უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას ავრცელებს გასულ ღამეს, უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ. მისი ინფორმაციით, ამჯერად უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურის სამიზნე იყო ყირიმის ხიდი. უფრო ზუსტად – ხიდის ორივე მხარეს არსებული სამხედრო, ლოჯისტიკური და ნავთობის მრეწველობის ობიექტები.

“ყველაფერი ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის სასტიკ თავდასხმებზე. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებს, უკრაინის დაზვერვასა და სპეციალური ოპერაციების სამსახურის სამხედროებს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე შესრულებული წარმატებული სამუშაოსთვის.

მათ დარტყმა მიაყენეს ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებს: საზღვაო ლოჯისტიკას, რომელიც გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის კრასნოდარის მხარეში. ასევე, ნავთობის საწყობს დროებით ოკუპირებულ ქერჩში […] მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის სიზუსტისა და პროფესიონალიზმისთვის.

რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო შესაძლებლობები კი ნამდვილად მშვიდობას ემსახურება. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი წერს ამავე პერიოდში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგებზეც. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს, ზაპოროჟიესა და პოლტავაში რუსებმა მოკლეს 7 ადამიანი და დაჭრეს 38, რომელთაგან 6 ბავშვია. რუსებმა დაბომბეს დნეპრის, ხარკოვის, ოდესის, სუმის, დონეცკისა, კიროვოგრადისა და როვნოს რეგიონებიც.

“ჩვენი ფრონის ხაზი და სასაზღვრო დასახლებები მუდმივად დრონების სამიზნეა. მხოლოდ ამ კვირაში, რუსეთმა ჯამში 2200 დრონი, 1800 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 87 რაკეტა გამოიყენა უკრაინაზე თავდასასხმელად”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.


რამდენიმე დღის წინ, 2026 წლის 18 ივნისს, უკრაინამ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე. რუსეთის დედაქალაქს თითქმის 200-მა დრონმა შეუტია, კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში კი ამ შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა

კაპოტნიის ქარხანა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე ორი დღით ადრე, 16 ივნისის ღამესაც გახდა, მანამდე კი — მაისის შუა რიცხვებში. ამ თავდასხმების შემდეგ, Reuters-ის წყაროების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ამავე თემაზე: