კომპანიის მენეჯმენტმა შეხვედრაზე “სითი პარკის” მიერ გაწეული საქმინობის შესახებ ანგარიში წარადგინა. თბილისის მერმა კომპანიის მენეჯმენტს პრეზენტაცია დაუწუნა:
“ჩვენ მივიღეთ პიარულად კარგად შეფუთული ინფორმაცია, მაგრამ ველოდით სხვას – რა ინვესტიცია ჩადეთ, რა შედეგი მიიღეთ. უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო. როცა ქალაქის მერთან მომსახურე კომპანია შეხვედრაზე მოდის, ელემენტარული ზრდილობაა, რომ ხელმძღვანელობამ გამართოს პრეზენტაცია”, – მიმართა ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობას.
თბილისის მერიაში “სითი პარკის” წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლოა კომპანია “სითი-პარკს” პარკირებისთვის გამოყოფილ ზოგიერთი ადგილის შესაბამისი ნებართვა გაუუქმოს.
ამის მიზეზი “სითი პარკის” გენერალური მენეჯერის ბენი ლაჰავის პოზიცია გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პანდუსების მოწყობა კომპანიის მოვალეობა არ არის:
“მეც არსად მიწერია, რომ პანდუსები უნდა გაგიმზადოთ. პირიქით, შეიძლება ის ადგილებიც ჩამოგართვათ, რომელიც პარკირებისთვის გაქვთ გამოყოფილი, ჩვენ ყველ ტერიტორიას შევისწავლით, სადაც ოდესმე პარკირების მოწყობის მიზნით თქვენზე ნებართვა გაცემულა, და იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შეზღუდულია საზოგადოებრივი სივრცე, არ არის მოწყობილი შესაბამისად, მათ შორის პანდუსებით უზრუნველყოფილი, ვიფიქრებ ნებართვის გაუქმებაზე” – განაცხადა ნარმანიამ. ~
დავით ნარმანიას განმარტებით, “სითი პარკმა” საინვესტიციო გეგმის შესახებ დეტალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს.
თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.
2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა.
აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.
