ხელოვნება

სეზონის დაგვიანებული გახსნა და შეჩერებული რეაბილიტაცია მესხიშვილის თეატრში [Video]

28 ოქტომბერი, 2012 • 2557
სეზონის დაგვიანებული გახსნა და შეჩერებული რეაბილიტაცია მესხიშვილის თეატრში [Video]

ვინ და რატომ ჩაშალა სეზონის გახსნა?

ბოლო 6 წლის განმავლობაში ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სეზონი ტრადიციულად 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით იხსნება სპექტაკლით – “ბამბაზიის სამოთხე”.

„როდესაც გაცხადდა, რომ ჩვენ არ ვაპირებდით სეზონის გახსნას და ვთამაშობდით მხოლოდ ერთ სპექტაკლს, როგორც სპექტაკლ-აქციას, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა”, – იხსენებს მესხიშვილის თატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მისი თქმით, ისეთი მასშტაბის სახელმწიფო თეატრი, როგორიც მესხიშვილია, იმდროინდელი მოვლენების მიღმა ვერ დარჩებოდა.

„ჩვენ დარბაზიდან ვაპირებდით ასვლას. ეს ჩემს ოთახში იყო დაგეგმილი, შეთანხმებული ყველაფერი. მე ვთქვი, რომ ჩავიდეთ დარბაზში, ერთად დავდგეთ, მე განვაცხადებ პოზიციას, სათქმელს, თქვენი სახელით, ჩემი სახელით და მერე დავიწყებთ სპექტაკლს.”

თეატრის დასი რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე აპირებდა პოზიციის გამოხატვას. ერთ-ერთი საკითხი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება იყო აფხაზეთის მიმართ, რომელიც მან ზუგდიდში გაახმიანა. სიხარულიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის სტრატეგია ზუსტად ემთხვეოდა „ბამბაზიის სამოთხის“ პათოსს.  ამ საკითხის გარდა, თეატრი ციხეში პატიმრების წამების ფაქტების დაგმობას აპირებდა სცენიდანვე.

“ქუთაისისთვის მესხიშვილის თეატრი არის არა მხოლოდ კულტურის კერა, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, ყველაფერი აქ იყრის თავს, ამიტომ ჰქონდათ ასეთი მცდელობა ჩვენი აზრის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი იმიტომ, რომ ჩვენი, მსახიობის, რეჟისორის სჯერათ ადამიანებს,“ – ამბობს მესხიშვილის თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

დასის მხრიდან მოსალოდნელი პროტესტის შეჩერების მიზნით სეზონის გახსნის ღამეს მესხიშვილში შუქი გამოირთო.

„შუქი რომ ჩაქრა, რაღაც საოცარი ქაოსი იყო აქ”, – იხსენებს თეატრის მსახიობი ავთო სახამბერიძე.

მსახიობები ამბობენ, რომ იმ დღეს სპექტაკლის სანახავად 800-მდე ადამიანი იყო შეკრებილი თეატრის შენობის წინ. სეზონის გახსნის ჩაშლის შემდეგ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართეს მსახიობებმა, თუმცა თეატრის მმართველი საზოგადოების წინაშე მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა.

“ზეწოლა იყო, ფიზიკურ ზეწოლაზე არ ვლაპარაკობ. როდესაც შენ შენი პოზიციის გამოხატვა გინდა და ამაზე მიდის მოლაპარაკებები, ეს თავისთავად გამოდის ზეწოლა,” – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

იმ ღამით მის სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წარმომადგენელი გაგა კოხრეიძე, ასევე მას პირისპირ საუბარი ჰქონდა ქალაქის მაშინდელ მერთან, ამჟამად კი პარლამენტარ გიორგი თევდორაძესთან.

“მე ჩავთავალე საჭიროდ, რომ იმ განცხადების შესახებ მეთქვა გიორგისთვის, რის გაკეთებასაც ვაპირებდი,” – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

თეატრის მმართველმა, რომელიც იმავდროულად ქალაქის საკრებულოს წევრი გახლდათ, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა საკრებულოს, თუმცა შესაბამისი განცხადებით მას საკრებულოს აპარატისთვის აღარ მიუმართავს.

“როცა განცხადება გავაკეთე სხვა პოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში, მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის, მაშინ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ახლა რა გამოვიდა, იცით, თითქოს მე ვთქვი და გადავთქვი, არ არის ეგრე. ეს ზუსტად იგივე გზა არის. ახლა არის ყველანაირი საშუალება იმისა, რომ ის ცვლილებები, რომელიც ხდება, იმ ქალაქში, სადაც მე ვარ, დავაფიქსიროთ და შევცვალოთ, საკრებულოს სახით,” – ამბობს გიორგი სიხარულიძე.

თეატრის შეჩერებული რეაბილიტაცია

 

რეაბილიტირებული მესხიშვილის თეატრი მიმდინარე წლის 2 მაისს გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა თეატრის მმართველი ამბობს, რომ არ აპირებს ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული.

თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და რამდენიმე ეტაპად უნდა განხროციელებულიყო. დაგეგმილი იყო თეატრის ჩუქურთმებიანი ფასადის აღდგენა, ეკლარის პერანგის დასუფთავება, საძირკვლის გამაგრებითი სამუშოები, იარუსების, პარტერისა და ჰოლის სრულად აღდგენა, ჭერის მოხატვა და სკამების გამოცვლა, სცენის მოწყობა, თანამედროვე აპარატურის და განათება-გახმოვანების სისტემების მონტაჟი.

რეაბილიტაციისთვის ამ დრომდე 2 048 321 ლარია დახარჯული. აღნიშნული თანხა სამ კერძო კომპანიაზე გადანაწილდა.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარ სპეციალისტ ზაალ კუხიანიძის თქმით, სცენის რეაბილიტაცია, იატაკის მოწყობა, განათებისა და აპარატურის გამოცვლა კომპანია „ეს ეს ჰაუს დეკორმა“ განახორციელა 642 452 ლარად. ამავე კომპანიამ გაარემონტა ფოიეები და საგრიმიოროები, რისთვისაც 935 879 ლარი მიიღო.

თეატრის გარესამუშაოების წარმოებისთვის შპს “ნინოს” 259 668 ლარი გადაერიცხა.

კიდევ ერთი ფირმა – შპს “ექსპოგრაფია”, რომელსაც 999 999 ლარად სკამები უნდა შეეძინა და დაემონტაჟებინა დარბაზში, თუმცა იმის გამო, რომ უხარიხსო სკამები იქნა დამონტაჟებული, სამუშაოები ქუთაისის მერიამ არ ჩაიბარა.

თეატრის რეჟისორი პაატა მილორავა თეატრის რეაბილიტირებულ შენობას “პოტიომკინის სოფელს” ადარებს.

„პირველ სართულზე გაკეთდა საგრიმიორო, მაგრამ შიგნით ტუალეტი, წყალი, დუშკაბინები, ესენი ჯერ არ ფუნქციონირებს, წყალი არ არის. უხარისხოდ გაკეთებულია,“ – ამბობს მსახიობი მარიკა სამანიშვილი.

“ნოემბრიდან გათბობა უნდა ჩაირთოს. გახედეთ გარეთ, ფანჯრებიც არ არის. ფანჯრები უნდა იყოს ჩასმული, რომ გათბეს შენობა, ხომ?“  – ამბობს მსახიობი ავთო სახამბერიძე.

„ჩვენ არ ჩაგვიბარებია ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს და რაც უხარისხოა. ამას ჩვენი თქმაც არ ჭირდება. აი, ,განცხადება გააკეთოს თეატრმა, რომ უხარისხოა. ეს არ არის ხელოვნების ნიმუში, რომ ვიღაცას თავისი გემოვნებით მოეწონოს, ან არ მოეწონოს. ამას არ ჭირდება არც განცხადება, არც არაფერი,“ – აცხადებს გიორგი სიხარულიძე.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ამბობს, რომ თეატრის ხელმძღვანელობას მისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მსგავსი პრობლემების თაობაზე. მისი თქმით, კონტრაქტის თანახმად, კომპანიების ვალდებულნი არიან გამოასწორონ ხარვეზები ხუთი წლის განმავლობაში:

“თუკი შეგვატყობინებენ პრობლემის შესახებ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ მაგ საკითხს რეაგირება მოვაყოლოთ,“ – ამბობს ზაალ კუხიანიძე.

მისივე თქმით, თეატრის რეაბილიტაცია ორ ეტაპად არის გაყოფილი და მეორე ეტაპი მომდევნო წელს დაიწყება, რის შედეგადაც განხორციელდება თეატრის სრული რეაბილიტაცია.

 

***

მესხიშვილის თეატრი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. თეატრი ამ შენობაში 1954 წელს გადავიდა. 1861 წელს ისტორიკოს დ. ბაქრაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიმართა პირველი წარმოდგენა– გიორგი ერისთავის “გაყრა”. მეორე წარმოდგენა ა. წერეთელმა 1862 წელს გამართა. 1880-იან წლებში თეატრს კოტე მესხი უდგება სათავეში. 1890-იან წლებში თეატრს ლადო მესხიშვილი ხელმძღვანელობს. თეატრის ისტორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 1928-1930 წლები, როცა ორი წლის განმავლობაში მას კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა.

მესხიშვილის თეატრი
მესხიშვილის თეატრი

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი