პოლიციამ დააკავ სამი ქალი, რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებათ ბრალად. დაკავებული ქალები არის 25, 31 და 43 წლისები. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა. მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული და დაზარალებული დანიშნულები იყვნენ და მათ რამდენიმე დღეში უნდა ექორწინათ. ინციდენტი მოხდა იმ ბინაში, სადაც წყვილს ქორწინების შემდეგ უნდა ეცხოვრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული ქალი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც საქმრო სხვა ქალთან ერთად ნახა. სწორედ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

TV პირველის ინფორმაციით, დაიჭრა როგორც კაცი – დაკავებულის საქმრო, ისე მასთან ერთად მყოფი ქალი. თუმცა, შსს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დაზარალებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დაკავებულებს, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში წარუდგენენ ბრალს, შემდეგ კი სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.