ახალი ამბები

ნინო გოგუაძე ადამიანის უფლებებისთვის

17 აპრილი, 2014 • • 2799
ნინო გოგუაძე ადამიანის უფლებებისთვის

“ჩვენს სახელმწიფოში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს. კანონის უზენაესობის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს უკლებლივ ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა. კანონის უზენაესობის დამკვიდრება ნიშნავს იმასაც, რომ კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს ადამიანი, სახელმწიფო და საზოგადოება. არც ერთ ადამიანს ან ინსტიტუტს მიენიჭოს უპირატესობა, მიუხედავად მათი ეკონომიკური მდგომარეობისა, რეალური ძალაუფლებისა თუ გავლენისა. 

 

ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში. 

 

თანამედროვე, დემოკრატიული სახელწმიფოს მთავარი ღირებულება არის ეს მთავარი უმცირესობა, უკიდურესი უმცირესობა, ანუ ყოველი ჩვენგანი. თუ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ, რომ თუ სახელმწიფოში რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, ე.ი. იწყება ყოველი ჩვენგანის უფლების დარღვევა. იქნებ ვინმეს მართლაც ურჩევნია ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ადამიანი უფლებააყრილი და მეორეხარისხოვანი არსებაა? ასეთებს ვეტყვი, რომ იქ, სადაც ადამიანს მეორეხარისხოვანი როლი აქვს, ასეთ სახელმწიფოში ტოტალიტარული სახელმწიფო და ჩაკეტილი, იდეოლოგიზირებული საზოგადოება ვითარდება და ვისაც ასეთ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება, სწორედ ის დაიწყებს უმცირესობების ძიებას, რათა უმრავლესობის სახელით შეულახოს მას თანასწორობის უფლება, მაგრამ რადგან  თავისუფალ სახელმწიფოს ვამკვიდრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყოველი ჩვენგანის და ნებისმიერი უმრავლესობის უფლებები დამყარებულია უმცირესობების უფლებებზე. ცივილზიებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ჯგუფის წევრების რაოდენობა არანაირად არ ნიშნავს უპირატესობას მისი წევრებისათვის, რადგან ჩვენ ყოველთვის და ყველგან თანაბარი ვართ კანონის წინაშე, თანაბარი ვართ ჩვენი თავისუფლების და პასუხისმგებლობის წინაშე.


თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა არ იყო საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირი არ უშვებდა განსხვავებული ადამიანების არსებობას და ყოველმხრივ ებრძოდა მათ. ვისაც დღესაც ენატრება საბჭოთა კავშირი, ან დღესაც რუსეთისკენ უჭირავს თვალი, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირი საშინელება და ბოროტება იყო ორი ძირითადი მიზეზის გამო. საბჭოთა კავშირმა მოსპო და გაანადგურა ქართული და არა ამრტო ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და მეორე, საბჭოთა იმპერია, რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთია, მეთოდურად ნერგავდა და კრძალავდა დამოუკიდებელ აზროვნებას, დამოუკიდებელ არჩევანს და დამოუკიდებელ მოქმედებას. ადამიანებს სხვისი ნაფიქრალით უნდა ეფიქრათ, სხვისი არჩევანით უნდა ეხელმძღვანელათ და სხვისი მითითებით უნდა ემოქმედათ. ამ პოლიტიკამ საკმაოდ, სამწუხაროდ, ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა, რადგან ზოგ ადამიანს მოუხსნა პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ დღესაც არსებობენ ჩვენ შორის ასეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე არ ვიფიქრებ, ვინმე სხვა გადაწყვეტს ჩემს ნაცვლად და სხვა იმოქმედებს და მე მას მხოლოდ ბრმად გავყვები, ასეთ ადამიანები, სამწუხაროდ, უარს ამბობენ თავისუფლებაზე და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის თავისუფლებასაც უქმნიან საფრთხეს. ამიტომ მე არ მჯერა, რომ ჩვენ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან საკუთარ თავისუფლებაზე და თავისუფალ აზროვნებაზე,  არ მჯერა იმიტომაც, რომ აქ, ამ ქვეყანაში დაიბადა ვაჟა ფშაველა, ყველაზე თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი აზროვნებით, რომელმაც თავისი გენიალური პოემით “ალუდა ქეთელაური” გითხრა ერთი ფუნდამეტური სიბრძნე, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ვერსად გაექცევი და ვერსად დაემალები. მან გვითხრა, რომ ადამიანისთვის ღირსებაა მთავარი და როცა შენს გვერდით სხვა ადამიანს ღირსებას ულახავენ, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მტერიც რომ იყოს შენი, მისი ღირსების შელახვა შენი ღირსების შელახვაა, ხოლო ასეთი საზოგადოება თვითკმაყოფილ ჯოგად გადაიქცევა და კაპიკია მისი ფასი. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული ტრადიციების საუკეთესო ნაწილი, სოწრედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ქართული კულტურა და ამიტომაც არის ის ევროპული. 


საქართველო უნდა გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმფციის და კანონის გარდუვალობის პრინციპები, რომ ყველა ერთი იყოს კანონის წინაშე და არ მოხდეს ადამიანების დაყოფა, დახარისხება, დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ, თავისუფლებმა სხვადასხვა ფობიებისგან, შურისძიების გრძნობისგან, ღირსების მქონე, თანაგრძნობის და პატიების უნარის მქონე ადამიანებმა, რომლებიც ისე დაიცავენ მათგან განსხვავებული ადამიანების ღირსებასა და უფლებებს, როგორც საკუთარს. ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ იმისთვის, რომ ადამიანი გადავარჩინოთ საქართველოში და გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში.”



მასალების გადაბეჭდვის წესი