საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ამ განცხადებაში გახარია მოსახლეობას მოთმინებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
წერილში გახარია მოსახლეობას აღდგომას ულოცავს და ამბობს – „გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე“.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ.
მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი ასევე ამბობს, რომ „წინ მძიმე ბრძოლა გველის“, თუმცა, ერთიანობით ამ გამოწვევას ქვეყანა აუცილებლად დასძლევს.
„სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო!
კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ – ამბობს გიორგი გახარია.
გუშინ საღამოს ეკლესიათა ნაწილმა ღამის სააღდგომო წირვა ჩაატარა, მათ შორის, მრევლი შეიკრიბა სამების საკათედრო ტაძრებში. ეკლესიებში ხალხს დაურიგეს პირბადეები და ზოგ ტაძარში ისინი ერთმანეთის მოშორებით ისხდნენ, თუმცა, მრევლის ნაწილი საერთო კოვზით ეზიარა.
ქუთაისში კი ლიტანიობა ბაგრატის ტაძარში ყოველგვარი დისტანციის გარეშე ჩატარდა. ეკლესიათა ნაწილში სააღდგომო წირვა დღეს დილი 7 საათზე ჩატარდა.
საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 394 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 86 ხოლო 4 გარდაიცვალა.
