ხელოვნება

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე რეაბილიტაცია შესაძლოა სასამართლოს ძალით შეჩერდეს

28 ნოემბერი, 2012 • 1051
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე რეაბილიტაცია შესაძლოა სასამართლოს ძალით შეჩერდეს

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც ექსპერტებმა და პროფესიონალებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მრგვალ მაგიდაზე მსჯელობის შედეგად მიიღეს, ჯერჯერობით ვერ სრულდება:

“იმ ნაგებობების მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისში მდებარეობს, მივმართეთ თბილისის მერიას და სხვა ინსტანციებსაც, რომლებსაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილების მიღება, თბილისის მერმა გაგვცა პასუხი საჯაროდ, რომ არანაირ პროცესს არ შეაჩერებს, ამიტომ ახლა უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ. ალბათ, თავიდან განვიხილავთ ამ საკითხს, რა ფორმით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რასაც ვითხოვდით, რომ დროებით შეჩერდეს ეს სამუშაოები და არა – სამუდამოდ, და მოხდეს ამ წინააღმდეგობრივი და მეთოდოლოგიის დარღვევით წარმართული პროექტების განხილვა ექსპერტთა საგანგებო ჯგუფის მიერ. სხვა გამოსავალი თუ არ იქნება, შესაძლებელია საქმე სასამართლომდეც მივიდეს”, – განაცხადა მარინე მიზანდარმა.

მისი თქმით, რეაბილიტაცია–რესტავრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა სხვა ქალაქებშიც:

“ჩვენ ველაპარაკეთ უკვე ბათუმის განათლების სპორტისა და კულტურის მინისტრს, იქაც რთულად არის საქმე, განსაკუთრებით ფოსტის შენობას რაც შეეხება, რადგან იქ სხვა ინსტანციებიც უნდა ჩაერიოს, ეკონომიკის სამინისტრო, და რაღაცნაირად ერთობლივი განხილვის საგანი უნდა გახდეს ეს პროექტი, რომელიც დაწყებით სტადიაშია და უნდა შეჩერდეს”, – აცხადებს მარინე მიზანდარი. მისივე თქმით, შესაძლოა რამდენიმე შენობის სიიდან ამოღებაც მოხდეს, მაგალითად, ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა, სადაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, თბილისის მერის უარი არ ნიშნავს იმას, რომ ის ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უკან დაიხევს:

“ის აზრი, რომელიც საზოგადოებამ წინა შეკრებისას გამოთქვა, მერიის უარით არ შეცვლილა, პირიქით, ეს ადამიანები აპირებენ, რომ დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. ისინი არიან პროფესიონალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არის რიგი ნაგებობების, რომელიც აფუჭებს ქალაქის იერს. არავითარ შემთხვევაში არ არიან ისინი ორიენტირებული, რომ დაინგრეს ან გაფუჭდეს რამე, პირიქით, ისინი ფიქრობენ, რისი გამოსწორება შეიძლება დღეს და რა შეიძლება იყოს სამაგალითო ხვალისთვის, რომ ხვალ ასეთი შეცდომა აღარ დავუშვათ. შეიძლება აღნიშნული საკითხი კიდევ გახდეს მრგვალი მაგიდის თემა”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ დეკლარაციის შემუშავება მოხდა, რომელშიც იმ ობიექტთა ჩამონათვალი შევიდა, რომელთა მშენებლობაც უნდა შეჩერდეს.

დეკლარაცია თბილისის მერიას გაეგზავნა, თუმცა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ აღნიშნული მშენებლობები ვერ შეჩერდება. მერის განმარტებით, იმ შენობების ნაწილში, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, მოსახლეობა ცხოვრობს და ისინი საკუთარი ბინების რეაბილიტაციის დასრულებას ელოდებიან. უგულავამ მზადყოფნა გამოთქვა, მშენებლობების კანონიერად მიმდინარეობასთან დაკავშირებით კულტურის სამინსიტროს ყველა საჭირო დოკუემტაცია გადაუგზავნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი