2024 წლის არჩევნებზე ხმა როგორც კი მივეცი, მარნეულში წავედი. ამ ოლქში დილიდან არაერთი ახალი ამბავი მოდიოდა დარღვევების თაობაზე.
მარნეულის არჩევნები ხუთი უბნის მაგალითზე
როგორც კი ქალაქში შევედი, მესამე უბანი მოვძებნე. ის სკოლის შენობაში, ერთ პატარა საკლასო ოთახშია განთავსებული. ეზოში, ხის სკამებზე რამდენიმე ადგილობრივი შევნიშნე, სანამ მივუახლოვდი, ფურცლები დამალეს. “ეს რა დოკუმენტებია” – ვეკითხები ჩემი დამტვრეული რუსულით. ცოცხალი თავით არ მაჩვენებენ. ხმა მივეცით და ჩაის დასალევად ჩამოვსხედითო, მიპასუხეს.
საარჩევნო ოთახში ქაოსი და ხმაური მხვდება. ამ პატარა სივრცეში უამრავი ხალხია. პატარა ვიდეოს ვიღებ და უკან გამოვდივარ, კენჭისყრის პროცესს რომ არ შევუშალო ხელი. თან მინდა ფურცლებიან კოორდინატორებს დერეფნის ფანჯრიდან გადავხედო.
გამოსვლისას, ათიოდე ნაბიჯში, ერთ-ერთ საკლასო ოთახში კეპიანი ტიპი დავინახე, ხელში ფურცლებით. ტელეფონი მოვიმარჯვე და თავზე დავადექი. “ეს რა სიაა?” – ქართულად ვეკითხები. არაფერი, იყო პასუხი. “ატ კუდა ვი” – ისევ ჩემი კოჭლი რუსული მოვიშველიე.
@batumelebi.netgazeti მარნეულის მესამე საარჩევნო უბანი. #batumelebi #ბათუმელები ♬ original sound – Batumelebi | Netgazeti
ნეტგაზეთის გუნდისთვის ვიდეოს გაგზავნის შემდეგ, ჟურნალისტების ჩატში შევიხედე. ასე გავიგე, რომ სადახლოში, 69-ე უბანს აყალბებდნენ და რომ არა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების, “ჩემი ხმის” დამკვირვებელი, ამ შემთხვევის შესახებ ვერ გავიგებდით.
იქ მისულს გარეთ უამრავი ადგილობრივი დამხვდა. საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის მიუხედავად, კენჭისყრის პროცესი გრძელდებოდა. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა მითხრა, რომ პოლიცია გამოძახებული ჰყავდათ. თუმცა თქვენც შეამჩნევდით, რომ ამ დღეს პოლიცია ან საერთოდ არ მიდიოდა საარჩევნო უბნებზე, ან აგვიანებდა.
მალე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლები და სხვა ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ. ასეთი დარღვევის არშემჩნევა უკვე აღარ გამოდიოდა და ცესკომ უბნის დახურვა გადაწყვიტა.
ამის პარალელურად, ტემპერატურა აიწია სოფელ ყიზილ-აჯლოში, 74-ე უბანზე. აქ “ჩემი ხმის” დამკვირვებლის გაძევებას ცდილობდნენ, რომელმაც, როგორც ამბობს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დააფიქსირა.
ამ დროს უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, აზად ქერიმოვი მივიდა, რომელსაც სცემეს. მისი თქმით, ეს საკრებულოს წევრმა გააკეთა, ქართული ოცნებიდან, რომელსაც 30 ადამიანი ეხმარებოდა.

მარნეულის ცენტრში დაბრუნებული, მეორე საარჩევნო უბანს მივადექი. აქ კარუსელის შემთხვევა დაფიქსირდა. პარლამენტის წევრის, ზაურ დარგალის ძმის პასპორტით სხვა პირი ცდილობდა ხმის მიცემას.
ეს შეამჩნიეს დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა და საუბნო კომისიის წევრებს საშუალება არ მისცეს, მისთვის ბიულეტენი მიეცათ.

იმის გარდა, რომ უბანზე გაყალბებას ხელი უნდა შეუშალო, ასევე საჭიროა მისი დოკუმენტირება, ვიდეომტკიცებულებების გაკეთება, გასაჩივრება და ა.შ. რასაც აკეთებდნენ კიდევაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან. თუმცა, რადგან საარჩევნო კომისიის წევრების უმრავლესობა ხელისუფლების მხარდამჭერია, დამკვირვებლებს მუშაობა უწევთ დამამცირებელ გარემოში, მუდმივ წნეხსა და ზეწოლაში. ამას არც ჟურნალისტებს აკლებენ.
უნდა ითქვას, რომ მარნეულში, უფრო მეტი დამკვირვებლის პირობებში, შესაძლოა უფრო მეტი დარღვევის პრევენცია მომხდარიყო, თუმცა ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, რესურსებთანაა დაკავშირებული.
@batumelebi.netgazeti სხვისი პასპორტის გამოყენება მარნეულში #არჩევნები2024 ♬ original sound – Batumelebi | Netgazeti
რაც მეოთხე უბანზე ვნახე, მოლოდინს გადაამეტა. უკვე საღამოვდებოდა, როცა აქ მოვედი. მოვედი, რადგან საიას დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს საუბნო კომისიის წევრი ფიზიკურად შეეხო. როგორც სხვა დამკვირვებელი მეუბნება, გოცირიძემ უბანზე საარჩევნო დარღვევები დააფიქსირა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.
ჩემი დაკვირვებით, ამ უბანზე:
- არ მოწმდებოდა მარკირება;
- არ ხდებოდა მარკირება;
- ხმას აძლევდნენ სხვისი პასპორტებით;
- ერთი და იგივე პირი ხმას აძლევდა რამდენჯერმე.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა დაპირისპირების ვიდეოც გადაიღო.
სკოლის ეზოში ხალხი ირეოდა. საფეხურები ავირბინე და უბანში შევედი. რეგისტრატორების მაგიდები კედელთან ისე ახლოს დგას, რომ სკამები კედელსაა მიბჯენილი. ეს მის უკან დადგომასა და კონტროლს შეუძლებელს ხდის. დამკვირვებელს არ შეუძლია შეხედოს, პასპორტი ნამდვილად უბანზე შემოსულ პირს ეკუთვნის თუ არა. სწორედ ამ მაგიდასთან მონიტორინგით შეუძლია დამკვირვებელს აღკვეთოს ე.წ. კარუსელი, როდესაც სხვა ადამიანი სხვისი პირადობით ან პასპორტით აძლევს ხმას.
აქ შევხვდი ევა სადიკოვას, “ხმის გუშაგის” წარმომადგენელს, რომელმაც გაყალბების ოცამდე შემთხვევა დათვალა. ის მომიყვა, რომ პასპორტით მოსული პირები კონკრეტულად ერთ რეგისტრატორთან მიდიან. ეს რეგისტრატორი კი ქართულ ოცნებას წარმოადგენს და გაყალბების სქემის მნიშვნელოვანი რგოლია.
შესაბამისად, მისი თქმით, მოხდა ისეც, რომ კაცი ქალის პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას.
საიდან ჩნდება მათ ხელში პასპორტი?
მეოთხე საარჩევნო უბანთან მთელი დღე იდგნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ან მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მოსულ პირებს პასპორტებს ურიგებდნენ.
“სტუდიო მონიტორის” ჟურნალისტებმა გადაიღეს, თუ როგორ აძლევს პასპორტს “საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის” დამკვირვებელი ლაშა ბურნაძე ერთ-ერთ ამომრჩეველს. თავად ბურნაძე ამას უარყოფს.
ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა, პასპორტებს სხვა პირებიც არიგებდნენ.
საღამოს, 18:06 წუთზე, როცა ხმის მიცემის ოთახში ვიყავი, გარეთ მყოფმა თანამშრომელმა მომწერა, რომ რამდენიმე ადამიანს მისცეს პასპორტი. ოთახში რომ შემოვიდნენ, კამერა ჩავრთე.
კომისიის წევრის სკამი კარზეა მიდგმული. ამომრჩევლები მარკირების შემოწმებისას დარბაზიდან ზურგშექცევით დგებიან, რასაც მაგიდის განლაგებაც ემატება და მარკირების შემმოწმებელი ხდება მიუდგომელი ციხე-სიმაგრე.

შემოსულებმა პასპორტი რეგისტრატორებს მიაწოდეს. ვცდილობ ,პროცესი გვერდიდან გადავიღო, პასპორტში სურათსაც რომ მოვკრა თვალი.
მაგიდა და სკამი კედელთან ისე დგას, ამ რეგისტრატორს ზურგიდან ვერ დააკვირდები. პასპორტს სიფრთხილით ეკიდება, ცდილობს, ძალიანაც არ გადაშალოს.
შეუძლებელია გაარჩიო პასპორტის ფოტო და ვერ ამოწმებ, ნამდვილად იქ დაბეჭდილი პირადი ნომერი შეჰყავს თუ პატარა ფურცელია ჩადებული, ზედ წაწერილი პირადი ნომრით, როგორც ამას სადამკვირვებლო მისიები ვარაუდობენ.
სარეგისტრაციო აპარატმა ხმა გამოსცა, რაც იმის სიგნალია, რომ ეს ამომრჩეველი ამ უბანზე არ არის რეგისტრირებული ან ხმა უკვე მისცა.
3 ისეთი ამომრჩევლისგან, ვინც გადავიღე, 2 უკან გააბრუნეს, ერთმა, რომლის რეგისტრაციის დროსაც აპარატმა სიგნალი არ გამოსცა, ხმა მისცა.
19:30- ზე კიდევ ორი ამომრჩეველი შემოვიდა. უბანზე უკვე ბევრი ჟურნალისტი იყო, დახურვას ველოდებოდით. კომისიის ერთ-ერთ წევრს ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, არ დაიღალეთ? ჩემს დასანახად მაინც გააბრუნეთ ვინმე-მეთქი. თან მარკირების შემოწმების დაკვირვებისთვის კართან მივედი. ორივე მათგანი მარკირებული იყო. “აი, ხომ გავაბრუნეო” ,- მითხრა.
8 საათზე მეოთხე უბანი დაიკეტა. სულ მონაწილეობა მიიღო 895-მა ამომრჩეველმა, 17 ბიულეტენი გაბათილდა. ხელისუფლებამ დააგროვა 629 ხმა, რაც საერთო ხმების 71.64 % არის.

მოგვიანებით, of record საუბარში ხელისუფლების მხარდამჭერები თვითონვე ადასტურებდნენ რომ პასპორტები რიგდებოდა. რამდენიმე მათგანთან ვცადე გარკვევა, თუ როგორ მუშაობს ეს სქემა.
“მე მხოლოდ პასპორტებს ვარიგებ. იმ აპარატში რა, როგორ ხდება, მაგას მე ვინ გამაგებინებსო”, – მითხრა ერთმა.
მეორეს ვთხოვე მოეყოლა, ერთსა და იმავე პასპორტებს ატრიალებდნენ თუ სხვადასხვას და საერთოდ ყალბი პასპორტებიც ხომ არ მონაწილეობს სქემაში? ისიც ვკითხე, რა მექანიზმით უვლიდნენ გვერდს სისტემას, რომელმაც, წესით, უნდა უზრუნველყოფს, რომ ერთი ადამიანის პირადი მონაცემებით რამდენჯერმე ხმა ვერ მისცე: საარჩევნო სიები იყო დუბლირებული? პირად-ნომრიანი ფურცლები იდო პასპორტში? თუ აპარატით მანიპულირება ხდებოდა?
კეთილი კაცი იყო და დამპირდა, რომ მომდევნო არჩევნების წინ მასწავლის.
ამავე თემაზე:
