საქართველოში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებით, რომ უკრაინაში ომის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებებით არსებული გამოწვევები გაითვალისწინოს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ღია წერილის შესახებ ნინო კალანდარიშვილს, მის თანაავტორსა და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარეს ვესაუბრეთ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გაყვანის ფონზე, მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ შეეცდება ქართული მხარე სამხედრო ძალით დაიბრუნოს ისინი. თქვენი აზრით, რა საფუძველი აქვს ამ შიშებს?
შიში, რომ ქართული მხარე თავს დაესხმევა აფხაზეთს და ძალით მიიერთებს მას და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, კულტივირებულია ყველა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აფხაზეთში. საქართველოდან მომავალი საფრთხის თემა თითქმის, ეროვნული კონსოლიდაციის მთავარ იდეად არის ქცეული. ეს იმითაც არის ხელსაყრელი რომ სხვა ნებისმიერი პრობლემა, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული, მეორე პლანზე იწევს. აქცენტი კეთდება ქართულ მხარესთან ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. და ეს იმ დროს, და იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა დგას, ამიტომ, მე პირადად, საერთოდ არ მიკვირს, რომ ეს შიშები საზოგადოების შიგნით გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხელოვნურად თუ არახელოვნურად, მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მმართველობის ქვეშ, ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობას.
შესაბამისად, განცხადების ავტორები ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა, მაღალი ტრიბუნიდან განცხადება იმისა, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება სამშვიდობო მიდგომებისა, მნიშვნელოვანია.
რამდენად ერთიანი არიან ამაში სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები და ხელისუფლება და ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი?
ის რომ ჩვენი კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ, ამის გააზრებული განწყობები სამოქალაქო საზოგადოებაში ნამდვილად არის. სამოქალაქო მიდგომებში ანტისაომარი განწყობები კი არ სუსტდება, პირიქით – ძლიერდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად. თუმცა, გარკვეული აგრესიული ჯგუფების მოწოდებებიც გვესმის ხოლმე და კიდევ კარგი, ამ მოწოდებებს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს ხოლმე ფართო მხარდაჭერა. პოლიტიკური სპექტრი კი, პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ არის ერთიანი და იმედია, საომარი რიტორიკის დაუშვებლობაზე გაცხადებული თუ არა, ჩუმი თანხმობა მაინც ექნებათ
რაც უფრო მეტ მსხვერპლს ვხედავთ, მით უფრო ვფიქრობთ მშვიდობაზე.
მოდი, ნუ შევაფასებთ ქართულ საზოგადოებასაც ფეისბუკ პოსტებით, ხმამაღალი განცხადებებითა და მოწოდებებით, რომელიც საბოლოოდ, შეიძლება, ყალბი ანგარიშებიც აღმოჩნდეს. ის, ვინც რეალურად მიდის ომში ქვეყნის დასაცავად, ფეისბუკზე არ პოსტავს “დავირაზმოთ და წავიდეთო”. და ის, ვინც მოუწოდებს, წადითო, ის საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს არ გულისხმობს, ცხადია. როგორც უმბერტო ეკოს წიგნშია, “ვინც მოუწოდებს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთო, საკუთარი სისხლის ბოლო წვეთს არ გულისხმობს”. მე მგონია, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ.
თქვენ, როგორც კონფლიქტოლოგი, თუ იცნობთ თქვენი აფხაზი და ოსი კოლეგების პოზიციებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. გასაგებია ისიც, რომ შიშის გამო, შესაძლოა, ხმამაღლა ვერც საუბრობდნენ რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში წნეხი იმდენად გაიზარდა, რომ ონლაინ პლატფორმებით საუბრის დროსაც ბოლომდე გახსნილი და გულახდილები იმ მხარის წარმომადგენელები არ არიან. ომის დაწყების შემდეგ მე მივიღე ცხინვალიდან ჩემი კოლეგის ტექსტური შეტყობინება, რომელშიც მწერდა, რომ რაც უნდა მოხდეს და როგორც უნდა შეიცვალოს ყველაფერი, ვუყვარვარ, პატივს მვემს და ჩემი იმედი აქვს. როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ, ისეთი მიეცით ამ ტექსტს. მე მგონია, რომ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოზიციებისა ორივე მხარეს, ისევ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. ეს, რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოსაგვარებლად არ არის საკმარისი.
როდესაც მათ პოზიციებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ მხარესაა საჯაროდ გაკეთებული განცხადებები “რუსეთის მხარდაჭერაზე”, მეორე მხარეს კი- ანალიზი იმისა, თუ რეალურად რა ხდება დღეს უკრაინაში. როცა უყურებენ, როგორ იბომბება ღამით ქალაქები უკრაინაში, წარმოუდგენელია, რომ არ გაჩნდეს ასოციაცია იმ ძირითად ბრალდებასთან, რომელსაც ოსებიც და აფხაზებიც გვიყენებდნენ, რომ თითქოს “ღამე ვბომბავდით ქალაქებს”. თუ ჩვენ ცუდები ვიყავით და ვბომბავდით ქალაქებს ღამით, მაშინ რატომ არის რუსეთი კარგი, რომელიც იმავეს აკეთებს? რაც არ უნდა გაძლიერდეს იდეოლოგიური წნეხი, კითხვები, რომელიც ადამიანებს უჩნდებათ, აუცილებლად იარსებებს.
ამასთან, არ უნდა დაგვავვიწყდეს, რომ სრულიად განსხვავებულ ღირებულებით სისტემებში ვარსებობთ ჩვენ და ისინი, ამიტომ არ უნდა გაგკვირდეს, რომ აფხაზებიც და ოსებიც სრულად განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს, ომს უკრაინაში, და რუსეთის ნაბიჯებს. არ უნდა ჩავთვალოთ ეს უცნაურ მოვლენად. შევხედოთ ქართულ საზოგადოებას და იქაც დავინახავთ სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას ამ ომისადმი. სანამ ჩვენ შორის მომავალზე დავილაპარაკებთ, უნდა გავითვალისწონოთ, რომ ვლაპარაკობთ ადამიანებზე განსხვავებული ღირებულებითი სისტემებით, რომელშიც უკვე 25 წელზე მეტია ვარსებობთ.
ამიტომ სწორი მგონია, რომ კონფლიქტებზე მომუშავე ადამიანები უნდა გააქტიურდნენ. მე არ ვიცი, რა შანსებია ამ წუთს სიტუაციის შეცვლის, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია სიტუაციის შეცვლისთვის მზადება ახლა დავიწყოთ.
რამდენად არიან აფხაზური და ოსური საზოგადოებები მზად ცვლილებისთვის ან იმისთვის, რომ დღეს მათთვის არაპოპულარულ დასკვნებამდე მივიდნენ არსებული საინფორმაციო პროპაგანდის პირობებში?
საქართველოშიც სერიოზული გამოწვევაა ის, რომ ჩვენ ყველა ერთი მიმართულებით არ ვფიქრობთ და ყველა არ ვართ პროდასავლელი. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მე მაინც მჯერა, რომ ადამიანი არ არის იმდენად პრიმიტიული და მარტივი, რომ ადვილად და დიდხანს დაემორჩილოს მისთვის მავნე იდეოლოგიურ წნეხს.
წერილში, რომლის თანაავტორი ხართ, ნათქვამია, რომ თბილისმა უნდა გამოხატოს მტკიცე მზაობა, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მხარში ამოუდგეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მომავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქებაში. როგორ უნდა მოხდეს ეს ახლა, როდესაც კიდევ უფრო ძლიერდება წნეხი, მაგალითდ, აფხაზურ არასამთავრობოებზე, რომელთაც ქართულ მხარესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა აკავშირებთ?
ჩვენს წერილში მხოლოდ ქართული მხრიდან მზაობის დადასტურებაზე ვსაუბრობთ.
აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის, რადგან რუსეთის ფედერაციის ტრანშებზე დამოკიდებული ორივე რეგიონი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილები იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, როგორც ჩვენ, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ შეძლოს მათთვის გარკვეული ალტერნატივების ჩვენება.
ცხადია, მაშინვე იქნება პასუხი მათი მხრიდან, რომ არაფერი სჭირდებათ თბილსისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს გაკეთებული ასეთი შეთავაზება. რა ტიპის დახმარება შეიძლება გაეწიოთ, ეს უკვე არის სამჯელო როგორც აქ, ასევე, ორმხრივ ფორმატში.
თქვენი აზრით, ამის მზაობა თავად ქართულ საზოგადოებში არსებობს? ან თუ გქონდათ მცდელობა, ამაზე გესუბრათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან?
ამ ღია წერილის გამოქვეყნების მიზანიც ეს იყო, მიგვეწვდინა ხმა ხელისუფლებისთვის – გადაწყვეტილების მიმღებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ქართული საზოგდოებისთვის, რომ ეს სამსჯელოა.
უკრაინაში ომი, ალბათ, ბევრს შეცვლის რეგიონში, ჩვენი კონფლიქტების კუთხით რას შეიძლება ველოდეთ, იმის მიუხედავად, რა შედეგებით დასრულდება ეს ომი?
მე, როგორც ადამიანი, რომელიც მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ვმუშაობ, სრულიად ფრუსტრირებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ბომბები ცვივა და ამ დროს მშვიდობაზე ვლაპარაკობ. ერთი შეხედვით, არაადეკვტურადაც კი აღიქმება ეს. თუმცა არ მგონია, რომ არაადეკვატურია ახლა მშვიდობაზე ლაპარაკი.
რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონისთვის, კავკასიისთვის რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია იმის მიუხედავად, როგორ დამთავრდება ეს ომი უკრაინაში, თუმცა, წინასწარ პროგნოზი, რა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, ამაზე საუბარი ცოტა ადრეა. სცენარები შეიძლება განვითარდეს ყველანაირი მიმართულებით.
ერთი რამ კი ცალსახაა, ეს ის დროა, როცა უნდა გავაძლიეროთ აქცენტი ჩვენს პრობლემებზე და მხოლოდ იმ პოლარიზებულ ჭიდილში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც დღეს შიდა ქართული პოლიტიკა გვამყოფებს.

