საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს, 13 მარტს, ორჯერ დაკარგა გონება.

მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ იგი „კარგად არ არის“, ხოლო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული დაპირების მიუხედავად, მასთან ევროპელ ექიმებს არ უშვებენ.

სააკაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკოსები და სხვა პირები მის გათავისუფლებას ითხოვენ:

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება.

ეს არის სრულიად უპრეცედენტო დემარში. წინა დღით საფრანგეთის მთავარმა გაზეთმა Le figaro-მ გამოაქვეყნა ჩემი ვრცელი ინტერვიუ.
მსოფლიოში სახელგანთქმულმა მოაზროვნემ ბერნარ ლევიმ ყველაზე მთავარ ამერიკულ ჟურნალში TIME-ში გამოაქვეყნა ჩემზე სტატია.
დღეს შემატყობინეს, რომ მომენიჭა ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული პრემია“, – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში დახმარების სურვილი აქვს, ხოლო უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, „აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ ჰქონდეს“, ვინაიდან აქტიურად დაეხმარება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.