“მამამისი იყო მილიციელი, ნაძალადევის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, თუ არ ვცდები. “პაწიას” ეძახდნენ. თავის დროზე მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა თამაზ თამაზაშვილთან, შემდგომში ეს მეგობრობა შვილებშიც გაგრძელდა, ურთიერთმეჯვარეობაც არსებობს, თუ არ ვცდები”– განაცხადა გივი თარგამაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, გიორგი კანდელაკის თქმით კი, მომავალ მინისტრს საპოლიციო გამოცდილება ძალიან მწირი აქვს:
“მართალია, იგი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და თავისთავად ეს ფაქტიც ყოველგვარ საუბარს დანაშაულებრივი სისტემის შესახებ კომიკურ ელფერს ძენს, მაგრამ ეს გამოცდილებაც მას აქვს ძალიან პატარა, სულ რამდენიმე ადამიანს ხელმძღვანელობდა, არცთუ წარუმატებლად, სხვათა შორის. ასევე არსებობს სერიოზული კითხვები, არის თუ არა ნათესაური ან ნათლიმირონობითი კავშირი, ან სხვა სახის კავშირები ბატონ ჭიკაიძესა და ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის დაჯგუფებას, მე ასე ვიტყოდი, შორის”– განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ნათესაური და არც სხვა ტიპის კავშირი არ არსებობს მოქმედ და მომავალ მინისტრებს შორის.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძე წარადგინა. თავად ღარიბაშვილი კი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პრემიერ–მინისტრის პოსტს დაიკავებს.
