ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა. ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ შენობა დაბინძურებულია, მას ტუალეტად იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, გამგეობას მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნა უნდა.

“კლუბის გახსნა უნდათ და სამლოცველოში არ შეიძლება კლუბის გახსნა. იძახიან, რომ ჩვენ გვაწერია კლუბადო. კი, ბატონო, ეს იყო ადრე, კომუნისტების დროს, მაგრამ კომუნისტების დროს ბევრ ეკლესიაშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო. ამიტომ ყველა თავის ქონებას იბრუნებს და ჩვენც ვითხოვთ, რომ ეს შენობა გადაეცეს სამუფთო სამმართველოს,”– თქვა ჯამბულ აბულაძემ “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

ჭელის მინარეთის წინამძღვარი ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ მათ ჯემალ პაქსაძე მოხეს მეჩეთის გადმოცემას დაპირდა.

“მან თქვა, რომ სახელმწიფოსთან მოგვარებულია ეს საქმე და გადმოგვეცემა ჩვენ, მუსლიმთა სამმართველოს,”– ამბობს ჯამბულ აბულაძე.

ჭელის მინარეთის წინამღძვარი ჯამბულ აბულაძე.
ჭელის მინარეთის წინამღძვარი ჯამბულ აბულაძე. ‘სამხრეთის კარიბჭის’ ფოტო

 

მისივე თქმით, ასე არ მომხდარა და ჯემალ პაქსაძემ ისინი მოატყუა, რის გამოც მას უნდობლობას უცხადებენ.

“ჩვენ არ გვინდა პოლიტიზებული მუფთი. ჩვენ გვინდა აბსოლუტურად პოლიტიკისაგან თავისუფალი ადამიანი. მუფთი არის სასულიერო პირი, მისი ფუნქციები არის მეჩეთების, მედრესეების  და ა.შ ყურადღების მიქცევა, ზედამხედველობა და არა პოლიტიკოსებთან ერთად რაღაც განცხადებების გაკეთება,”– ამბობს ჯამბულ აბულაძე.

ჯემალ პაქსაძემ კი “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არა მარტო სამცხე–ჯავახეთში, მთელ საქართველოში არის მათი საკულტო ნაგებობები, რომლებიც სახელწიფო ბალანსზეა და გადმოსაცემია მუსლიმთა სამმართველოსთვის. მისი თქმით, ეს პროცედურები დროს მოითხოვს.


“ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან, მოგეხსენებათ, პროცედურები გააჩნია საკულტო ნაგებობებს იმისათვის, რომ ისინი უნდა მოეხსნას ფინანასთა სამინისტროს ბალანსიდან.

ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები და სრულიად საქართველოს მუფთი ყოველთვის ითანამშრომლებს და იქნება ხელისუფლებასთან ერთად და გაიზიარებს, რა თქმა უნდა, ხალხის მოთხოვნებს,”– ამბობს სრულიად საქართველოს მუფთი.

ჭელის მინარეთის წინამძღვარი ამბობს, რომ მუფთი ხელისუფლების წინაშე სათანადოდ ვერ იცავს მათ ინტერესებს:

“სახელმწიფოსთან ჩვენ ურთიერთობას არ ვუშლით ჩვენს მუფთს, მაგრამ ჩვენს ინტერესებს ვერ იცავს ეგ პიროვნება. პირიქით, რატომ ჩამოვიდა და ისეთი დაპირება გასცა, რაც არ გაკეთდებოდა, თუ იცოდნენ ეს წინასწარ?”– ამბობს ის.

ჯამბულ აბულაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ 20 ოქტომბერს მას, მუსლიმთა საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, მოხეს მეჩეთის საკითხზე შეხვედრა ჰქონდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესტან. ის ამბობს, რომ გუბერნატორის დამოკიდებულება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

“რაღაც თქვენ ძალიან აქტიურობთ ამ საკითხთან დაკავშირებითო, გუბერნატორმა მიმანიშნა, რომ ესე იგი თვალყურს გადევნებთო,”– თქვა ჯამბულ აბულაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან, რადგან გუბერნატორს მათთვის მეჩეთის გადმოცემა არ სურს.

“მე ასე მინდა და ასე იქნებაო” – გვითხრა გუბერნატორმა”,– ამბობს ჯემალ აბულაძე.

მუფთი ჯემალ პაქსაძე
მუფთი ჯემალ პაქსაძე

 

ჭელის მინარეთის წინამძღვარს ახლა პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილების იმედი აქვს, რომელსაც გასულ შაბათს ბათუმში სამცხე–ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით დოკუმენტაცია გადასცა.

“კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ ნუ გაგვიხსნით სალოცავში კლუბს, ვინაიდან იმ სალოცავში არც ერთი მუსლიმი არ შეადგამს ფეხს მაინც, მაშინ ვის უხსნიან ამ კლუბს საინტერესოა, ხომ? ეს არის უდიდესი ცოდვა,”– ამბობს ის.

სრულიად საქართველოს მუფთი კი მოხეს მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“კლუბზე საუბარი საერთოდ არაა. რამდენადაც ვიცი, კლუბი არ განიხილება,“– თქვა მან.

ჯემალ პაქსაძის თქმით, ჯამბულ აბულაძის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

“ის არის რიგითი, ვერ გეტყვით, თავისი რა აზრები გააჩნია, ჩვენ გვყავს დაახლოებით 255 პერსონალი. ყველა საკითხს მუფთი არ წყვეტს, მუფთს ჰყავს რელიგიათა საბჭო, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ეს ხალხი,“ – ამბობს სრულიად საქართველოს მუფთი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *