შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს ის პირი, რომელიც გაჩიანში, სასაფლაოზე სამი პირის დაჭრაშია ბრალდებული. როგორც თვითმხილველებმა “რუსთავი 2”-ს უთხრეს, ადგილობრივ ახალგაზრდებს კონფლიქტი მოუვიდათ უცხო პირებთან, რომლებიც გაჩიანის სასაფლაოზე ნარკოტიკს მოიხმარდნენ.

ადგილობრივების თქმით, გაჩიანის სასაფლაოზე ინტერნეტით გაყიდულ ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებენ, შემდეგ მის ასაღებად მოდიან და ნარკოტიკს ადგილზე მოიხმარენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რადგან მათთვის მიუღებელია მსგავსი ქმედებები. დაპირისპირების დროს 3 ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი უცხო პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

სამართალდამცავებმა 1970 წელს დაბადებული ზ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დამტკიცების შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ე.კ-სთან ერთად ასევე დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 24 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც, ზ.ტ-მ ნაგანის სისტემის იარაღით 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.