სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მიესალმებიან აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95-მილიონ დოლარზე მეტის დახმარების შეჩერებას და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება აგზავნის სიგნალს, რომ ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არაა და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები მოჰყვა.

ამის შესახებ სენატორების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი და საგარეო კომიტეტის წამყვანი წევრია.

ასევე რესპუბლიკელი სენატორ ჯიმ რიშიც საგარეო კომიტეტის წამყვანი წევრია.

„ჩვენ მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ „უცხოელი აგენტების“ კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა მოსკოვისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ.

საქართველოს მთავრობას არასწორად სჯეროდა, რომ მისი უარი თავის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებთან დაკავშირებით გავლენას არ მოახდენდა შეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობაზე.

დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

სენატორების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მიერ მთავრობისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების ორპარტიული მხარდაჭერა ასახავს ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთ პუნქტს, „ქართველი ხალხის აქტისა“, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას.

ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული სვლის გაგრძელებაში.

შეერთებული შტატები მზადაა ხელახლა ჩაერთოს, როდესაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ“, – აღნიშნულია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, 31 ივლისს გამოაცხადა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის დახმარების შეჩერების მიუხედავად, აშშ აგრძელებს ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.