ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანი ცნეს სამართალდამრღვევად იმის გამო, რომ პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე იდგნენ მშვიდობიანად.

ეს შსს-ს წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა განმარტეს, როგორც – “ტროტუარზე დგომით სხვა მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა”. სამართალდამრღვევად გამოცხადებულთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 4 ან 5 დღით.

ტროტუარზე დგომის გამო გამართულ სასამართლო სხდომებს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც მოქალაქეები ვალდებულები არიან შსს-ს წინასწარი შეუთანხმონ მათ მიერ თუნდაც ტროტუარზე დაგეგმილი აქციის დრო და მისამართი. უფლებადამცველების შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს გაფრთხილების ვალდებულების შესახებ ჩანაწერი პრაქტიკაში აქციოს ნებართვების მექანიზმად, როცა შსს განსაზღვრავს, ექნება თუ არა უფლება მოქალაქეს, ჩაატაროს აქცია მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. ხოლო, თუ ასეთი ნებართვა არ ექნება და აქცია მაინც გაიმართება, მონაწილეებს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებათ, გამეორების  შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ერთ წლამდე პატიმრობა.

ამ დროისთვის მიმდინარე, ან უკვე დასრულებული საქმეები ეხება 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს. შსს-ის პოზიციაა, რომ  აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ შეკრების უფლება, შესაბამისი გაფრთხილების წარმოუდგენლობის გამო. აქციის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ 17 და 18 დეკემბერს აქციების წინ არაერთმა იურისტმა მიმართა შსს-ს გაფრთხილებით (მათ შორის, სამართალდამრღვევად ცნობილმა მიხეილ ზაქარეიშვილმა), ხოლო უწყებას პასუხი არ გამოუქვეყნებია. კანონით, უწყებამ გაფრთხილებიდან 3 დღის ვადაში უნდა დააბრუნოს პასუხი, აქციის ადგილს ან დროს ცვლილების შესახებ. რადგან უწყებას პასუხი არც კონკრეტულად გაფრთხილების ავტორებისთვის გაუცია და არც საჯაროდ გამოუქვეყნებია რაიმე რამე ინფორმაცია, მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ აქციის გამართვა შეეძლოთ. შსს-ის წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ მხოლოდ 17 დეკემბერთან დაკავშირებით უწყებაში 90-მდე განცხადება შევიდა, “ფორმადაუცველი” იყო, რის გამოც ის ოფიციალურ გაფრთხილებად არ ჩაითვალა.

“ტროტუარის საქმეების” განხილვისას ადვოკატები მიუთითებენ, რომ ეს პრაქტიკა არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ აცხადებს, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდებათ. ამის საფუძველზე ისინი მოსამართლეებს საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. თუმცა ამ დრომდე სამართალწარმოება არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტილა – ყველა საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, მოქალაქეები ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს.

ერთ-ერთი, ვინც მოსამართლეს მიუთითა  ამ პრაქტიკის შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, თეონა ზაქარაშვილი იყო. ის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის, ელენე ჯღარკავას ინტერესებს იცავს.

“ძალიან არ მინდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეებზე კიდევ ერთხელ მიუთითოს საერთო სასამართლოებს, რომ ცუდი კანონი [მოსამართლეს] არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი [გამოხატვის თავისუფლება], მე-11 მუხლი [შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება] და ღმერთმა არ ქნას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე იქამდე მივიდეთ, რომ მე-3 მუხლის დარღვევასთან [წამების აკრძალვა] და დამატებით სამართლიანი სასამართლოს უფლება [მე-6 მუხლი] დაირღვეს”, – განაცხადა ზაქარაშვილმა სხდომაზე.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ჯღარკავას საქმეზე გადაწყვეტილებას 11 თებერვალს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში არსებული პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტს, ალექსანდრე პატარაიას.

აქციის ჩატარებამდე სახელმწიფო სტრუქტურის ინფორმირება მიღებული პრაქტიკაა არაერთ ქვეყანაში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ “მსგავსი ხასიათის რეგულაციები არ უნდა წარმოადგენდეს ფარულ დაბრკოლებას კონვენციით დაცულ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისთვის”.

მარტივად რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლო ყოველი ცალკეულ საქმის განხილვისას მსჯელობს, შეკრების თავისუფლება ლეგიტიმური მიზნებით შეიზღუდა თუ სხვა “ფარული” მიზნებით. მაგალითად, პროტესტისა ჩახშობისა და მოქალაქეთა გამოხატვის შეზღუდვის მიზნით.

რა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუშალოს მოქალაქეთა შეკრებას?

როგორ პატარაია განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ეს შესაძლებელია არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისთვის, ან ისეთ შემთხვევებში, როცა რისკის ქვეშ დგას ეროვნული და საჯარო უსაფრთხოება. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა შეკრება ადამიანთა ჯანმრთელობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს ეპიდემიოლოგიური ან სხვა მსგავსი მიზეზით; თუ დაგეგმილ დროსა და ადგილას ორი ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფის აქციაა დაანონსებული; თუ აქცია დაგეგმილია ისეთი სტრატეგიულ ობიექტთან ახლოს, როგორიცაა სამხედრო ბაზა, ან აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და ა.შ.

ახლა ასეთ შემთხვევებთან საქმე არ გვაქვს, სასამართლოში შსს-ც და მოსამართლეც ირწმუნებიან, რომ აქციის ფარგლებში რუსთაველის გამზირის ტროტუარზე მდგომი მომიტინგე ციხეში იმის გამო უნდა წავიდეს, რომ მან თავისი მშვიდობიანი დგომით დისკომფორტი შეუქმნა სხვა მოქალაქეებს.

არის თუ არა მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნის (და არა გადაადგილების შეზღუდვის) პოტენციური რისკი ლეგიტიმური მიზანი შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლების შესაზღუდად?

როგორც პატარაია განმარტავს, სტრასბურგის სასამართლოს აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში ხაზგასმულია სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიჩინოს ტოლერანტობა მშვიდობიანი შეკრებების მიმართ იმ შემთხვევებში, როცა დემონსტრანტები არ მიმართავენ ძალადობას.

მაგალითად, 2022 წელს მიღებული გადაწყვეტლებაში საქმეზე “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” წერია, რომ “საჯარო ადგილას ნებისმიერმა საპროტესტო აქციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე შეზღუდვა. ეს ფაქტი იმთავითვე არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა აჩვენონ გარკვეული ტოლერანტობის დონე. შესაფერისი “ტოლერანტობის დონე” ვერ იქნება აბსტრაქტულად განსაზღვრული: სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და “ჩვეულებრივი ცხოვრების შეზღუდვის მოცულობა”.

გამოდის, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეიძლება შეზღუდულიყო ცხოვრება სხვა მოქალაქეებისთვის 2025 წლის 17-18 დეკემბერს [სასამართლოში დასრულებული, ან ამ დროისთვის მიმდინარე საქმეები სწორედ ამ თარიღებს ეხება] პარლამენტის წინ პროევროპულ აქციების მონაწილეთა შეკრებითა და ტროტუარზე დგომით.

შეგახსენებთ, რომ ამ ტერიტორიის ფართობი 1569 კვადრატული მეტრია. ანუ ამ ფართობზე დაეტევა 3 სრულფასოვანი კალათბურთის მოედანი (და კიდევ დარჩება ადგილი).

ამასთანავე:

  • სასამართლოში ამ დროისთვის შეტანილ არცერთ საქმეში არ არსებობს მოწმე, ანუ რიგითი მოქალაქე რომელიც იტყვის, რომ აქციის გამო დაბრკოლება შეექმნა პარლამენტის წინ გადაადგილებისას;
  • უფრო მეტიც, შსს-ს წარმომადგენელი, ბუბა ნაჭყებია განმარტავს, რომ “აღნიშნული მუხლი საერთოდ არ მოითხოვს იმას, რომ შედეგი დადგეს”. ანუ, მოქალაქეებს აპატიმრებენ არა ტროტუარზე დგომით კონკრეტული ადამიანის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნაში, არამედ ამის პოტენციური რისკის გამო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც სტრასბურგის სასამართლო მსგავსი საქმეების განხილვისას ამახვილებს ყურადღებას, სანქციის პროპორციულობაა. როგორც ალექსანდრე პატარაია განმარტავს, თუნდაც უკანონოდ მიჩნეულ აქციაში მონაწილეობისთვის არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს.

“ევროპულ სასამართლოსაც აქვს ნათქვამი, რომ მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს სანქციას, თუნდაც დისციპლინური სახდელის ქვედა ზღვარს, უშუალოდ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც არ არის აკრძალული, სანამ ეს პირი თავად არ ჩაიდენს რაიმე საეჭვო ქმედებას ასეთ შემთხვევაში”, – ამბობს პატარაია და იმოწმებს სტრასბურგის სასმართლოს 2007 წლის გადაწვეტილებას “გასლსტიანი სომხეთის წინაააღმდეგ”.

ამ საქმეში მომჩივანია სომხეთის მოქალაქე არმენ გალსტიანი, რომელიც 2003 წელს, ერევანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს დააკავეს, დავობდა, მათ შორის, კონვენციის მე-11 [შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება] მუხლის დარღვევას. გალსტიანს გზის გადაკეტვისა და ხმაურის გამო მოქალაქეთათვის დისკომფორტის შექმნის საფუძვლებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. 4 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სწორედ მე-11 მუხლის დარღვევა და გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ “მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო არ აკრძალავს დემონსტრაციას, მაგრამ შემდეგ დააწესებს სანქციებს. განსაკუთრებით ასეთ მძიმე სანქციას (პატიმრობას) მხოლოდ მასში მონაწილეობის გამო”.

როგორ რეგულირდება სპონტანურად გამართულ აქცია? – “ქართული ოცნების” მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონით, შსს-ს გაფრთხილება ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა, თუმცა დადგენილი ვადის [5 დღე] დარღვევა დაშვებულია. გაფრთხილების შემდეგ უწყებისგან შესაბამისი მითითებები გაიცემა ზეპირად, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, უშუალოდ შეკრების ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ უწყება ჩათვლის, რომ შეკრება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, შეუძლია განსაზღვროს აქციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი. რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო?

“განსაკუთრებულ გარემოებებში, როდესაც შესაძლოა სპონტანური დემონსტრაცია იყოს გამართული, მაგალითად, ეს იყოს პასუხი [იმდროინდელ] პოლიტიკურ მოვლენაზე, დემონსტრაციის დაშლა მხოლოდ წინასწარი შეტყობინების არარსებობის გამო, მონაწილეთა მხრიდან ყოველგვარი უკანონო ქმედების გარეშე, შესაძლოა ჩაითვალოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად. სპონტანური დემონსტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინების არქონა არასოდეს უნდა გახდეს ხალხის დაშლის ლეგიტიმური საფუძველი. ცხადია, გააჩნია, კონკრეტულ საქმეს და კონკრეტულ მოცემულობებს”, – ამბობს ალექსანდრე პატარაია.

რაც შეეხება აქციის ჩატარების ადგილსა და სვლაგეზს, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ამბობს, რომ შეკრების უფლება მოიცავს ადგილის არჩევის უფლებასაც. მაგალითად, 2017 წლის გადაწყვეტილებაში “ლაშმანკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, ვკითხულობთ:

“შეკრების მიზანი ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ ადგილთან, ან დროსთან, რათა შესაძლებელი იყოს მისი ჩატარება სამიზნე ობიექტის ხედვისა და სმენის არეალში იმ დროს, როცა ამ გზავნილს შეიძლება ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ეფექტი. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როცა შეკრების ადგილი და დრო მონაწილეებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მისი ცვლილება [ხელისუფლების მხრიდან] ფასდება როგორც ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში”.

სწორედ ამაზე დავობდნენ რუსი აქტივისტები: მაშინ, როცა მათ სურდათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა მოსკოვისა და სხვა ქალაქების ცენტრალურ ადგილებში – სამთავრობო შენობებთან, ან ცენტრალურ მოედნებზე, მთავრობა მათ ამისამართებდა გარეუბნებსა და პარკებისაკენ. მათ სტრასბურგის სასამართლოს 2009 წელს მიმართეს, 2017 წელს კი სასამართლომ დაადგინა, რომ პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ცდილობს დემონსტრაციების ფართო თვალთახედვის არიდან მოშორებას, არის კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლება ლეგიტიმური მიზეზით აქციის ორგანიზატორს შეკრების სხვა ადგილას ჩატარებისკენ მოუწოდებს (ასეთი ლეგიტიმური მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, ის, რომ იმ კონკრეტულ დროსა და ადგილას სხვა აქცია ტარდება, რომელიც უფრო ადრე დაიგეგმა), ალტერნატიული ადგილი ისე უნდა შეირჩეს, რომ პროტესტის ეფექტი არ დაიკარგოს.

“ქართული ოცნების” პარლამენტში მიღებული კანონი ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ პატიმრობას ითვალისწინებს: აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს – 20 დღემდე ვადით.

ამავე თემაზე: