოლონელის დაკავება,“ – აცხადებს ომარ თუშურაშვილი.

ფილმის ერთ-ერთი გმირია გამოჩენილი პოლონელი მოღვაწე, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი, რომელიც ქაშუეთის ტაძრის გარკვეული ნაწილის მოხატულობის ავტორია. მასვე ეკუთვნის ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი გამოცემისთვის. 1937 წელს ჰრინევსკი 68 წლის ასაკში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ პოლონელ მხატვარს დახვრეტა მიუსაჯა.

„სტალინს წითელი არმიის მარცხი პოლონეთთან 1920 წელს განსაკუთრებით მძიმედ ახსოვდა. ამიტომ გამორჩეულ დაუნდობლობას იჩენდა მათ მიმართ,“ – ნათქვამია დოკუმენტურ სურათში – „ეს იყო შურისძიება 1920 წლის საბჭოთა არმიის მარცხის გამო“.

18 თებერვალს გახსნილი ექსპოზიცია „ევროპის სახლში“ 10 დღეს გასტანს. ომარ თუშურაშვილის თქმით, ამ პროექტის ინიციატორი, პოლონური მხარე, გამოფენისა და მასთან ერთად ფილმის პოლონეთში წაღებასა და რამდენიმე ქალაქში გამოფენის გამართვას გეგმავს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი ლუკაშ კამინსკიც:

„არქივები ხშირად მტვრიან და მოსაწყენ ადგილებად მიგვაჩნია, სინამდვილეში კი ეს ის ადგილებია, რომლებიც ბევრ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას ინახავს“.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი მთავარი უწყებაა, რომელიც რეპრესირებულთა ისტორიაზე მუშაობს და, სავარაუდოდ, გააგრძელებს ქართულ მხარესთან თანამშრონლობას საარქივო მასალების გაცვლის ფორმატით.

„ორივე ტოტალიტარული რეჟიმი (საბჭოთა და ფაშისტური) ნაციების ფიზიკურ განადგურებასთან ერთად მათ შესახებ მეხსიერების წაშლასაც ცდილობდა“… „მადლიერი ვარ, რომ ამ პროექტმა დავიწყებული პოლონელების ისტორიების მოყოლის საშუალება მოგვცა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი