ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს გემი „მადლინი“, რომლის ბორტზეც 12 ადამიანი, მათ შორის შვედი გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგი და ფრანგი კანონმდებელი რიმა ჰასანი იმყოფებიან.

გრეტა თუნბერგმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ გატაცებულია ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გემი ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში ჩავიდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, აქტივისტებს აჩვენებენ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმების ვიდეოს და დააბრუნებენ.

ისრაელმა თქვა, რომ ეს არის „იახტა სელფისთვის“, რომელსაც „ერთ სატვირთო მანქანაზე ნაკლები დახმარება“ გადააქვს. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც გემის ეკიპაჟს წყალს და სენდვიჩებს ურიგებენ, და დაწერა, რომ „შოუ დასრულებულია“. მათივე ცნობით, გრეტა თუნბერგი „უსაფრთხოდ და კარგ ხასიათზეა“ და ისრაელისკენ მიემართება.

პალესტინის მხარდამჭერი კოალიცია „თავისუფლების ფლოტილიის“ გემი Madleen  პირველ ივნისს სიცილიიდან გავიდა. აქტივისტები ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას, ღაზის სექტორში ჩასვლას და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას გეგმავდა.