დღეს, 25 დეკემბერს, „ოცნებამ” შსს-ს და სასამართლოს დახმარებით ტროტუარის კანონის აღსრულების პროცესი დაიწყო.

ანი ახმეტელი პირველი დემონსტრანტია, რომელიც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გაასამართლა იმის გამო, რომ ის აქციაზე უბრალოდ ტროტუარზე იდგა, რასაც შსს „ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნად“ მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ განხილვა თითქმის 3 საათს გაგრძელდა, გადაწყვეტილება არ მიუღია და სხდომა 9 იანვრისთვის გადადო.

ამის შემდეგ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას ჯერი დადგა. 25 დეკემბრისთვის გაწერილი დანარჩენი 4 ტროტუარის საქმე მან ჩაატარა, ცეკვავასგან განსხვავებით, ფაქტობრივად, განხილვის დაწყებამდე შეწყვიტა და ყველა სხდომა 12 იანვრისთვის გადადო. მანუჩარ ცაცუასთან ერთმანეთის მიყოლებით და 10-10 წუთის შუალედებით წარდგნენ მოქალაქეები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, საზმაუს მარშის მონაწილე, მუსიკოსი გიორგი ბულია, პენსიონერი ქალები, 73 წლის ნორა ცინცაძე და 69 წლის განათლების სპეციალისტი მარინა ჟვანია. მოსამართლემ შსს-ს მომდევნო სხდომაზე შორი, ხანგრძლივი (მინიმუმ, ნახევარსაათიანი), ასევე ზედხედით გადაღებული კადრების წარმოდგენა მოსთხოვა, სადაც „სამართალდამრღვევი“ დემონსტრანტები უნდა იყვნენ ასახული.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, იგივე მოსამართლეები, რომლებიც აქამდე გზის სავალი ნაწილის ან სამანქანო გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საბაბით დაკავებულ დემონსტრანტებს ასამართლებდნენ, მათ ეუბნებოდნენ, რომ პროტესტი ტროტუარზე გამოეხატათ. ასეთივე რიტორიკა ჰქონდათ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ პოზიციის დასაბუთებას ცდილობდნენ სასამართლოში მოქალაქეთა წინააღმდეგ, — „ტროტუარზე ვერ ეტეოდით?!“

გაგახსენებთ, რომ პროტესტის ჩასახშობად შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ რეგულაციებს „ქართული ოცნება“ თვიდან თვემდე სულ უფრო რეპრესიულს ხდის. ბოლო ცვლილებებით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა უკვე ფაქტობრივად ტროტუარზეც შეიძლება შეეზღუდოთ. გამკაცრებული წესის შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 დღით ადრე წინასწარი გაფრთხილებაა საჭირო, პრაქტიკაში კი — მათი ნებართვა. ეს ამბავი იურისტების შეფასებით პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს, რომ მოქალაქეს შეიძლება დასჭირდეს ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილება, რომ ამა და ამ ადგილას, ამა და ამ დროს აპირებს აქციის გამართვას, მაგრამ კონსტიტუცია ადგენს, რომ მას არავის ნებართვა არ სჭირდება.

გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში (ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას, ჩატარების ადგილზე) შსს-მ უნდა განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გასცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება.

დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული (15 დღემდე ვადით. ორგანიზატორის შემთხვევაში- 20 დღემდე ვადით). ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს (თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე).

რატომაა რეჟიმის მოთხოვნა აქციის ჩასატარებლად წინასწარი ნებართვის აღება და არა უბრალოდ შსს-ს გაფრთხილების ვალდებულება?

ანი ახმეტელის საქმის განხილვისას, რომელიც საათები გაგრძელდა და სადაც მას „ხალხის სავალი გზის გადაკეტვას“ 17 დეკემბრის აქციაზე ედავებოდნენ, სანამ სხდომა გადაიდებოდა, მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს იურისტ კახა წიქარიშვილის მიერ შსს-ში შეტანილი განცხადებები, იგივე გაფრთხილებები, რომლებიც ეხება 11-19 დეკემბერს გასამართ აქციებს პარლამენტთან.

შსს-ს წარმომადგენლებმა ამის პასუხად განაცხადეს, რომ ამის გარდა, სხვა განცხადებებიც არის შესული შსს-ში, თუმცა უწყებამ ისინი მიიჩნია „ფორმადაუცველად“ და არ ჩათვალა საჭიროდ, რომ განეხილა. კახა წიქარიშვილის განცხადებებს კი „არ ახლავს დასტური განცხადების მიღებასთან დაკავშირებით“ და დემონსტრანტები ვალდებულები არიან, რომ დაელოდონ „უწყების ნებართვას“.

ცალკე შსს-ს წარმომადგენლები და ცალკე მოსამართლე ანი ახმეტელს უსვამდნენ კითხვებს, რატომ არ გაარკვია, მაგალითად, შსს-ში დარეკვით, კახა წიქარიშვილის მოძებნითა და მისი გამოკითხვით, რა რეაგირება მოახდინა უწყებამ კახა წიქარიშვილის განცხადებებზე.

ანი ახმეტელის სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც თავისუფლად შეკრებასა და მანიფესტაციებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ხვალ, 26 დეკემბერს და ორშაბათს, 29 დეკემბერს, კიდევ არაერთი დემონსტრანტის ტროტუარის საქმის განხილვაა ჩანიშნული და არსებობს მოლოდინი, რომ ისინიც 2026 წლის იანვრისთვის გადაიდება. ეს მოქალაქეები არიან: მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მირცხულავა (სინდისის პატიმრის, ე.წ. 11-პირიანი საქმის მონაწილე გური მირცხულავას ბიძაშვილი), გუგა სულხანიშვილი, გიორგი სტეპანოვი, ნიკა ბერიძე, მიხეილ ნაყეური, დიმიტრი ჯამბურია, ნუკრი კაკულია, გიო ჩაჩანიძე, ნათია ჭავჭანიძე, ლიზი უბილავა, ნატაში ლაზიშვილი, მარიამ მელიქიშვილი. ასევე გაირკვა, რომ სასამართლოში შესულია, თუმცა სხდომა დანიშნული არ არის თამარ გიორგაძის წინააღმდეგ.

„რაღაც აერიათ, ეტყობა, მონასტერში. ახალ წლამდე ვერ გაბედეს ტროტუარის საქმეების ბოლომდე მიყვანა“, — თქვა თამარ გიორგაძემ მას შემდეგ, რაც 25 დეკემბერს დანიშნული საქმეები გადაიდო და მასაც შეატყობინეს, რომ სამართალწარმოება მის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.

გზადაგზა ჩნდებიან მოქალაქეები, რომელთაც შსს-დან უკავშირდებიან და სასამართლოში იბარებენ. ამიტომ შესაძლებელია ტროტუარის საქმეების რიცხვი უახლოეს დღეებში კიდევ გაიზარდოს. ყველა მათგანს 17-დან 21 დეკემბრამდე გამართულ აქციებზე დგომას ედავებიან.

21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით გასამართ აქციებთან დაკავშირებით იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებებზე შსს-ს უკვე ჰქონდა რეაგირება და ამ განცხადებების პასუხად აქციების „კანონიერად“ გამართვის პირობები განუსაზღვრა დემონსტრანტებს.

რაც შეეხება დღეს გამართული სხდომების მონაწილეებს, მათგან ერთ-ერთს, ელენე ჯღარკავას, პატიმრობას ვერ შეუფარდებენ, იმის მიუხედავად, რა პრაქტიკაც არ უნდა დაამკვიდროს სასამართლომ და, შესაბამისად, რეჟიმმა აწ უკვე ტროტუარზე დგომისთვის გასამართლებული მოქალაქეების მიმართ. მას 12 წლამდე მიუღწეველი შვილი ჰყავს. ეს გარემოება კრძალავს სამართალდამრღვევისთვის პატიმრობის შეფარდებას. ასეთივე გარემოებაა შეზღუდული შესაძლებლობის ქონა, 18 წელს მიუღწევლობა, ქალის ორსულობა. ამ გარემოებების დაზუსტებისას ელენე ჯღარკავამ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას უთხრა, რომ მიუხედავად მისი შვილის მცირეწლოვნებისა, არ თვლის, რომ ეს გარემოება გამოყენებული უნდა იყოს მისთვის პატიმრობის არშეფარდებისთვის, თუ სასამართლო მას სამართალდამრღვევად ჩათვლის.

როგორ მოვედით ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვამდე

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც წლების განმავლობაში იყო სახალხო დამცველის აპარატის, ამის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი, იხსენებს შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვების ქრონიკას 2025 წლის დეკემბრამდე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ტროტუარზე დგომაც „კანონიერად“ შეუზღუდა პროტესტის მონაწილეებს.

  • 2010 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთანეთისგან დამოუკიდებლად სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ითხოვდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შემზღუდველი მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელები გააერთიანა, ერთად განიხილა და უკვე 2011 წლის აპრილში მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ომბუდსმენისა და საიას არაერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა. „ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ უსამართლო ნორმების დიდ ნაწილს აუქმებს, საფუძვლად ედება კანონის რეფორმას“, — წერს მენაბდე.
  • 2011 წელს უკვე პარლამენტში განიხილეს მანიფესტაციის კანონის რეფორმა, საიას ჩართულობითა და მონაწილეობით. „საბოლოოდ კანონიდან ქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აქციის გამართვისას სახელმწიფოს გაფრთხილება აუცილებელია, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება“, — წერს მენაბდე და იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, კანონში ეს ეწერა, იქამდე ეს ნორმა არავის აუმოქმედებია და ტროტუარზე დგომისთვის გაფრთხილება არ მოუთხოვია.

„2025 წლის 11 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ” 14 წლის წინ ბრძოლით მოპოვებული უფლება წაგვართვა და ეს აბსურდული ჩანაწერი კანონში დააბრუნა: „გათვალისწინებულია შსს-ს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის […] სავალ ადგილას იმართება.“ ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს წინასწარი პროცედურების გავლას სთხოვენ იმ ადგილას (ტროტუარი) დგომისთვის, რაც ისედაც მათთვის არის გამოყოფილი“, — წერს ვახუშტი მენაბდე.

მთავარ ფოტოზე ტროტუარის საქმეების მონაწილე დემონსტრანტები. მარცხნიდან მარჯვნივ: გიორგი ბულია, ანი ახმეტელი, ელენე ჯღარკავა, მარინა ჟვანია.