ევროკომისია დღეიდან აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. ამიერიდან, მათ მოეთხოვებათ ვიზის ქონა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.

ევროკომისიის განცხადებით, ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა იმის საპასუხოდ, რომ საქართველო განზრახ და სისტემატურად არღვევს უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებულ ვალდებულებებს.

„ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას და საერთო ღირებულებების ხელშეწყობას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ვიზალიბერალიზაცია“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

რეკომენდაციები

გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი ქვეყნების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა დაეხმაროს მათ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში.

სახელმძღვანელო მითითებები რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის საზღვრების გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნით მგზავრობისას უნდა გამოიყენონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამ წესის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

ევროკომისიის განცხადებით, წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის შემოწმება ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა (EES), რომელიც ეტაპობრივად ინერგება ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან, კომისიის თანახმად, ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოების სკრინინგის დამატებით ფენას.

„გარდა ამისა, როდესაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები მიმართავენ შენგენის ვიზის ასაღებად, წევრ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, რაც მოიცავს გასაუბრებას და განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. წევრმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ვიზის გაცემაზე განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

სახელმძღვანელო პრინციპები წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში, სავიზო სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 27 მარტს წარედგინება. კომისია აცხადებს, რომ წევრ ქვეყნებთან ერთად ყურადღებით დააკვირდება მათ იმპლემენტაციას.

შემდეგი ნაბიჯები

დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შედის დღეს, 6 მარტს და გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე. თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხები არ იქნება მოგვარებული, კომისიას შეუძლია გააგრძელოს შეჩერების ვადა კიდევ 24 თვემდე.

კომისიას ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომის გავრცელების შესახებ საქართველოს ყველა მოქალაქეზე .

„ამ დროის განმავლობაში, ვითარების გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში“, — აცხადებს ევროკომისია.

რით განსხვავდება ეს შეჩერება 2025 წლის გადაწყვეტილებისგან?

ევროკავშირმა 2025 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. მაშინ შეჩერდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ 2011 წელს მიღებული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება იმპლემენტირებულია ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის მიერ.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის შეთანხმების მიმართ ამოქმედდა დროებითი შეჩერების განახლებული მექანიზმი და მაქსიმუმ 3 წელიწადში, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეჩერდეს.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, ხელახლა აწესებს სავიზო მოთხოვნას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის დონეზე (ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ყოფნისთვის) და გამორიცხავს ამ ჯგუფებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათების შესაძლებლობას. შეჩერება მიიღებს ევროკომისიის იმპლემენტაციის რეგულაციის ფორმას, რომელზეც წევრმა ქვეყნებმა დადებითი დასკვნა 2026 წლის თებერვალში გასცეს, კომიტეტური პროცედურის შესაბამისად.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომელიც ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა, ევროკავშირს აძლევს უფრო ძლიერ და სწრაფ ინსტრუმენტებს, რათა რეაგირება მოახდინოს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებაზე, უსაფრთხოების რისკებსა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ უკუსვლაზე.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომლის მიმართაც ევროკავშირმა ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი აამოქმედა. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი 2018 წლიდან მოქმედებს. ძველი სახით, მხოლოდ ერთხელ, 2024 წელს ვანუატუს შემთხვევაში იქნა გამოყენებული.

ავტორი: ნინო ჩიჩუა