დღეს, 13 აგვისტოს, გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის „განსხვავებული მოსაზრება“, რომელიც შეეხება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის აკრძალვას საბაბით, რომ ეს, თითქოს, ფეხით მოსიარულეებს აბრკოლებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა ტროტუარის საქმეთა წარმოება 2025 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული, ათობით დემონსტრანტს შეუფარდეს პატიმრობა პარლამენტის წინ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის.

ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვა რამდენიმე პირმა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი ითხოვდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე საკანონმდებლო ნორმების შეჩერებასაც. საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო საქმეების განხილვა, მაგრამ არ შეაჩერა მათი მოქმედება.

ნორმების შეჩერებას მხარს უჭერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე, თუმცა, როგორც ადვოკატი გიორგი ბურჯანაძე წერს, ის უმცირესობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაში.

„მისი განმარტებით, მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების პატიმრობით დასჯა, იმგვარ შეზღუდვას იწვევს, რომელმაც პირს შეიძლება უარი ათქმევინოს გამოხატვაზე და ამიტომ იწვევს გამოუსწორებელ ზიანს, რომელიც ვეღარ აღდგება:

„26.. რაც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან თავის შეკავებით გამოწვეულ ზიანს, ვფიქრობ, მსგავსი ზიანი, თავისი ბუნებით, ვერ ექვემდებარება შემდგომ სრულ აღდგენას. […] თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება.“

დიდი მადლობა გიორგის! ის დასტურია იმის, თუ რამდენი უბედურების თავიდან აცილება შეიძლება ქვეყანაში, დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვქონდეს!“ — წერს გიორგი ბურჯანაძე.

თავის განსხვავებულ მოსაზრებაში მოსამართლე კვერენჩხილაძეს მოჰყავს ისეთი არგუმენტებიც, რომელთაც ადვოკატები ტროტუარის საქმეთა განხილვისას ხშირად აყენებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მოსამართლეები არასდროს ითვალისწინებდნენ. მაგალითად:

  • „ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხალხის გადაადგილების დროებითი შეფერხება შესაძლოა, მრავალი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევით, კომერციული, სამშენებლო საქმიანობებითა თუ სხვა გარემოებებით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს გადაადგილების თავისუფლების გარკვეული ხარისხით შეზღუდვას, სახელმწიფოს არცერთ ვითარებაში არ მიუჩნევია თავისუფლების აღკვეთა მსგავსი ინტერესის დაცვის აუცილებელ სამართლებრივ მექანიზმად და, ზოგადადაც, ქვეითად გადაადგილების თავისუფლების დროებითი შეზღუდვა არ წარმოადგენს ისეთ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც, დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში, ჩვეულებრივ, თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება.“
  • „სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციის სიმკაცრე არა მხოლოდ ქმედების გასაკიცხაობის ხარისხზე მიუთითებს, არამედ იმ „მსუსხავი ეფექტის“ ინტენსივობაზეც, რომელიც მას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე შეიძლება ჰქონდეს.“

როგორ დაიწყო ტროტუარის კანონის აღსრულება, წაიკითხეთ აქ — შექმნის “ოცნება” პრეცედენტს და დაიჭერენ მომიტინგეს მხოლოდ და მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის?

12 დეკემბრამდე, ისედაც რეპრესიული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებამდე, როდესაც პროტესტის ჩასახშობად და მსუსხავი ეფექტის შესაქმნელად მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საბაბით აპატიმრებდნენ, მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პროცესებზე ეკითხებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ შემდეგ კი 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.

2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედებული ცვლილებებით ისჯება ტროტუარზე დგომაც. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში კი — სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე პატიმრობით.

ტროტუარის გამორჩეული საქმეები ნეტგაზეთის არქივიდან: