საქართველოში მცხოვრები ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაე ბრუკი წინა წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.
ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე წლის 8 სექტემბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობა გახსნეს და დააკავეს თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. მოგვიანებით მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული რაფაელ მურსაკულოვია.
მალევე განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყება გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აამბობდა, რომ მურსაკულოვი ბრუკს 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე „პირადი ნივთების დაუფლების მიზნით“ დაესხა თავს.
