კომენტარი

TOA 2015 – ეიფორიისა და უკმარისობის ტურბულენტურ ზონაში

11 ივლისი, 2015 • • 1626
TOA 2015 – ეიფორიისა და უკმარისობის ტურბულენტურ ზონაში

ღია საფესტივალო კულტურა საქართველოში ეს-ესაა ჩანასახის სტადიიდან გამოდის და იშვება, როგორც ნაყოფი, რომელმაც მომავალში უხვად უნდა მოისხას, თუკი ორგანიზატორები, მუსიკოსები და მსმენელი, როგორც ერთმანეთის გულშემატკივრები, დავსხდებით და ყოველი ასეთი ივენთის შემდეგ, ეიფორიასა და აღფრთოვანებასთან ერთად, კრიტიკასაც გავუზიარებთ ერთმანეთს. ეს, რაც ახლა ვთქვი მე, მარტივი ჭეშმარიტებაა იმ ქვეყნებისა და საზოგადოების მუსიკალურად და კულტურულად აქტიურ ნაწილში, საიდანაც უხვად მოგვდის ამბები Glastonbury-ს, Coachella-სა თუ Lollapalooza-ს ფესტივალების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მარტივი ჭეშმარიტება გამაოგნებელი ნიუსია ზოგი ქართველი მუსიკოსისა თუ ზოგიერთი ორგანიზატორისთვის.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც საპრომოუტერო კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენში“ ვმუშაობდი, გადავწყვიტე რევიუ დამეწერა, ფაქტობრივად კონკურენტი კომპანიის, „ალტერვიჟენ გრუპის“ ივენთის – ნიუქამერს ფესტივალის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკა ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ხელოვნების ყველაზე საყვარელი ფორმა, რომელზეც თინეიჯერობის ასაკიდან ვწერდი, რაღა დაგიმალოთ და უხერხულობის განცდაც კი არ გამჩენია, რომ კონკურენტი კომპანიის ივენთზე უნდა დამეწერა. „კონკურენცია“, „ინტერესთა კონფლიქტი“ და სხვა მსგავსი ტერმინები სრულიად უცხო იყო ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც სრულიად დარწმუნებული ვიყავი და ვარ დღემდე, რომ ერთადერთი, ყველაზე ძლიერი იარაღი, რითაც თავისუფლად შევძლებდი ამ მარკეტინგული ტერმინებისგან განყენებით დადგომასა და მუსიკალურ ივენთზე „ობიექტურად“ (რა საშინელი სიტყვაა?) დაწერას, იყო თავად მუსიკის სიყვარული.

ასეც ვქენი. იმ წელს, სპორტის სასახლეში ჩატარებულ ნიუქამერსზე ჩემი სახით დარბაზში იჯდა არა „კონკურენტი კომპანიის წარმომადგენელი“, არამედ უბრალოდ, მუსიკის მსმენელი. აუღელვებლად დავწერე რევიუ ნიუქამერსზე, ჩამოვთვალე აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მომეწონა და მგონი ერთადერთი, რაც არ მომეწონა – საუნდი.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მე და ვახო ბაბუნაშვილი, მუსიკოსი, „ალტერვიჟენ ჯგუფის“ დამფუძნებელი და ნიუქამერსის ორგანიზატორი, ერთად ვიყავით მიწვეული. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მეხამუშა. რატომღაც წარმომედგინა, რომ ახსნა-განმარტება მომიწევდა ვახოსთან ჩემი, როგორც „კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლის“ კრიტიკული შენიშვნებისთვის, რაც ივენთის  მიმართ მქონდა. ძალიან მეზარებოდა მოსალოდნელი კამათი იმაზე, რაც ჩემი აზრით, კამათს არ ექვემდებარებოდა.

მოხდა ისე, რომ გადაცემის ჩაწერის წინ ვახომ გულითადი მადლობა გადამიხადა „ძალიან კარგი და კრიტიკული რევიუსთვის“. პირადად ჩემთვის ეს გახლდათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიიღო კრიტიკა მუსიკოსმაც, პრომოუტერმაც, ზოგადად, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელმა და შემდეგ ეს კრიტიკა, როდესაც ის საფუძველს მოკლებული არ არის, შენსავე სასიკეთოდ გამოიყენო.

კრიტიკის სწორად გამოყენების შედეგი კი არის ის, რომ პირველი, 2009 წელს ლამის თბილისის მასშტაბითაც კი შეუმჩნეველი, შარდენის ვიწრო ქუჩაზე დაბადებული ფესტივალი რამდენიმე წელიწადში რეგიონის ყველაზე დიდ და მასშტაბურ ივენთად იქცა, რომელსაც ახლა უკვე საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი ბენდები ყავს ჰედლაინერად. რა მოხდებოდა, რევიუს წაკითხვის შემდეგ, ვახო ბაბუნაშვილს კრიტიკოსებისთვის რომ დაერეკა და ეთქვა: „დაგაჯვით თავზე“?

დღეს დაახლოებით ასე მოგვიხსენია ფესტივალის ზოგი კომპონენტის კრიტიკოსები ორგანიზებაში ჩართულმა ერთ-ერთმა პირმა (რომლის ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიც, სხვათა შორის, ძალიან მომწონდა). მიზეზი? მიზეზი ის, რომ ფესტივალის რამდენიმე მონაწილის შესრულებითა და ზოგიერთი დღის საუნდით კმაყოფილი არ დავრჩი.

გადავიდეთ ისევ მარტივ ჭეშმარიტებებზე, ცოცხალი მუსიკის ანა-ბანაზე, რომელიც იცის ყველამ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა თანამედროვე მუსიკალურ ცხოვრებაში, ორგანიზებაში, წარმოდგენა აქვს თუნდაც ერთ საერთაშორისო ფესტივალზე და თუნდაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ცოცხალი კონცერტის რევიუ. იცის ყველამ, ვისაც აქვს ყური, რაკიღა ყური მთავარი ორგანოა, რომლითაც მოსმენილ მუსიკას აფასებ. ცოცხალი მუსიკით სრული კმაყოფილებლის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორი: ხმის აპარატურა, მისი სიძლიერე, რაოდენობა, მუსიკოსის მიერ ინსტრუმენტის საფუძვლიანი ცოდნა და ფლობა, ხმის რეჟისორის პროფესიონალიზმი და ამინდიც კი. (რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობ განწყობასა და მუსიკალურ პრეფერენციებზე. ეს აქ არაფერ შუაშია)

საკმრისია ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ერთი მაინც დაგაკლდეს, რომ ბევრ რამეს აზრი ეკარგება. ან მუსიკა არ მოგეწონება, ან შესრულება, ან საუნდი. განურჩევლად იმისა, რომელი ფირმის და რა სიძლიერის აპარატურა დგას სცენაზე. ყოველ შემთხვევაში, გაგიჭირდება იმის თქმა, რომ საუნდით კმაყოფილი დარჩი.

ეს კომპონენტები, მიუხედავად Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორების მცდელობისა, უკვე წელს ჰქონოდათ საუკეთესო საუნდ პროდაქშენი, რაც კი აქამდე ჰქონიათ, ფესტივალის მსვლელობისას მაინც დღიდან დღემდე, არტისტიდან – არტისტამდე იცვლებოდა და, ბუნებრივია, ჩემი, როგორც მსმენელის დამოკიდებულებაც იმედგაცრუებიდან სრულ ეიფორიამდე და პირიქითაც მერყეობდა. რაკიღა, როგორც უკვე ვთქვით, მნიშვნელობა ეკარგება სცენის წინ JBL-ის ხმის სისტემის დაკიდებას, Mayer Sound-ის თუ L’acoustic-ის, თუკი მუსიკოსმა ან დაკვრა არ იცის, ან მუსიკა არ მოგწონს, ან საუნდს წნევა და სიძლიერე აკლია.

ასე იყო, როდესაც წლევანდელ ოფენ ეარზე გაუგებარი რუსული ჯგუფი Cyxue უკრავდა, მინდვრის დატოვება მინდებოდა. როდესაც წლევანდელი ლაინაფის პირადად ჩემი ფავორიტი The Tiger Lillies გამოვიდა, უკმარისობის განცდა დამრჩა. მივხვდი, რომ ამ ბენდს საუკეთესოდ მხოლოდ თეატრში მოვისმენდი. მუსიკოსების ქაოტური შესრულება არ მომეწონა The Black Marrows-ზე. სამაგიეროდ აბსოლუტურ ეიფორიაში ჩამაგდო Soap & Skin-ისა და Archive-ს ტანდემმა – ორი ასეთი არტისტი, ასეთი მუსიკითა და შესრულებით, ასეთი საუნდით, თანაც, ერთმანეთის მიყოლებით? როგორ არ ვთქვა, რომ თბილისში ასეთი მაგარი რამ ცოცხლად პირველად მოვისმინე?

Soap & Skin-ისა და Archive-ს ეიფორიამ ფაქტობრივად გადაფარა მთელი შემდეგი დღეების ლაინაფი, ფინალურ დღემდე, Placebo-მდე. Tbilisi Open Air-ისა და ზოგადად, ბოლო წლების ქართული მუსიკალური ცხოვრების ყველაზე მსუყე ლუკმა – Placebo ნამდვილად იყო ის ლუკმა, რომლის გადაყლაპვის შემდეგაც, წესით, ოდნავადაც კი არ უნდა მეფიქრა, რომ რამე დამაკლდა. თუმცა, ისევ და ისევ, ვინც თვალებისა და ემოციების გარდა მუსიკას ყურითაც უსმენთ, ყველა დამეთანხმება, რომ ერთადერთი, რაც მათ ფინალურ გამოსვლას აკლდა, ეს იყო წნევა. სწორედ ის წნევა, ჩვეულებრივი ვიბრაცია, რომელიც ასეთი ბენდების კონცერტზე პირდაპირ ფეხის გულებში გირტყამს და ფიზიკურად ვრცელდება მთელ სხეულზე, ყურების ჩათვლით.

ეს წნევაა, ლაივზე საკუთარი ხმასაც რომ უნდა გიხშობდეს, მე კი, პირდაპირ ხმის რეჟისორის პულტთან მდგომი, ჩემს გვერდზე მყოფ მეგობარს  ისე ვესაუბრებოდი და ვუზიარებდი შთაბეჭდილებებს პლასებოზე, ისე მოვიკითხე იქვე ერთი-ორი ნაცნობი, რომ ხმის აწევაც კი არ მჭირდებოდა, სამწუხაროდ.

მიუხედავად ხარვეზებისა, არის სხვა, ზოგადი კომპონენტები, რაც ჩემი აზრით Tbilisi Open Air-ს რეგიონის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად აქცევს: ის არის ამ ფორმატის პირველი, შეიძლება ითქვას, პიონერი ფესტივალი კავკასიაში. არის რეგულარული და მზარდი: მისი ლაინაფიც, მასშტაბებიცა და დამსწრეთა რაოდენობაც, საბედნიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება. ხოლო სლოგანისა და მონაწილე ბენდების დამსახურებით, გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ფესტივალზე, ყოველწლიურად, ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო – ყველაზე ღია, გახსნილი, თავისუფალი, ფერადი და კულტურული ნაწილი იკრიბება. ყოველგვარი შოვინიზმისა და პატრიოტული პათეტიკის გარეშე, ისედაც დიდი ხანია ვთვლი, რომ ქართული პუბლიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, გულმხურვალე და, რაც მთავარია, ადეკვატური პუბლიკა, რაც კი მსგავსი სახის ივენთებზე მინახავს ცოცხლად თუ ციფრულად. წლევანდელი ფესტივალი ამის კიდევ ერთი ცხადზე-ცხადი დასტური იყო.

ზოგიერთ ქართველ მუსიკოსსა თუ ზოგიერთ ორგანიზატორს მხოლოდ იმას ვურჩევდი, ცოტა ხშირად იკითხონ მუსიკალური პრესა. შეიძლება უეცრად აღმოაჩინონ, რომ, მაგალითად, საკუთარი ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, კენი ვესტიც კი შეიძლება გახდეს არათუ უბრალო, არამედ თავზარდამცემი კრიტიკის ობიექტი არათუ ოფენ ეარის, არამედ მთლად გლასტონბერის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის ჰედლაინერობის შემდეგ. სრულიად ადვილად, მხოლოდ იმის გამო, რომ განურჩევლად საუნდ პროდაქშენისა და ორგანიზებაში დაღვრილი ოფლისა, ტიპმა უბრალოდ ცუდად შეასრულა.

Tbilisi Open Air-ის წლიდან-წლამდე გაზრდა, გაუმჯობესება და წლევანდელი ფესტივალის რამდენიმე ბენდი, რომელმაც სრულ ეიფორიაში ჩაგვაგდო მსმენელი, იმის იმედს ნამდვილად გვაძლევს, რომ მომდევნო წლებში ორგანიზატორები კიდევ უფრო ნაკლებ საწუწუნოს დაგვიტოვებენ მათ, ვინც ზოგისთვის ჰეითერებად აღვიქმებით, ხოლო ზოგისთვის, (ვისაც კულტურა და ცოდნა ამის საშუალებას აძლევს) – კრიტიკოსებად, ან უბრალოდ, მუსიკის და მათ შორის, ქართული მუსიკის მოყვარულ გულშემატკივრებად.

სხვა ყველაფერი კი, აი, ეს საოცარი შეკითხვები: „რატომ ხედავთ ცუდს?“, „რატომ გიყვართ კრიტიკა?“, „რატომ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში?“ – ეს კითხვები, რომლებიც სრულიად უადგილოდ ხან პოლიტიკოსებისგან ისმის, ხან პრომოუტერებისგან, ხან მრევლის, მუსიკოსებისა თუ კინორეჟისორებისგან, ბანძი ლირიკაა და მეტი არაფერი. 

Tbilisi Open Air 2015
Tbilisi Open Air 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი