როგორც დღეს, 6 აგვისტოს, News.ge–ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფესთან დაპირისპირებული მრევლის წარმომადგენლებმა- მიხეილ შველიძემ და კოტე ქათამაძემ განაცხადეს, ისინი სასულიერო პირს ეპარქიის ქონების გასხვისება–გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საუბარია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე სამსართულიან შენობაზე, სადაც, შველიძის და ქათამაძის ინფორმაციით, გიმნაზია უნდა აშენებულიყო, თუმცა, მათი მტკიცებით, შენობა უკვე განადგურებულია:


“აგურ–აგურ გაყიდეს… თეთრი აგური 15 თეთრად, წითელი აგური – 20 თეთრად, ხოლო “სინკარები” – 40 ლარად”, – განაცხადა მიხეილ შველიძემ.

 

კოტე ქათამაძის თქმით კი, მათ უკვე მოიპოვეს მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც ქონების გასხვისებას უკავშირდება, თუმცა იურისტები დოკუმენტაციის შეგროვებას აგრძელებენ და ამ პროცესის დასრულების შემდეგ მეუფე ვახტანგს სასამართლო ინსტანციებში საკმაოდ არასასურველ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. გარდა ამისა, შველიძე და ქათამაძე აცხადებენ, რომ მეუფე ვახტანგი “მრუშობასა და წმინდანთა აუგად მოხსენიებაშია შემჩნეული, რის გამოც იგი ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს”.

“მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში შექმნილი პრობლემები უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. იცით, რომ მრევლი მეუფეს ბრალდებად უყენებს მრუშობას, წმინდანთა გმობას და საეკლესიო ქონების მითვისება–გაფლანგვას. მრუშობა ამ ადამიანთან ძნელად დასამტკიცებელი არ არის: 1982 წელს ის ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს ის ეკურთხა ეპისკოპოსად, რის შემდეგაც სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა. 1992 წელს ის ინიშნება მთავარ ეპისკოპოსად, ხოლო 1994 წელს მეორე შვილი უჩნდება.

 

რაც შეეხება წმინდანთა გმობას, ილია მართალზე ამბობს, რომ ის არ არის წმინდანი, ხოლო წმინდა მამა გაბრიელს, რომელიც სინოდმა ახლახან შერაცხა წმინდანად, ლოთს უწოდებს. ამის დოკუმენტაცია ჩვენ ახლა უკვე ხელთ გვაქვს, რისი დამტკიცებაც შეგვიძლია.

 

მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მთელ საქართველოს, წმინდა მამა გაბრიელის წინაშე რომ ჩვენ პირნათელები ვიყოთ, ყველა თავის ეპარქიაში უნდა გამოვიდეს და გამოხატოს თავისი პროტესტი და დამოკიდებულება ამ ადამიანის [მეუფე ვახტანგის] წინააღმდეგ”, – განაცხადა შველიძემ.

 

კოტე ქათამაძის თქმით კი, მეუფე ვახტანგი არა მონასტერში, არამედ თბილისში, კერძო ბინაში ცხოვრობს ცოლ–შვილთან ერთად, რაც ბერის მიერ დადებული აღთქმის დარღვევაა. მისი განმარტებით, სწორედ ამაში გამოიხატება მრუშობა.

მისივე თქმით, მარგვეთის ეპარქიაში მსახურობს 4 სასულიერო პირი, რომლებიც მეუფე ვახტანგის მხარდაჭერით სარგებლობენ, მის გარემოცვად ითვლებიან და მრევლს აღსარების საიდუმლოს გამჟღავნებით აშანტაჟებენ.

 

“მე მინდა ვთქვა ერთი რამ: თვითონ როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი, ასეთივე სასულიერო პირებს ამრავლებს. არის 4 სასულიერო პირი, რომლებიც განაგრძობენ მრევლის დაზომბირება–დაშინებას აღსარების გათქმის შანტაჟით. არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ასეთი აღსარების გათქმის შანტაჟით დაინგრა ერთი ოჯახი. ერთ–ერთ ქალთან ერთმა სასულიერო პირმა დაიკავა ურთიერთობა და ეს ოჯახი დაინგრა. რაზედაც მე ვსაუბრობ, არის საშინელი ფაქტები, პირდაპირ ლოგინში ჩაიგორა ერთ–ერთი ქალი… მე პირადად 50 კაცთან წამომაძახა ჩემი ერთ–ერთი აღსარება”, – აღნიშნა შველიძემ.

მეუფე ვახტანგი
მეუფე ვახტანგი

“ერთ თვეზე მეტია მარგვეთის ეპარქიაში მრევლი დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობთ. ჩვენი გულისწყრომა გამოიწვია სასულიერო პირების არაადეკვატურმა ცხოვრების წესმა, რამაც უსერიოზულესი პრობლემა შეუქმნა ეკლესიას. ტაძრები ცარიელდება მრევლისაგან, რისი მიზეზიც არის ის, რომ მოძღვრები მზისით–დღისით ხუმრობენ მრევლის აღსარებებზე, რითაც შეურაცხყოფა მიადგა მათ რელიგიურ გრძნობებს. მეტიც, მინდა მოგახსენოთ, რომ ერისკაცობის დროინდელი წარუმატებლობა და ჩრდილში ყოფნა ხელდასმის შემდეგ შეეცვალათ პატივით. მორწმუნე მრევლი მათ პატივს მიაგებს როგორც სასულიერო პირებს, მათ კი ეს პიროვნულ დამსახურებად მიაჩნიათ. უნახავმა რა ნახაო–დაემართათ… თავში აქვთ ავარდნილი. ამაყები დადიან და სჯულის კანონს არად დაგიდევენ. საზოგდოება მათ 21–ე საუკუნის ყანდურებს ეძახის. საზოგადოება უკვე პარალელებს ავლებს მათსა და მე–20 საუკუნის წითელ სამღვდელოებას შორის. რაც შეეხება მიტროპოლიტ ახვლედიანს, მინდა მოვუწოდო თბილისის მრევლს, რომ მამა გაბრიელის, წმინდა ილია მართლის შეურაცხმყოფელი სასულიერო პირი არ უნდა იქნას დაშვებული საკვირაო წირვაზე წმინდა სამების ტაძარში”, – განაცხადა ქათამაძემ.

შველიძის და ქათამაძის თქმით, მათ არ აქვთ იმის ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ შეურაცხყოფს მეუფე ვახტანგი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ ილია ჭავჭავაძეს და გაბრიელ ბერს, თუმცა მეუფეს ეს განცხადება მოისმინა ერთ–ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც მზად არის, რომ ეს ფაქტი საჭიროების შემთხვევაში წმინდა სინოდის სხდომაზეც დაადასტუროს.

 

ქათამაძის თქმით, მათ უკვე მიმართეს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდს, ესაუბრენენ ქორეპისკოპოსებს, თეოდორეს და იაკობს, რომლებიც დაჰპირდნენ, რომ შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელიც მრევლის პრეტენზიებს შეისწავლის, თუმცა ეს კომისია მარგვეთის ეპარქიაში ამ დრომდე არ ჩასულა:

“დავასაბუთეთ ჩვენი არგუმენტაცია და წარვუდგინეთ ჩვენი მტკიცებულებები -ფოტო, ვიდეომასალა და ნოტარიულად დადგენილი დოკუმენტები. ქორეპისკოპოსებისაგან მივიღეთ დაპირება, რომ გარკვეული ზომები იქნებოდა გატარებული, თუმცა გულსატკენია ის ფაქტი, რომ დღემდე გარკვეული ხელოვნური ბარიერები არის აღმართული ამ საკითხის გადასაწყვეტად, რაც რაღაც ეშმაკის მანქანებითა და მიტროპოლიტ [ვახტანგ] ახვლედიანის მაქინაციებით არის გამოწვეული. წმინდა სინოდის საგანგებო კომისიის გადაწყვეტილება ჩიხშია შესული და ჩვენამდე არაადეკვატური პასუხი არის ჯერჯეორბით მოსული. ჩვენ, სინოდის დაპირებისამებრ, ველოდებით მათ ჩვენს ეპარქიაში ჩამოსვლას. თუ მრევლის ეს თხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ღვთის მადლით ქვეყანა ჩალით არ არის დახურული… ჩვენ გვყავს საინიციატივო ჯგუფები, პროფესიონალი იურისტები, რომლებიც საკმარის მტკიცებულებებს აგროვებენ  და მიტროპოლიტ ახვლედიანს თავის გარემოცვასთან ერთად მოუწევს ძალიან არასასიამოვნო თემებზე პასუხების გაცემა სასამართლო ინსტანციებში”, – განაცხადა ქათამაძემ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველს და ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ პატრიარქმა ამ საკითხის შესწავლა მეუფე იაკობს დაავალა. “ნეტგაზეთი” შეეცადა მეუფე იაკობთანაც დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

ქათამაძის და შველიძის მტკიცებით, ზესტაფონში მეუფე ვახტანგისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ საპროტესტოდ მრევლის დაახლოებით 70 პროცენტია განწყობილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *