ხელოვნება

„ვხატავთ ფიროსმანს“ – ვარიაციები ფიროსმანზე ქარვასლაში

28 იანვარი, 2013 • • 2767
„ვხატავთ ფიროსმანს“ –  ვარიაციები ფიროსმანზე ქარვასლაში

ვხატავთ ფიროსმანს
ვხატავთ ფიროსმანს

გამოფენაზე სახელოსნოს მოსწავლეების ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი, შექმნილი ფიროსმანის თემაზე და მათში აისახა ასოციაციები, რომლებიც ახალგაზრდა მხატვრებში დიდი მხატვრის შემოქმედებამ გამოიწვია.

18 წლამდე ასაკის მოსწავლეების მიერ შესრულებული 55 ნახატი, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, მთლიანად ფიროსმანის ცხოვრებითა და შემოქმედებითაა შთაგონებული. „ასეთია ჩემეული ფიროსმანი”, „ჩვენ არ გვიყვარს  გადმოხატვა“ – ამბობენ ახალგაზრდა მხატვრები. თითოეული ნახატი ფიროსმანის სიუჟეტებს იმეორებს, თუმცა შეცვლილი კომბინაციებით, ფერებითა და თავისუფალი ინტერპრეტაციებით, რომელიც თემისადმი ახალგაზრდა მხატვრის პიროვნულ დამოკიდებულებასა და ინდივიდუალურ მსოფლმხედველობას აჩვენებს. მაგალითად, ერთ–ერთ ნამუშევარში შავი ფონის ნაცვლად, მდინარეში ცის, ყვავილების და მზის ფონზე მდგარი „მეთევზე“ გვხვდება. ნახატის ახალგაზრდა ავტორის თქმით, მისთვის “ნათელი ფერები უფრო მისაღებია”. ერთ–ერთ ნახატზე – ფიროსმანი თანამედროვეობაში – მხატვარი შლაპითა და ყურსასმენებით არის დახატული.

ვხატავთ ფიროსმანს
ვხატავთ ფიროსმანს

გამოფენის გახსნას წინ საგანმანათლებლო პროგრამა უძღვოდა, სახელწოდებით “ვხატავთ ფიროსმანს”, რომლის ფარგლებშიც სახელოსნოს მოსწავლეებმა პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტებს ფიროსმანის საკუთარი აღქმა გაუზიარეს, ისაუბრეს მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფიაზე და შესთავაზეს შეექმნათ თავისუფალი ვარიაციები ფიროსმანის შთაბეჭდილებით.

საგანმანათლებლო პროგრამა თაობებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს და “თავისუფალ თემაზე შექმნილ ასოციაციურ აზროვნებას წარმოაჩენს, რაც ყოველთვის ახალ და ნოვატორულ მიგნებებს წარმოშობს ხელოვნებაში და განავითარებს დამთვალიერებლის წარმოსახვას”, – წერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ორგანიზატორების თქმით, თაობებს შორის ასეთი ფორმით გამართული დიალოგი მათი ინიციატივით შემდეგშიც გაგრძელდება.

შემოქმედებით სახელოსნო „ART-მარის“ გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში 8 თებერვლამდე  გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი