ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა უნდა გაკეთდეს ომის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით | ექსპერტების განცხადება

18 მარტი, 2022 • 4248
რა უნდა გაკეთდეს ომის ფონზე სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით | ექსპერტების განცხადება

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, საქართველოსთვის ახალი გამოწვევების შესახებ განცხადებას აქვეყნებენ კონფლიქტების საკითხებში მომუშავე ექსპერტები, რომელშიც ხელისუფლებას მიმართავენ:

“თებერვლის მიწურულს რუსეთის ფედერაციის შეჭრას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას თავისუფალმა სამყარომ უკრაინის ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხა. ამოქმედებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სექტორს აუნაზღაურებელ, დროში გაწელილ ზარალს მიაყენებს.

იმ დროს, როდესაც ქართული საზოგადოება უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებების აღელვებას იწვევს მათთან ფესვგადგმული მოსაზრება, რომ ხელსაყრელ ვითარებაში საქართველო შეეცდება ძალისმიერი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისს არაერთხელ გაუცია ძალის არგამოყენების გარანტიები უმაღლეს დონეზე, ამგვარი რწმუნებების მიმართ სოხუმი და ცხინვალი მუდმივად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ცეცხლზე ნავთს ასხამს მედიასა და სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აგრესიული თუ პროვოკაციული ჯგუფის მოწოდებები და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამონათქვამები.

ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკის გარდაუვალი დაკნინება აუცილებლად გამოიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ვინაიდან ამ რეგიონების ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკასთან ძლიერ არის ინტეგრირებული და პრაქტიკულად მის დანამატს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ სოხუმისა და ცხინვალისთვის განკუთვნილი დოტაციები უახლოეს მომავალში საგრძნობლად შემცირდება.

აღნიშნულის ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ აფხაზები და სამხრეთელი ოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს და ღელავენ საკუთარ მომავალზე.

ჩვენ, კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაზე მომუშავე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ახლავე უნდა მოახდინოს სოხუმისა და ცხინვალის ხსენებულ შეშფოთებებზე ადეკვატური რეაგირება.

კერძოდ, მნიშვნელოვანია:

  • თბილისმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა და ბიზნესი შესაძლოა გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს, გამოხატოს მტკიცე მზაობა, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მხარში ამოუდგეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მომავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქებაში;
  • საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებების ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შემსუბუქებისადმი მზაობა მათი დღის წესრიგის ნაწილი გახდეს;
  • ამ საბედისწერო ჟამს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში გამოწვეულ დაძაბულობას ჯერ კიდევ არ მიუღწევია კულმინაციისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, მედიასთან და აფხაზურ და სამხრეთოსურ ელიტებთან, რათა განვუმტკიცოთ მათ რწმენა, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს რეგიონში მოვლენები, თბილისი კომპრომისისა და შერიგების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მიღწევის ერთგული დარჩება.

მიმართვას ხელს აწერენ:

ივანე აბრამაშვილი
არჩილ გეგეშიძე
ნინო კალანდარიშვილი
გიორგი მოდებაძე
ვახტანგ ჭარაია
პაატა ზაქარეიშვილი
მარინა ელბაქიძე
გიორგი კანაშვილი
ელიკო ბენდელიანი
უჩა ნანუაშვილი
მამუკა ყუფარაძე
იულია ხარაშვილი
თამთა მიქელაძე
რუსიკო მარშანია
მიშა ჯახუა
ნათია ჭანკვეტაძე
ქეთევან მურუსიძე
ვახტანგ ყოლბაია
ეკატერინე გამახარია
როდამ ცომაია
ნინო კობახიძე
ნანული რამიშვილი
დავით ჯიშკარიანი
ირაკლი ჩიხლაძე
ნუკრი მილორავა
მარინა ფოჩხუა
კრისტინა კილანავა
ალუ გამახარია


უკვე 23-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი