დღეს, 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტროტუარის კიდევ 4 საქმის განხილვა დაასრულეს და კიდევ 4 მოქალაქე ცნეს სამართალდამრღვევად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტთან ტროტუარზე იდგნენ. მათგან ორს პატიმრობაც შეუფარდეს, ორი კი სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს.
მოქალაქეთა სამართალდამრღვევად ცნობის ფორმალური საფუძველია, თითქოს ისინი „განზრახ აფერხებდნენ“ ქვეითად გამვლელების გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვისას. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოსწონს და უკმაყოფილოა მედიაში გავრცელებული ამ ინფორმაციით, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ, თუმცა შსს-ს წარმომადგენელმა იურისტებმა ვერც ერთ სხდომაზე ვერ შეძლეს დასაბუთება, რომ აქციის რომელიმე მონაწილე რომელიმე სხვა მოქალაქეს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, მით უმეტეს, „განზრახ და ხელოვნურად“.
ამისთვის დღევანდელ, 3 თებერვლის 4 სხდომაზე განვითარებული მოვლენებისთვის თვალის გადავლებაც კმარა:
1. ზურა მანჩხაშვილი
დილის 10:00 საათი. ტროტუარის კანონის პირველი „სამართალდამრღვევი“ ზურა მანჩხაშვილია. მისი საქმის განხილვა ადრეა დაწყებული. დღეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადება ჰქონდა დარჩენილი მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს, რომელსაც ამის გაკეთება ცარიელ დარბაზში მოუწია. სხდომას არავინ დასწრებია. მათ შორის, არც შსს-ს წარმომადგენლები. ზურა მანჩხაშვილს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ტროტუარზე დგომისთვის 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ნეტგაზეთი ზურას უკავშირდება. ის ამბობს, რომ რუსთაველზე, პარლამენტთან აქციაზე იქნება და თუ არ დააკავეს, თავად მივა განყოფილებაში — „არ მინდა, სახლიდან წამიყვანონ“.
მანჩხაშვილს შუადღით სწორედ პარლამენტთან, სესიის პარალელურად მიმდინარე აქციაზე [„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“] აკავებენ და იზოლატორში გადაჰყავთ. პარლამენტში ამ დროს მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს იღებენ.
ზურა მანჩხაშვილის შემდეგ ტროტუარის მომდევნო სამი საქმე, რომლის განხილვა საქალაქო სასამართლოს 3 თებერვალს დაეკისრა, მოსამართლე დავით მაკარაძემ ერთმანეთის მიყოლებით წარმართა. განსხვავებით ტროტუარის სხვა საქმეებისგან და სხვა მოსამართლეებისგან, დავით მაკარაძემ ამ საქმეთა განხილვა სწრაფად დაასრულა, როგორც მოსამართლეებს ხშირად უყვართ თქმა, „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების“ ეგიდით და გადაწყვეტილებაც ოპერატიულად გამოიტანა.
გაგახსენებთ, რომ ტროტუარის საქმეთა ნაწილის განხილვა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო და არაერთი სხდომა ჩატარდა, სანამ მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამ მოქალაქეთა ნაწილი კი ჯერ კიდევ ელის მოსამართლის ვერდიქტს.

2. სოფო ჩაჩანიძე
11:00 საათი. იმავე დარბაზში, რომელშიც თორნიკე კაპანაძემ ზურა მანჩხაშვილს პატიმრობა მსმენელებისა და მაყურებლების გარეშე შეუფარდა, დავით მაკარაძე შემოდის და სოფო ჩაჩანიძის საქმის განხილვას იწყებს. სხდომას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დიპლომატი ესწრება. აქვეა სოფო ჩაჩანიძის მეუღლეც, ლევან გუჯაბიძე, რომელიც მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ორიოდე კვირის წინ ასევე სამართალდამრღვევად ცნო ტროტუარზე დგომისთვის, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა.
სოფო ჩაჩანიძეს შსს ედავება, რომ მოქალაქეთა გადაადგილებას ტროტუარზე დგომით 18 დეკემბერს აფერხებდა. სოფოს 8 და 10 წლის ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. შესაბამისად, გარანტირებულად ვიცით, რომ ამის გამო მას პატიმრობას ვერ შეუფარდებენ. თუმცა სხდომა საგულისხმო დიალოგების ფონზე მიმდინარეობს მხარეთა და მოსამართლეს შორის.
ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ნებისმიერ მოსამართლესთან, რომელსაც აქამდე ნეტგაზეთი დასწრებია, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას, როდესაც სამართალდამრღვევი, ან ბრალდებული თავისი ინიციატივით დგება ფეხზე და ისე პასუხობს მოსამართლის კითხვებს, მოსამართლეები ყოველთვის ამბობენ, რომ ფეხზე ადგომა არ არის აუცილებელი და საუბარი მჯდომარესაც შეუძლიათ. თუმცა დღეს, მოსამართლე მაკარაძემ, სანამ მის გვარ-სახელს, მისამართს და სხვა ანკეტურ მონაცემებს დააზუსტებდა, სოფო ჩაჩანიძეს (და მოგვიანებით სხვა „ტროტუარის სამართლის დამრღვევებსაც“) ფეხზე ადგომისკენ მოუწოდა. ამან ადვოკატ ჯანო ჭკადუას გაოცება გამოიწვია, რომელმაც მოსამართლეს მიმართა, აუცილებელი იყო თუ არა, რომ სოფო ფეხზე მდგარიყო.
„როგორ ფიქრობთ, აუცილებელი რომ არ იყოს, ვეტყოდი, რომ ამდგარიყო?!“ — კითხულობს დავით მაკარაძე და მკაცრად განმარტავს, რომ მის სხდომებზე ასეც უნდა იყოს.
შსს-ს წარმომადგენელი იურისტები, თინათინ კაჭკაჭიშვილი და თეკლა კობახიძე აცხადებენ, რომ 16 დეკემბერს აქციაზე მივიდა „უფლებამოსილი პირი“ და განმარტა — მომდევნო დღეებისთვის „არ არის გამოქვეყნებული ნებართვა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ განთავსება მითითებულ ადგილებზე“ [ანუ პარლამენტის წინ, ტროტუარზე]. შსს-ს წარმომადგენლები გულისხმობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ლევან მაისურაძეს და ნეტგაზეთის ვიდეოს, სადაც რამდენიმე მოქალაქესთან მაისურაძის საუბარია ასახული.] შსს-ს იურისტების მსჯელობის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ყველაფრის შესაბამისად, სოფო ჩაჩანიძეს უნდა სცოდნოდა, 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომით კანონს არღვევდა და მოქალაქეებს ხელოვნურად, განზრახ აფერხებდა.
ადვოკატი ჯანო ჭკადუა: თქვენ მიერვე მოტანილ ვიდეომტკიცებულებებზე გვაჩვენეთ, სად და ვისი გადაადგილება შეაფერხა სოფო ჩაჩანიძემ?
თინათინ კაჭკაჭიშვილი: წინ არავის გადასდგომია ახლა, მაგრამ ის არის იმ ჯგუფის მონაწილე, რომელიც აფერხებდა მოქალაქეებს. ჯგუფად არიან შეგროვილი ადამიანები, მათ შორის არის ქალბატონი სოფიო.
ადვოკატი: სოფიოს დგომით ვინმე ფერხდება?
კაჭკაჭიშვილი: წინააღმდეგობა არავისთვის გაუწევია.
ადვოკატი: წინააღმდეგობა სხვა რამეა და შეფერხება სხვა! მაჩვენეთ, რომ ვინმე ფერხდება.
კაჭკაჭიშვილი: ვერ გაჩვენებთ. ზედხედით გაჩვენებთ. ზედხედს რაც შეეხება, ჩანს მოქალაქეების გადასვლა გზაზე, ამ დროს ტროტუარზე დგას სოფო ჩაჩანიძე.
ადვოკატი: ტროტუარზე რომ დგას ხალხი და ამ დროს მოქალაქეები გადაადგილდებიან, ეგენი ვინ არიან?
კაჭკაჭიშვილი: ჩვენ ვდავობთ იმაზე, ვინც გზაზე გადადის.
ადვოკატი: კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც დგას სოფო, კონკრეტულად ვინმეს აფერხებს?
კაჭკაჭიშვილი: დიახ.
ადვოკატი: ვიდეოში ვნახეთ ეს?
კაჭკაჭიშვილი: დიახ.
მოსამართლეს სათათბიროდ გასვლა არ დასჭირვებია. ამ ყველაფრის შემდეგ, „ადგილზე თათბირით“ გაგვაცნო გადაწყვეტილება — სოფიო ჩაჩანიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მცირეწლოვანი შვილების დედას მოსამართლე ადმინისტრაციულ პატიმრობას ვერ შეუფარდებდა, მან თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა ისე, თითქოს გაითვალისწინა, რომ სოფო ჩაჩანიძეს წარსულში სამართალდარღვევები არ ჰქონია და, შესაბამისად, აარიდა პირველივე ჯერზე პატიმრობა.

3. თორნიკე ჯანდიერი
სოფო ჩაჩანიძის შემდეგ, 12:00 საათზე, თორნიკე ჯანდიერის ჯერი დგება, რომელსაც 17 დეკემბერს, 20:51 საათზე ედავებიან ტროტუარზე დგომას.
„არა აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ თავისუფლად გადაადგილება“, — აცხადებს შსს-ს იურისტი თეკლა კობახიძე და თორნიკე ჯანდიერის სამართალდამრღვევად ცნობას, მის დაპატიმრებას ითხოვს.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს, იდენტიფიცირებული მაინც თუ ჰყავს შსს-ს, ვინ შეფერხდა ტროტუარზე თორნიკეს დგომით და ვინ გადავიდა გზაზე იმის გამო, რომ გაევლო. იქნებ, სულაც თავად აქციის მონაწილეები გადადიოდნენ გზაზე? ტროტუარზე რომ ხალხი თავისუფლად გადაადგილდება, ისინი ვინ იყვნენ, იყვნენ მათ შორის რიგითი გამვლელები?
„დაიდენტიფიცირება არ იყო საჭირო. ესაა ჩვენი შეფასება, რომ გზაზე არა აქციის მონაწილეები იყვნენ“, — პასუხობს თინათინ კაჭკაჭიშვილი.
„ჩვენ ვუშვებთ იმ გარემოებას, რომ არა აქციის მონაწილეებიც გადაადგილდებოდნენ ტროტუარზე, ზოგიერთს კი უწევდა გზაზე გადასვლა. ნაწილობრივ ჰქონდათ ათვისებული ტროტუარი აქციის მონაწილეებს. მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებით, უწევთ ბასლეინზე გადასვლა, რადგან ტროტუარი ათვისებული აქვთ აქციის მონაწილეებს. უფლებამოსილმა პირმა 16 დეკემბერს განუმარტა აქციის მონაწილეებს ინფორმაციული სახით. შეიძლება ბატონი თორნიკე იქ არ იმყოფებოდა, თუმცა გვაქვს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელით [გულისხმობს ისევ ნეტგაზეთის ვიდეოს, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი] და ტელევიზიითაც. რა თქმა უნდა, პატიმრობის გამოყენებას ვითხოვთ. მას [თორნიკე ჯანდიერს] აქვს დადებული არაერთი სახდელი, რომელიც აქვს გადაუხდელი. სამართალდარღვევის ჩადენა მისთვის უცხო არ არის“, — უფრო ვრცელ განმარტებას აკეთებს თეკლა კობახიძე.
სხდომა დასასრულს უახლოვდება. მოსამართლე სანამ გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა, უწევს მოისმინოს ადვოკატისა და თავად თორნიკეს შემაჯამებელი სიტყვები.
10-წამიანი ეპიზოდია, სადაც თორნიკე სიგარეტს უკიდებს [შსს-ს მიერ მოტანილი ვიდეომტკიცებულება, რომ თორნიკე ჯანდიერი პარლამენტთან ტროტუარზე დგას]. ესაა ქეისი, სადაც ბიჭი უკიდებს სიგარეტს, დგას 4 გოგონასთან ერთად და იცინის. გარშემო დიდი სივრცეა და ხალხი გადაადგილდება. აი, ეს არის ეს საქმე. არცერთი ბავშვი და ორსული, ან ეტლიანი ადამიანი არ მინახავს, რომელიც ამ დროის მანძილზე გამოძრავდა და მოუწია ბასლეინზე გადასვლა. რასაც მხარე [შსს] იძახის, ეს არის თქვენზე ემოციური გავლენის მოხდენის მცდელობა“, — მიმართავს მოსამართლეს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.
მოკლე კომენტარს აკეთებს თორნიკეც:
„მე ვადასტურებ ფაქტს, რომ ვიდექი ტროტუარზე და იქ ვდგავარ იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ გვაქვს. ჩვენ გვაქვს რაღაც ნაცრისფერი ტერიტორია, სადაც იმდენი პოლიტპატიმარია, რომ ყველას სახელსა და გვარს ვეღარ ვითვლით. ვაპროტესტებ მშვიდობიანად. რაც შეეხება შსს-ს ბრალდებას, ჩემი განზრახვა არ ყოფილა ვინმესთვის ხელის შეშლა და მათივე წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ დადის ხალხი თავისუფლად ირგვლივ.“
არცთუ ხანმოკლე თათბირის შემდეგ, მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა, თორნიკე ჯანდიერი სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. წამოაძახა 200 000 ლარამდე დაგროვილი ჯარიმები და მათი გადაუხდელობა. თუმცა თორნიკესაც და მის ადვოკატსაც მოუწონა ეთიკა, ზრდილობა, აღნიშნა, რომ ეს შემამსუბუქებელი გარემოებაა, რაზე დაყრდნობითაც „სასამართლომ ჩათვალა, რომ მეტი დღით პასუხისგებაში მიცემა არ იყო საჭირო“. თორნიკე ჯანდიერი დარბაზშივე დააკავეს.

4. თეკლე გაბელია
13:00 საათი. დავით მაკარაძის დარბაზში მორიგ სამართალდამრღვევს, თეკლე გაბელიასა და მის ადვოკატს, ბორის ჩელე ყურუას უხმობენ.
თეკლე ექსპერიმენტული სკოლისა და ერთ-ერთი საჯარო სკოლის ფსიქოლოგია. ტროტუარზე ისიც 18 დეკემბერს იდგა.
„წარმოდგენილი გვაქვს ვიდეოჩანაწერები, რომელშიც იდენტიფიცირდება ქალბატონი თეკლე და არა აქციის მონაწილეთა გადასვლა გზაზე, რაც ჩვენი შეფასებით არის ფაქტობრივი მოცემულობა, გამოწვეული ქალბატონი თეკლეს და იქ მდგომი პირების იქ დგომით შეფერხების შედეგად“, — აცხადებს თინათინ კაჭკაჭიშვილი.
გარემოება, რაზეც გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა:
თეკლეს იდენტიფიცირება [ტროტუარზე დგომისას] მოახდინეს 18 დეკემბერს, პატაკი ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ლევან მაისურაძეს გაუგზავნეს 21 დეკემბერს. არადა, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 20 დეკემბერს, პატაკის გაგზავნის წინა დღეს, სასამართლოსთვის მიწოდებულია 22 დეკემბერს და წერია, რომ 22 დეკემბერს არის შედგენილი. შსს-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტექნიკური შეცდომაა.
ადვოკატი ამბობს, რომ უნებურ, ტექნიკურ შეცდომად ჩავთვლით ამას თუ განზრახ შეცდომად, ამის გარეშეც საქმის მასალები თავიდან ბოლომდე ტყუილსა და აბსურდზეა აგებული.
ადვოკატი: პარლამენტის წინ არსებული ტროტუარი ერთ-ერთი ყველაზე ფართო ტროტუარია, რაც თბილისში არსებობს. განზრახ დაბრკოლების შექმნა ნიშნავს, რომ მინიმუმ უნდა გადაკეტო. არსად ჩანს, რომ თეკლე გაბელია ვინმეს განზრახ უქმნიდა დაბრკოლებას. ვერსად განათავსებს ადამიანი, აქციის მონაწილე საკუთარ სხეულს ისე, რომ პოტენციურად სხვამ არავინ გაიაროს. ფიზიკურად შეუძლებელია, სადმე შეიკრიბონ მოქალაქეები ისე, რომ პოტენციურად არ შექმნან ის „დაბრკოლება“, რომელზეც აპელირებს შსს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელ ტროტუარზე უნდა შეიკრიბოს 300 ადამიანი…
მოსამართლე: აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?
ადვოკატი: ბატონო მოსამართლევ, ქალაქი იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სადაც აქციები ტარდება, და მეორე — ფეხით მოსიარულეთა ნაწილი. ფეხით მოსიარულეები პარკებშიც დადიან და ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლება, რომ აქცია ჩატარდეს. გამოდის, რომ ზოგადად აკრძალული ყოფილა ამ ქვეყანაში შეკრება და შეკრებას რომ თავი დავანებოთ, ტროტუარზე ცოტა ნელი სვლაც სამართალდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
მოსამართლე დავით მაკარაძე სათათბიროდ არც ამ შემთხვევაში გასულა. ადგილზევე გამოაცხადა, რომ თეკლე გაბელია სამართალდამრღვევია, თუმცა მისთვისაც სიტყვიერი შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა. ახსნა ეს იმით, რომ სამართალდარღვევები აქამდე თეკლეს არ ჰქონია.

3 თებერვლის მდგომარეობით, 7 ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის:
- 23 იანვარს მოსამართლეებმა, დავით მაკარაძემ, მანუჩარ ცაცუამ და ზვიად ცეკვავამ, 4 და 5 დღით გაუშვეს იზოლატორებში სანდრო მეგრელიშვილი, დიმიტრი ჯამბურია, ლუკა ნაგლიაშვილი, ნუკრი კაკულია, მიხეილ ზაქარეიშვილი.
- 3 თებერვალს ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულთა რიგებს დავით მაკარაძემ ზურა მანჩხაშვილი და თორნიკე ჯანდიერი შემატა. ორივე მათგანი იზოლატორს 8 თებერვალს დატოვებს.
მოქალაქეთა ნაწილი, ვის წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე მიდის, მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს ელოდება.
გაგახსენებთ, რომ 12 დეკემბრამდე, ისედაც რეპრესიული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებამდე, როდესაც პროტესტის ჩასახშობად და მსუსხავი ეფექტის შესაქმნელად მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საბაბით აპატიმრებდნენ, მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პროცესებზე ეკითხებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ შემდეგ კი 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.
2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედებული ცვლილებებით ისჯება ტროტუარზე დგომაც. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში კი — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე პატიმრობით.
