ახალი ამბები

„ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია“ — ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

18 თებერვალი, 2023 • 1311
„ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია“ — ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციის თემატურ პანელზე კითხვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კარგი მსახიობია, საქართველოს მთავრობა კი პრემიერის განცხადებით, მისთვის მაქსიმალურ კომფორტსა და მკურნალობას უზრუნველყოფს:

„მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მე მინდა ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა. იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე.

ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას. ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები და ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა. ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მისი ოჯახის ლობისტური კომპანიების მხრიდან“ — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი (თარგმანი ტელეკომპანია „იმედი“).

მასალების გადაბეჭდვის წესი