დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტებისა და ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ევროპელებს საქართველოში“ და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
მათი განცხადებით:
„არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. არჩევნებამდე არსებული პოლიტიკური კლიმატი არ შეესაბამებოდა სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებს. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ხმები კი ნაყიდი იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები ამას ცხადად მოწმობს.
არჩევანი იყო ევროპასა ან იზოლაციას შორის. დემოკრატიასა ან ავტორიტარიზმს შორის. თავისუფლებასა ან რუსიფიკაციას შორის. ცხადია, რომ საარჩევნო კამპანისას საკმარისად ნათელი არ იყო, რომ ევროკავშირის დაახლოება მმართველ პარტიასთან და მის პოლიტიკასთან, ვერ გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უბრალოდ არ შეესაბამება ევროკავშირს. „გლობალური ომის პარტიის“, – რომელსაც საქართველოს მეორე უკრაინად გადაქცევა სურს, – კამპანია, ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვდა. მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ის სახელით უნდა მოიხსენიოთ. ეს რუსეთია.
ამის ფონზე, ევროკავშირი უბრალოდ ვერ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
ვითხოვთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია უსამართლო გავლენაზე არჩევნებზე, და დაშინებასა და მუქარებზე ხალხისა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, განცხადების ხელმომწერნი ამბობენ, რომ მათ არ უნდა მიატოვონ ქართული საზოგადოების პრო-ევროპული ნაწილი. ისინი აგრეთვე არ ემხრობიან „კოლექტიური სასჯელის ისეთ ზომებს, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია“. პარლამენტარები შიშობენ, რომ საქართველოდან შეიძლება განათლებული ახალგაზრდების გადინება მოხდეს, რაც „ტრაგედია იქნება ქვეყნის ევროპული ორიენტაციისთვის“.
პარლამენტარების თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოს „ბელარუსიზაციის“ პერსპექტივით – თუ მმართველი პარტია ოპოზიციის აკრძალვის და სხვა დანაპირებებს შეასრულებს. „ევროკავშირმა ნათლად უნდა განუმარტოს მმართველ ძალას, რომ ამას არ მიიღებს და შედეგი ურთიერთობის სრული გაწყვეტა იქნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პარლამენტარები აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ემანუელის ზინგერისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ჟიგის პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ჩარლზ ფლანაგანი, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტის დეპუტატი
- ბოგდან კლიხი, პოლონეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- კერსტინ ლანგრენი, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- ლია კუარტაპელე, იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ინარა მუნიეცე, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- რადოსლავ ვოგიელი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ალი ეჰსასი, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
