ჟურნალისტ ლეილა ცომაიას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ის გათავისუფლდება დღეს, 6 ნოემბერს, 22:50 საათზე – დაკავების ოქმის შემდეგიდან 24 საათის შემდეგ.
დღეს, 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს ცომაიას სავარაუდო სამართალდარღვევის 8 ეპიზოდზე. რვავე შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ეხებოდა. საუბარია 23, 24, 25, 30 და 31 ოქტომბერსა და 2, 3 და 5 ნოემბერზე.
“ბრალს გვდებთ გზების გადაკეტვაში, როდესაც სახელმწიფო, არალეგიტიმური ე.წ. ხელისუფლება გვართმევს სახელმწიფოებრიობას, თავზე გვახევს კონსტიტუციას, ცვლის პოლიტიკურ კურსს, რისთვისაც 30 წელი ვიბრძოდით. სრულიად ახალგაზრდებმა ვთქვით უარი საკუთარ ცხოვრებაზე.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ლოგიკური პასუხი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. გზებს გადავკეტავთ ყოველთვის და მეტსაც მოვიფიქრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ჩრდილოვანი მმართველი, ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი. კონსტიტუციით უნდა იმართებოდეს ქვეყანა. არ დავემორჩილებით არსებულ რეჟიმს, რომელმაც დააკნინა ქართველი ერი“, – განაცხადა ლეილა ცომაიამ სხდომათა დარბაზში.
ცომაიას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები – მამუკა იაშვილი და მარიამ ჩხეიძე.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიცავდე ადამიანს, რომელიც ლეგიტიმური ხელისუფლების (ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების) დამხობის შემდეგ იცავდა და იცავს ამ ქვეყანას“, – განაცხადა იაშვილმა.
მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა იმ საფუძვლით, რომ ლელა ცაგარეიშვილი “ანტიდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების საქმეებზე უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების გამო ესტონეთისგან დასანქცირებულია”.
შსს-ს წარმომადგენლებმა, სალომე ქირიამ და თეკლე კობახიძემ კი განაცხადეს, რომ “რომელიღაც სახელმწიფოს” მხრიდან დასანქცირება მოსამართლის მიკერძოებულობის ინდიკატორი და აცილების საფუძველი ვერ გახდება.
ლელა ცაგარეიშვილმა საკუთარი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებულია, მასზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები გავლენას ვერ მოახდენს, მით უფრო “სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
