ვინ არის დე ფაქტო აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და რა ნიშნავს მისი დანიშვნა, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ თბილისს სოხუმში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით და რა როლს შეასრულებს იგი დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებში?
31 წლის ინალ არძინბამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაურ კოვე ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.
ინალ არძინბა დე ფაქტო მინისტრად გახდომამდე მუშაობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარედ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად.
იგი სარგებლობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის (ასლამბეკ დუდაევი) მხარდაჭერით. თავად სურკოვი 2020 წლის თებერვლამდე იკავებდა ვლადიმერ პუტინის თანაშემწის თანამდებობას, რა დროსაც, მათ შორის, კურატორობდა დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც.
უკრაინა და არძინბა
ალექსანდრე რონდელის ფონდის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის გზამკვლევის თანახმად, „სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას ევალებოდა უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. იგი კრემლში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.“
უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. 2015 წელს სურკოვთან ერთად უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას ბრალი დასდეს სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში, 2016 წლის მარტში კი, ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში არძინბა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და იმ დროს ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.
სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო
2017 წლის 26 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულებით, არძინბა დაინიშნა დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად. მანამდე ეკავა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დსთ-ის საქმეთა სამმართველოში მთავარი მრჩევლის თანამდებობა.
ძირითადად 2017 წლიდან იწყება არძინბას აქტიურობა აფხაზეთის მიმართულებით, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორუმებში, შეხვედრებში მონაწილეობით.
გზამკვლევის თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შეეხება დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევას – „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში ინალ არძინბა მოხვდა. მას გამოკითხულთა 36 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი.
რას უნდა ველოდოთ
„ყველა იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, ხელს შეუწყობს მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა, უბრალოდ ის, რომ ინალ არძინბა მოახდენს რაიმე განსაკუთრებულ გავლენას, ამაში ეჭვი მეპარება. ის ახალგაზრდაა და საკმაოდ დიდხანს იყო რუსეთში. ბევრს აფხაზეთში გადამეტებულად დავარცხნილი ადამიანები არ უყვარს. აფხაზეთში რიტორიკის დონეზე ყველა ამბობდა, რომ ისინი მზად იყვნენ ინტეგრაციისთვის, მაგრამ ამას წინააღმდეგობას უწევდა საზოგადოება. რაც ვერ მოახერხეს წინა ხელისუფლებებმა, იმას ვერ მოახერხებს არძინბაც“, – განუცხადა მკვლევარმა გიორგი კანაშვილმა ნეტგაზეთს კითხვაზე, თუ რა როლს ითამაშებს ინალ არძინბა რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის ინტეგრაციის საქმეში.
მისი განცხადებით, არძინბა საკმაოდ აქტიური იქნება საგარეო მიმართულებით, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ მინისტრობა არაა.
„მის მომავალ კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, თუ რამდენად ეფექტური იქნება სხვადასხვა მიმართულებით. თეორიულად, თუ მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ან გადაიდგა აქეთკენ ნაბიჯები, ამას საკუთარ თავს მიაწერს.
იგი იქნება საკმაოდ აქტიური საგარეო მიმართულებით. იგი არ მოსულა საგარეო საქმეთა მინისტრობისთვის. აფხაზეთში კრიზისია. დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაძლოა დიდხანს ვერ შეინარჩუნოს პოზიციები, ყოველ შემთხვევაში – ამ შემადგენლობით. ჯერ მას ასაკი არ აძლევს ხელს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ უფრო დიდ სიმაღლეებს რუსეთში არ მიაღწია, მას აქვს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის ამბიცია“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
კანაშვილის თანახმად, არძინბას მინისტრად დანიშვნა ახალი თაობის წარმომადგენლების მოსვლის ტენდენციის გაგრძელებაა. მისი განცხადებით, ამისთვის თბილისს ადაპტირებული მიდგომა სჭირდება.
„ტენდენციაა, რომ ახალი თაობა მოდის თანამდებობებზე, რომელსაც თითქმის საერთოდ არ ჰქონია შეხება საქართველოსთან და ქართველებთან. ისინი არიან რუსულ სივრცეში მოხარშული ხალხი. ამასთან ადაპტირებაა საჭირო.
უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ. თუ აფხაზები აქეთ არ მოდიან, ხომ არ ღირს კარების უფრო გახსნა დასავლეთისკენ, რათა მათთან კვეთა გვქონდეს, თორემ აშკარაა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ცივილიზაციურადაც სხვადასხვა მიმართულებით ვიყურებით და გადავაადგილდებით. ჩვენ სხვა ტიპის მეგობრები გვყავს, ეს პრობლემაა და ამისი იგნორირება არ შეიძლება და ამაზე საფიქრალია“, – აცხადებს გიორგი კანაშვილი.
