კინოხელოვნება

სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულისფერი გამოფენა“

11 თებერვალი, 2013 • • 3219
სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულისფერი გამოფენა“

ბროწეულისფერი გამოფენა
ბროწეულისფერი გამოფენა

ექსპოზიციაზე, რომელიც 9 თებერვალს გაიხსნა, კერძო კოლექციებიდან შეგროვილი სერგო ფარაჯანოვის მიერ შეექმნილი ნივთების, ქუდებისა და კოლაჟების გარდა, აგრეთვე წარმოდგენილია სცენარები, კოსტუმები ფილმიდან „ბროწეულის ფერი“ და „ამბავი სურამის ციხისა“. საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული და თაროზე შემოდებული მისი ხელოვნება ერთ სივრცეში გაცოცხლდა. აქამდე მეოცე საუკუნის უკანასკნელ გენიოსად აღიარებული კინორეჟისორის შემოქმედების მსგავსი რეტროსპექტივა საქართველოში არასდროს მომხდარა.

 

სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც მისი ერთ–ერთი პროფესორი უკრაინელი რეჟისორი ალექასანდერ დოვჟენკო იყო. საბჭოთა ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა რაღაც მის წინაამდეგ, იგი სამჯერ დააპატიმრეს, მათ შორის 1973 წელს ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც მხოლოდ 4 წლის შემდეგ დააღწია თავი, ცნობილი ფრანგი პოეტის ლუი არაგონის ძალისხმევის დამსახურებით. ფარანაჯოვთან მეგობრობდნენ და  თაყვანს სცემდნენ ისეთი პერსონალიები, როგორებიც იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ანჟეი ვაიდა…

 

“მე გამაჩნია სამი სამშობლო – წერდა ფარაჯანოვი – საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე.“ უკრაინისა და სომხეთის სახალხო არტისტად წოდებული სერგო ფარაჯანოვის მუზეუმები ფუნქციონირებს, ერევანში, კიევსა და პარიზში. თბილისში კი არათუ მუზეუმი, მისი სახლიც კი აღარ არსებობს. „ეროვნებით მთაწმინდელს“ (როგორც თვითონ ამბობს) საკუთარი ხელით მოწყობილი ბინა მთაწმინდაზე „ცისფერი აივნით“  ჩალის ფასად გაუყიდეს. იური მეჩეთოვი, რომელსაც სერგო ფარაჯანოვის ყველაზე ცნობილი ფოტო ეკუთვნის, ამბობს, რომ არც კი სჯეროდა, ფარაჯანოვთან დაკავშირებული ამდენი ექსპონატი თუ შეგროვდებოდა საქრთველოში და, საერთოდ, ეს გამოფენა  თუ  შედგებოდა.

 

2014 წელს ფარაჯანოვის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სრულდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხათუნა ხუნდაძე იმედოვნებს, რომ ბროწეულისფერი გამოფენა, არის ნიშანი იმისა, რომ მომავალ წელს თბილისში სერგო ფარაჯანოვის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდეს.

 

9 თებერვალს გახსნილი ექსპოზიცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი