ახალი ამბები

გრეტა თუნბერგი: საქართველოს მთავრობა ბლოკავს დემოკრატიის გზას და იღებს რუსული სტილის კანონებს

12 ნოემბერი, 2024 •
გრეტა თუნბერგი: საქართველოს მთავრობა ბლოკავს დემოკრატიის გზას და იღებს რუსული სტილის კანონებს

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი უერთდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

გრეტა თუნბერგი საქართველოში ვიზიტს ვრცელი პოსტით აჯამებს და ამბობს, რომ მსოფლიომ ქართველი ხალხის სათქმელი უნდა გაიგონოს.

„ბოლო კვირა გავატარე საქართველოში, ვესაუბრე მამაც აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატიის ეროზიას ეწინააღმდეგებიან. ისინი აპროტესტებენ მთავრობას, რომელმაც გააყალბა ბოლო არჩევნები და იერიში მიიტანა თავისუფლებისა და თანასწორობის საფუძვლებზე. მე ვდგავარ საქართველოს ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც იღებს სახიფათო კანონებს განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად — კანონებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ ასახელებს, და კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავს, ლგბტქ ადამიანებს ძირითადი უფლებები წაართვას. ეს კანონები არ არის მხოლოდ მავნე. ისინი ნაწილია უფრო ფართო ძალისხმევის, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფლების ჩახშობას, თანასწორობის წაშლასა და ნებისმიერის გაჩერებას, ვინც ივანიშვილის ძალაუფლების გამოწვევას გაბედავს“, — წერს თუნბერგი.

შვედი აქტივისტი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში უპირისპირდებიან პოლიციის სისასტიკესა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობას.

„მათ გადაწყვეტილი აქვთ დემოკრატიული მომავლისკენ სვლა, მაგრამ მთავრობა ბლოკავს ამ გზას. დემოკრატიისკენ წასვლის ნაცვლად, მთავრობა იღებს რუსული სტილის კანონებს, რომლებიც ზღუდავს თავისუფლებას“, — ამბობს თუნბერგი.

ის ეხმაურება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც და წერს, რომ მმართველი პარტია აცხადებს გამარჯვებას, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, არჩევნების დამკვირვებლების ჩათვლით, მკაფიოდ განაცხადა, რომ შედეგები არ ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას.

„დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი დარღვევები როგორც არჩევნების წინ, ასევე, არჩევნების დღეს. მე ვდგავარ საქართველოს მოქალაქეების გვერდით სრული გამოძიებისა და ახალი, ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებაში. მსოფლიომ მათ ყურადღება უნდა მიაქციოს. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მათი ხმის გაგონებას. ისინი იმსახურებენ შანსს, აირჩიონ თავიანთი მომავალი. ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა. ეს არის ყველა ადამიანის ბრძოლა, ვისაც სჯერა თავისუფლების, თანასწორობის და სამართლიანობის და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით“, — წერს თუნბერგი.

გრეტა თუნბერგი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ის დაწყებამდე, 11 ნოემბერს, მან ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ აქტივისტებთან ერთად თბილისში გამართა აქცია „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ. ასევე, შეუერთდა აქციებს, რომლებზეც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი