ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„საქართველოს ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე“ — აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი

11 ნოემბერი, 2024 •
„საქართველოს ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე“ — აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი

საქართველოში დაპატიმრებული, აზერბაიჯანში ძებნილი ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, შვილებთან და მხარდამჭერებთან ერთად ქმრის გათავისუფლებას ითხოვს.

„სახელმწიფოს, რომელიც თავისუფლებაზე და განვითარებაზე საუბრობს, ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი. 52-ე დღეა, რაც ის შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. დღე-დღეზე ველოდებით, რომ შესაძლოა, კომაშიც ჩავარდეს. ძალიან კარგად იცის ალიევის რეჟიმმა, რა მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე, თუმცა ტოვებენ მას ტყვეობაში. ჩვენ ისედაც დავტოვებთ საქართველოს. არ ვაპირებთ აქ დარჩენას. ვითხოვთ, რომ დასრულდეს მისი ტყვეობა საქართველოში ალიევის გავლენით“, — ამბობს სადიგოვა.

თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, იურისტი და უფლებადამცველი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იმედი აქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, აფგან სადიგოვის სიკვდილში არ გაისვაროს ხელი.

„აფგან სადიგოვი წინა წლებში იყო პოლიტიკური პატიმარი აზერბაიჯანში, მაგრამ დღეს ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარიც არის. მას თვითნებურად, დაუსაბუთებლად შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. მიგრაციის დეპარტამენტმა ასევე დაუსაბუთებლად უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი. ჩვენ ახლა სასამართლოში გვიწევს დავა, რომ ვამტკიცოთ პოლიტიკური დევნა აზერბაიჯანში, და რომ მისი ექსტრადიცია დაუშვებელია. რადგან ის შეიძლება ძალიან მძიმე და საბაზისო უფლებების დარღვევის მსხვერპლი აღმოჩნდეს ალიევის რეჟიმის პირობებში.

სადიგოვი თითქმის 60 დღეა შიმშილობს. 35 კილო დაიკლო. ექიმების პროგნოზი ძალიან მძიმეა. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სიფხიზლე და არ გაისვრის ხელს ამ პატიოსანი, გაბედული ჟურნალისტის სიკვდილში“, — ამბობს თამთა მიქელაძე.

დაკავებული ჟურნალისტისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად აზერბაიჯანის საელჩოსთან  მივიდა შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგიც.

„მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა, მოითხოვოს სამართლიანობა და დაუყოვნებლივი გათავისუფლება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, აფგან სადიგოვისა.

აბსოლუტურად მიუღებელია, რომ აზერბაიჯანი საკუთარი მოსახლეობის რეპრესიებს ეწევა, ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით და ითხოვენ დემოკრატიას“, — უთხრა ნეტგაზეთს გრეტა თუნბერგმა აზერბაიჯანის საელჩოს წინ.

პირველ ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ სადიგოვის მიმართ “ნაკლებად შემზღუდავი ზომა” (გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება) გამოეყენებინა და პატიმრობა ძალაში დატოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა შიმშილობა თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბერს დაიწყო. შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი