ხელოვნება

თეატრებში მმართველის სისტემის შეცვლაზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება [Video]

12 დეკემბერი, 2012 • 1584
თეატრებში მმართველის სისტემის შეცვლაზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება [Video]

დარბაზში შეკრებილთაგან ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კანონი ცვლილებებს საჭიროებს, ასევე იმაზე, რომ თეატრს არ უნდა ჰყავდეს ერთპიროვნული მმართველი, თუმცა უკვე ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი გამოითქვა.

შეკრებილი საზოგადოების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს ემხრობა, ნაწილი კი მას ერთ თეატრზე მორგებულ ცვლილებებს უწოდებს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის როგორც სახელმწიფო თეატრის სტრუქტურაში, ასევე, თეატრის მართვასა და ხელმძღვანელი პირების უფლება–მოვალეობებში.

ცვლილებების შეტანის შემთხვევაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. ის დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან და შემოქმედებით პერსონალთან. სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით ინიშნება თეატრის დირექტორი, რომელთან ერთადაც სამხატვრო ხელმძღვანელი ადგენს ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ტექნიკური ღონისძიებების გეგმას, თეატრის ხელმძღვანელი ასევე უფლებამოსილია უხელმძღვანელოს თეატრის სამხატვრო საბჭოს ან თეატრის სხვა სათათბირო ორგანოს.

როგორც რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა აღნიშნავს, ახალი შემოთავაზებით ინიციატორთა ნაწილს უნდოდა რეჟისორ რობერტ სტურუასთვის დაენახებინათ, რომ მისი ფუნქციების გაზრდა სურთ, სინამდვილეში კი  ამ კანონით სამხატვრო ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები იზღუდება:

“სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქციები იზღუდება იმ მხრივ, რომ ის უნდა იყოს ორიენტირებული როგორც შემოქმედებაზე, ასევე მთელი ამ სტრუქტურის მართვაზე. ამით ძალიან ვუმცირებთ მას შესაძლებლობას, რომ მთლიანად იყოს დაკავებული შემოქმედებით”, – განაცხადა ზაალ ჩიქობავამ.

ასე არ ფიქრობს პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია. მისი თქმით, სამხატვრო ხელმძღვანელი ფუნქციებს დირექტორთან გაინაწილებს:

“სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება საერთო ხელმძღვანელი და შემოქმედებითი საქმის განმსაზღვრელი, ხოლო ტექნიკური დირექტორი იქნება ტექნიკური მმართველი თუ რა სახელიც ექნება, ამაზე ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიდაოთ, ის გაუძღვება თეატრის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობას”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მსახიობი აკაკი ხიდაშელი თვლის, რომ წარმოდგენილი ინიციატივა მიუღებელია და ამის შესახებ კამათიც კი არ ღირს:

“იმდენად დრაკონულია შემოთავაზებული კანონი, რომ მხოლოდ კამათის საფუძველს კი არა, არამედ აღშფოთების საფუძველს იძლევა. ნუთუ “ნაციონალებისათვის” სამაგიეროს გადახდა იმაში გამოიხატებოდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდნილიყავით? რადგან “ნაციონალების” ხელში წინ წამოიწია მმართველის ინსტიტუტმა, ახლა თქვენ მეორე უკიდურესობაში გნებავთ გადახვიდეთ. იქნებ ეს ორივე მხარე რაღაცნაირად დავაბალანსოთ”, – განაცხადა აკაკი ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, მმართველი იქნება თუ მენეჯერი, თანდათან გაცილებით დიდ ფუნქციას იძენს, ამიტომ არ უნდა ხდებოდეს მმართველის ისე გაჭყლეტა, როგორც კომუნისტების დროს დირექტორის ფუნქცები იყო უგულვებელყოფილი.

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი თვლის, რომ საქართველოში არსებობს მაგალითები მმართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამშრომლობის, ამიტომ ერთი თეატრის მაგალითზე საუბარი არ უნდა ხდებოდეს:

“მე ვარ თეატრის მმართველი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ამიტომ გამონათქვამები, რომ ყველა ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობის” დანიშნული იყო, ძალიან გულზე მომხვდა. მგონია, რომ მმართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამშრომლობა შესაძლებელია, ამის მაგალითია ჩვენი თეატრი, მე ვაკეთებ ისეთ საქმეს, რაზეც სამხატვრო ხელმძღვანელის მოცდენა არ შეიძლება, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის კანონით უფროსი, ფუნქციები უნდა გადანაწილდეს”, – განაცხადა როზა დვალიშვილმა.

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი მაგიდის ფარგლებში განსხვავებული აზრები გამოითქვა, ყველა ადამიანის მიზანი ერთია, რომ თეატმა უკეთესად იფუნქციონიროს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამავე თემის განსახილველად კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა კიდევ გაიმართება:

“აქ არის განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს დაპირისპირებას არ ნიშნავს. თუკი მე რამე არ მომწონს, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აგიხსნათ, რატომ არ მომწონს. ჩვენ უნდა მივიდეთ საერთო აზრამდე და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი