საზოგადოება

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

27 იანვარი, 2025 •
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება დაამტკიცეს.

„დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს“, — ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

„ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“, — განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა ტომაშ სიმონიაკმა.

სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. იგი ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას ევროკავშირში ყოფნისთვის არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ — და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ — ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.

ბრიუსელში დღეს გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში მიმდინარე რეპრესიების გამო.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციით და ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორც ეუთოს თავმჯდომარემ. ეუთო-მ ODIHR-ის მეშვეობით გასულ წელს გამოსცა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე, რეკომენდაციებით ახალი არჩევნებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რადგან ეს არ არის მისაღები ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, და მეორე, რა თქმა უნდა, თუ გსურთ დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად ისეთი არჩევნების ორგანიზებით, რომელიც ნამდვილად ითვალისწინებს ხალხის ჭეშმარიტ აზრს“, — განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბადრისის თქმით, საქართველოში კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი, ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატია მარცხდება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ქართველებს სურთ ევროპული მომავალი, 50 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, რაც ჩვენს მხარესაც აკისრებს პასუხისმგებლობას. გავიხსენეთ ევროკავშირის ბოლო საგარეო საქმეთა საბჭო, როდესაც ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი, უფრო ძლიერი გზავნილით და უფრო ძლიერი შემზღუდველი ზომებით გამოვსულიყავით, როგორც ეს ლიეტუვაში გავაკეთეთ“, — თქვა ბადრისმა.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში ჟურნალისტების გამო“, — თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის მზია ამაღლობელის პატიმრობისა და შიმშილობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც თავისუფალი დემონსტრაციების რეპრესიების დროს დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს საქართველოს ევროპულ გზაზე მუშაობა და საკმაოდ კრიტიკულები ვართ არჩევნების მიმართ“, — განაცხადა ველდკამპმა.

მისი თქმით, ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე საქართველოში, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ესტონეთი კი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის სრულად გაუქმების საკითხს აყენებს.

„საქართველოში კარგი ვითარება არ არის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ, რასაც ესტონეთი სთავაზობს, არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. არ ვსაუბრობ ხვალვე გაუქმებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა გავაგზავნოთ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს თავის ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ჩვენ არ გვჯერა იმის, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა-ფასილიტაციის შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.

 

ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი