საზოგადოება

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ზე მეტის დახმარებას აჩერებს – ბლინკენი

31 ივლისი, 2024 •
აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ზე მეტის დახმარებას აჩერებს – ბლინკენი

აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას აჩერებს.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან“, – აცხადებს ბლინკენი.

ამასთან, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს დახმარებას ისეთ პროგრამებსა და აქტივობებში, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

„ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის 32-წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაიღო, რითაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.

ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებაში, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, მომზადდა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პროფესიონალები.

ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული“, – აცხადებს ბლინკენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი