შვედი გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგი, რომელმაც მანამდე ბოიკოტი გამოუცხადა ბაქოში “COP-29-ის” კონფერენციას, სომხეთში ჩავიდა. ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი მობილიზაციისა და მხარდაჭერის ცენტრის პრეზიდენტმა ოლეგ დულგარიანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განაცხადა.
“დიდი პასუხისმგებლობითა და კმაყოფილებით შევხვდი შვედ გარემოსდაცვით აქტივისტს, გრეტა თუნბერგს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, რომელიც სომხეთში ჩამოვიდა, ბაქოში გამართული “COP-29-ის” ბოიკოტირების შემდეგ. შემდეგი პროცესების შესახებ უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ”,- აღნიშნა დულგარიანმა თავის პოსტში.
გასულ დღეებში აქტივისტი თბილისში იყო, სადაც მიმდინარე აქციებს ესწრებოდა. გარდა ამისა, 11 ნოემბერს მან თავად დააანონსა აქცია თბილისში „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ, რომელიც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ აქტივისტებთან ერთად გამართა.
როგორც აქტივისტი წერს, „კავკასიის რეგიონში ივანიშვილი, პუტინი, ერდოღანი, ასევე ირანის თეოკრატიული რეჟიმი კონტროლს აძლიერებენ, ავიწროებენ საკუთარ ხალხს, აზერბაიჯანი კი კლიმატის კონფერენციას ფასადისთვის იყენებს, აძლიერებს რა ავტორიტარულ კონტროლს.
“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში. აზერბაიჯანი, რომელიც იყენებს “COP29-ს” ფასადად, აძლიერებს კონტროლს ყალბი “მწვანე” დღის წესრიგით, ამკაცრებს ძალაუფლებას და ესკალაციას უწევს რეგიონულ დაძაბულობას.”
ის წერს, რომ 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში “აზერბაიჯანის რეჟიმი ალიევის ხელმძღვანელობით ჩაგრავდა ხალხს, ხელს უწყობდა სიღარიბეს, შიშსა და დუმილს”.
“ეს ავტორიტარული ტენდენცია არ არის იზოლირებული – რეგიონის მასშტაბით, ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის, ირანის თეოკრატიული რეჟიმი აძლიერებს კონტროლს. ისინი ავიწროებენ საკუთარ ხალხს და იყენებენ ომსა და ეთნიკურ წმენდას სომხების, უკრაინელების, ქურთებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ გამოყენებული სასტიკი პოლიტიკის გასამართლებლად“, – წერს შვედი აქტივისტი.