ხელოვნება

იშხანი რესტავრაციისთვის ემზადება

10 სექტემბერი, 2012 • 2933
იშხანი რესტავრაციისთვის ემზადება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იშხანის რესტავრაცია უნდა დაიწყოს, გასულ კვირას, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთის” მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, სადაც თურქმა არქიტექტორებმა იშხანის რესტვარაციის პროექტი წარადგინეს. პროექტი თურქეთში გამართულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ანფორამ” შეადგინა. 

 

პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, სერდა თორუსმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მათ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობა შეისწავლეს:

 

„დავხაზეთ ეკლესიაში არსებული სიტუაციის პროექტი, დაზიანებები და მასალა გავაანალიზეთ. მეორე ეტაპზე რესტიტუცია ჩავატარეთ, რაც პირვანდელი სახის აღდგენას ნიშნავს. ეს ყველაფერი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განვახორციელეთ. ბოლოს შევქმენით რესტიტუციის პროექტი, სადაც ინტერვენციის ტექნიკური მხარეები გადავწყვიტეთ“. 

 

არქიტექტორ დავით ხოშტარიას, რომელიც თურქი სპეციალისტების იშხანზე გაკეთებულ მოხსენებას ესწრებოდა, პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს: „არის საკითხები, რომლებიც სათანადოდ დამუშავებული არ არის. პირველ რიგში, ეს ეხება გეოლოგიურ კვლევას, რომლის გარეშეც ასეთი ამბიციური გეგმები – აღდგენა, გადახურვა, შეუძლებელია. თუ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ფუნდამენტი, ვერ გავრისკავთ კედლებზე ზედმეტი სიმძიმის დაწოლას“. 

 

სერდა თორუსი ამბობს, რომ გეოლოგიური კვლევა ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ჩაატარეს, მაგრამ, მისივე თქმით, ეს კვლევა რეკონსტრუქციისას ჩატარდება. 

 

თურქი სპეციალისტები ამბობენ, რომ მუშაობისას გადიოდნენ კონსულტაციებს ქართულ მხარესთან.

 

„ეკლესიის ისტორიული ფასეულობის გამო, ეს კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს სერდა თორუსი. 

 

შეხვედრები იშხანის რესტავრაციასთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეს შორის ბათუმშიც იმართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს გიორგი გაგოშიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, პროექტი საკმაოდ კარგად არის გაკეთებული, მაგრამ არსებობს გარკვეული კითხვები:

 

„გათვალისწინებული უნდა იყოს ფრესკული მხატვრობის კონსერვაცია, თუმცა ისინიც საუბრობენ კონსერვაციაზე. და ეს მიდგომა, გადაიხუროს უნდა თუ არა მთელი დასავლეთის მკლავი, თუ კონსერვაცია მოხდეს და მხოლოდ გარეგნულად გადაიხუროს, რომ წვიმა არ ჩავიდეს და რეალურად ძველ კედლებს მოვაცილოთ ეს სიმძიმე – ამაზე მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო. მიდგომები სხვადასხვაა“.

 

ამ შენიშვნაზე სერდა თორუსი ასე პასუხობს: „რაც შეეხება ფრესკებს, განსაკუთრებით გუმბათისათვის, საჭიროა ხარაჩოების აშენება. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან არ გვაქვს საკმარისი ცოდნა. სპეციალისტების მოწვევისა და ხარაჩოების აშენების შემდეგ ინტერვენცია ყველა ფრესკისთვის სათითაოდ გადაწყდება და ეკლესიის ყველა ნაწილს შეეხება“. 

 

რამდენად იქნება გათვალისწინებული ქართველი სპეციალისტების მოსაზრება იშხანის რესტავრაციისას, მაშინ როცა პროექტი უკვე დამტკიცებულია და თურქულ მხარეს სამუშაოების შესრულებაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული? გიორგი გაგოშიძე იმედოვნებს, რომ ქართველი სპეციალისტების აზრს გაითვალისწინებენ:

 

„თურქეთში არის ასეთი წესი, სამუშაოების დაწყებისას პროექტს ხელახლა ამოწმებენ, თუ დამატებით რაიმე კვლევაა გასაკეთებელი – ტარდება. პროექტი წარმოების დროს კიდევ უფრო დაკონკრეტდება და ქართული მხარის მოსაზრებებიც იქნება გათვალისწინებული“.

 

კომპანია „ანფორა“ ამჟამად ოშკის რესტავრაციის პროექტზე მუშაობს. სერდა თორუსი ამბობს, რომ უკვე ჩაატარეს ოშკის გაზომვითი სამუშაოები და ნახაზის შედგენაზე იწყებენ მუშაობას. მისი ინფორმაციით, ოშკის რესტავრაცია მინიმუმ ერთ წელიწადში უნდა დაიწყოს.

 

უცნობია, როგორ გადაწყდა ქართულ-თურქულ მხარეებს შორის აზიზიეს მეჩეთისა და ქართული ძეგლების ნაცვალგების საკითხი. ამ თემამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა ბათუმში გამოიწვია –  ბოლო ერთ წელში რამდენიმე საპროტესტო აქცია და წირვა გაიმართა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე გმირთა სკვერში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აზიზიეს მეჩეთის აგება იგეგმებოდა. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არც თურქული და არც ქართული მხარე არ ავრცელებს.

 

თურქეთში კი ტენდერის გამოცხადებიდან 60 დღეში, ოქტომბრის ბოლოს, ცნობილი უნდა გახდეს იმ კომპანიის ვინაობა, რომელმაც უძველეს ქართულ ძეგლზე მუშაობა, ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოების დაწყებიდან 400 დღეში უნდა დაასრულოს. სატენდერო დოკუმენტში მითითებული არ არის, რა თანხას დახარჯავს თურქეთის სახელმწიფო იშხანის რესტავრაციისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი