მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის წინააღმდეგ ტროტუარის საქმე განიხილა. ის სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პეტრიაშვილს შსს გასული წლის 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას ედავებოდა, რითაც პოლიციის ინტერპრეტაციით ფეხით მოსიარულეები „ხელოვნურად“ დაბრკოლდნენ.

ბუკა პეტრიაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი აბესაძე იცავდა. მისი შეფასებით, „ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, სასამართლო, სადაც „ბირჟავიკის“ უფლებრივი მდგომარეობა უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი „ხელოვნურობის“ გარეშე დგას და მსჯელობს ქვეყნის მომავალზე.“

ადვოკატის შეფასება ემყარება იმ მოცემულობას, რომ ნებისმიერი რაოდენობით ადამიანების თავმოყრა და სხვა აქტივობებით დაკავება, ან უბრალოდ დგომა ტროტუარზე შსს-ს მხრიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენას არ ითვალისწინებს. მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე ადამიანების მიმართ მუშაობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ობიექტური რეალობაა, რომ დემონსტრანტებს შორის ქვეითთა გავლა თავისუფლად შესაძლებელია. ტროტუარი მათი მხრიდან სრულად ათვისებული არ არის და არავითარი ქმედებით, პოზით, თუ სიტყვით არავის უშლიან ხელს გავლაში.

„როცა შეგიძლია ჩაატარო აქციაც და გაიაროს ქვეითმაც ტროტუარზე, არ არსებობს უფლებრივი კონფლიქტი. სად არის აქ შსს-ს კომპეტენცია, რომელიც უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად?“ — სვამს კითხვას ადვოკატი.

„არცერთ შემთხვევაში მე თავს სამართალდამრღვევად არ მივიჩნევ, ამ სრულიად უგუნური, არალეგიტიმური კანონის გათვალისწინებითაც კი. სისტემას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს ადამიანი, ვისაც აქვს პროტესტის გამოხატვის სურვილი. არ მინდა ამის თქმა, რომ „გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში“, ბევრი მაქვს მეც გაკეთებული, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ გადაწყვეტილებას ჩემი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ“, — განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.

ადვოკატ აბესაძესა და მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს შორის, შსს-ს წარმომადგენელ ბუბა ნაჭყებიას მცირედი ჩართულობით, ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ბუკა პეტრიაშვილს „ტროტუარის კანონი“, მისი რეპრესიულობის, არაკონსტიტუციურობის გათვალისწინებითაც კი, არ დაურღვევია.

ამონარიდები ადვოკატ აბესაძის კითხვებიდან და მოსაზრებებიდან, რაც სასამართლოში გააჟღერა:

  • სადღაც თუ ივანიშვილი მიბრძანდება და სპექტაკლი იმართება, ტროტუარი მთელი დღით შეიძლება იყოს გადაკეტილი, მაგრამ შსს არ მივა და სამართალდარღვევის ოქმს არ შეადგენს.
  • თუ რომელიმე მოქალაქე ტროტუარზე აქციის მიმდინარეობისას გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდება და ამ დროს ტროტუარზე გავლაც შესაძლებელია, ეს არის სამართალდარღვევა და სამართალდამცველმა ის უნდა გააჩეროს, მიუთითოს, რომ ტროტუარზე გადავიდეს.
  • კანონის ერთადერთი სწორი წაკითხვა და გააზრება იქნებოდა ის, რომ თუ ტროტუარზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის ტროტუარის ჩასაკეტად და ისინი ხელოვნურად ცდილობენ ხელი შეუშალონ გამვლელებს, ფიზიკურად, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ნივთების დალაგებით და ა.შ. ეს არის სამართალდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ესეც კი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. მაგრამ სასამართლო ამ კუთხით არ მსჯელობს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მიუხედავად იმისა, ტროტუარის 50%-ზე მეტი იყო თავისუფალი, თეორიული დაშვებით, რომ ვიღაც მოქალაქეს შეიძლება არ ესიამოვნოს აქ გავლა, ეს არის ქვეითად მოსიარულეთათვის ხელის შეშლა. გაუქმებულად ითვლება შეკრების თავისუფლება ამ ქვეყანაში.

„თავისთავად ეს კანონი [შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილი რეპრესიული ცვლილებები, ტროტუარზე დგომის რეგულირება] არის ანომალიური და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, — თქვა პროცესზე ბუკა პეტრიაშვილმა.

„შესაძლოა მეც გეთანხმებოდეთ [კანონის შეფასებაში] და საკონსტიტუციო ამას კიდეც განიხილავს“, — ასეთი იყო შსს-ს იურისტის, ბუბა ნაჭყებიას რეპლიკა „ტროტუარის კანონთან“ მიმართებით. მან სასამართლოში ისიც აღიარა, რომ პირადად მისი მოსაზრებით, ამ უკანასკნელი თითქმის ორი წლის მანძილზე მიმდინარე აქციებიდან „უკანონო“ არცერთი ყოფილა, თუმცა კანონი არის ისეთი, როგორიც არის.

„კანონმდებელი არ გვიზუსტებს ხელშეშლას. თავისუფლების მეტროდან თუ ამოვიდა ადამიანი და დაინახა, რომ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს და გადაწყვიტა იქ ვერ გაივლიდა და კილომეტრით მოუარა. ეს უკვე არის ხელშეშლა“, — ამბობს შსს-ს იურისტი ბუბა ნაჭყებია.

ადვოკატ აბესაძის შეფასებით, შსს-ს წარმომადგენლის ეს ერთგვარად „დარცხვენილი“ აღიარებები, მიუხედავად იმისა, რომ ცხადყოფს, თავად სისტემაშიც ესმით მიღებული რეგულაციების აბსურდულობა, „არის ის, რაზეც რეჟიმი დგას და რატომაც არიან ისინი რეჟიმის მსახურები — მათ არ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა.“

მოკლედ გაგახსენებთ, როგორ მოვედით ტროტუარზე პროტესტის აკრძალვამდე:

12 დეკემბრამდე, ისედაც რეპრესიული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებამდე, როდესაც პროტესტის ჩასახშობად და მსუსხავი ეფექტის შესაქმნელად მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საბაბით აპატიმრებდნენ, მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პროცესებზე ეკითხებოდნენ — „ტროტუარზე ვერ გააპროტესტებდით?!“ შემდეგ კი 15 დღემდე ვადით უშვებდნენ იზოლატორებში.

2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედებული ცვლილებებით ისჯება ტროტუარზე დგომაც. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში კი — სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე პატიმრობით.

მხოლოდ დღეს, 14 მაისს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ 4 საქმე განიხილა. ბუკა პეტრიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა ნათია ჭელიძე, სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა სანდრო სეხნიაშვილს, საქმის წარმოება შეწყვიტა შშმ პირის, დავით პაპაშვილის წინააღმდეგ.