როგორც ონიანმა დღეს, 29 ივლისს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ამ პირებს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2006 წლის მარტის თვეში მომხდარი ბუნტის გამოძიებისას ამ საქმეზე ჩვენებები მისცეს სასჯელაღსრულების სისტემის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა და ბუნტის ორგანიზება ე.წ. კანონიერ ქურდებს დააბრალეს, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენებები შეცვალეს.
ადვოკატის თქმით, საუბარია სამკურნალო დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელ მალხაზ სინაურიძეზე, მე–5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ უფროს არსენ ხუხუაზე, მის მოადგილე ვლადიმერ ჯაფარიძეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ–ერთი განყოფილების ექს–უფროს გიორგი ხუხიაზე და ამავე უწყების თანამშრომლებზე – იმედა ლიპარტელიანსა და გიორგი ფოლადაშვილზე.
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2006 წლის 27 მარტს- კანონიერი ქურდების ორგანიზებით- ქართულ ციხეებში დაიწყო ბუნტი. აღნიშნული დადასტურდა 2007 წლის 2 აპრილის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მათ მიმართ და 6 ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულ განაჩენს საფუძვლად ედო, როგორც უტყუარი მტკიცებულებები, ისე მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის იყვნენ მოწმეები – გიორგი ფოლადაშვილი, მალხაზ სინაურიძე, არსენ ხუხუა, გიორგი ხუხია, იმედა ლიპარტელიანი და ვლადიმერ ჯაფარიძე. ეს ადამიანები მაშინ სასამართლოზე დაიკითხნენ და მათ მისცეს ჩვენება კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ ამ ადამიანების ორგანიზებით განხორციელდა ციხეებში ბუნტი”, – აცხადებს ახალაიას ადვოკატი.
მისივე თქმით, სასამართლო აღნიშნულ პირებს და მტკიცებულებებს დაეყდრნო და გამოიტანა განაჩენი:

“2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნების შემდგომ განახლდა აღნიშნულ საქმეზე ძიება და ეს პირები, ვინც დაგისახელეთ, თავიდან დაკითხეს. პირველ დაკითხვაზე ყველა აღნიშნული პირი იძლევა იმავე ჩვენებას, რაც მისცა სასამართლოს 2006–2007 წლებში. მიუხედავად ამისა, რატომღაც და ალბათ ყველასთვის გასაგებია, რატომაც, 2–3 დღეში ამ ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი, რომ თქვან სიმართლე, რომელიც აქამდე არ უთქვამთ, განცხადებით მიმართავენ პროკურატურას და არსებითად ცვლიან თავიანთ ჩვენებას. მათ მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან მათ არსებითად შეცვალეს ჩვენებები. თუ თავის დროზე თქვენს ტყუილი, მაშინ მათ ცრუ დასმენა განახორციელეს იმ პირების მიმართ. ამასთან მალხაზ სინაურიძემ, რომელიც მაშინ სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა, პატაკით მიმართა ბაჩო ახალაიას 2006 წელს და წინასწარ უცხადებდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანონიერი ქურდები ბუნტის მოწყობას აპირებდნენ. ამით მან გააყალბა მტკიცებულებები და კიდევ ერთი მუხლით უნდა დაიწყოს მის წინააღმდეგ ძიება. დღეს მე შემაქვს პროკურატურაში განცხადება, სადაც დავურთავ 2006–2007 წლებში ჩატარებული სასამართლოების სხდომის ოქმებს და მათ მიერ მიცემულ ყველა ჩვენებას, სადაც აშკარად იკვეთება ურთიერთსაპირისპირო განცხადებები, და მოვითხოვ მთავარი პრკურატურისაგან, რომ სასწრაფოდ მისცენ ეს პირები პასუხისგებაში”, – განაცხადა ონიანმა.
მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, მოწმე მალხაზ საინურიძე დააწინაურეს და სასჯელაღსრულების მე–14 დაწესებულების დირექტორად დანიშნეს. სინაურიძე ზემოხსენებული თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმარი ლევან კორტავა გარდაიცვალა მასზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად. კორტავას დაღუპვის საქმეს ამ დრომდე სწავლობს პროკურატურა, ხოლო სინაურიძის ადგილზე ზურაბ პეტრიაშვილი დაინიშნა.
ბაჩო ახალაიას ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბრალი 1 მარტს წაუყენეს. ეს არის რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა. საქმის სასამართლო განხილვა 31 ივლისს გაიმართება.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის გაზაფხულზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალაიამ ნასვამ მდგომარეობაში სცემა პატიმრები. ამ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით მან “მასტერასთან” ერთად შეიმუშავა გეგმა.
ამ გეგმის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალაია შეხვდა ე.წ. კანონიერ ქურდ პეტრე მამარდაშვილს, რომელიც იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში. ახალაიამ მამარდაშვილს დაავალა, რომ დაწესებულებაში ფარულად დაამონტაჟებდა ვიდეოკამერას და ამ კამერის წინ მას უნდა ესაუბრა ციხის ე.წ. მაყურებელ ზურაბ ვიბლიანთან იმის თაობაზე, თუ რა გაუსაძლის პირობებში არიან დაწესებულებაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და ამაში დაედანაშაულებინა ახალაია.
ამას გარდა, მამარდაშვილს ვიბლიანისთვის უნდა დაევალებინა, შეერჩია ვინმე ცნობილი პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას და ამის შესახებ აცნობებდა უფლედამცველ ნანა კაკაბაძეს, რომ თითქოს სცემა ბაჩო ახალაიამ, რის შემდეგაც კაკაბაძე ამას გაასაჯაროებდა მედიით, ხოლო ამის შემდეგ ახალაია გამოაქვეყნებდა ფარულად ჩაწერილ ვიდეომასალას კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, რომელიც შემდგარიყო მამარდაშვილისა და ვიბლიანის ზემოთ აღნიშნული საუბრის შედეგად.
პროკურატურის ცნობით, ახალაია მამარდაშვილს სანაცვლოდ დაპირდა უზენაეს სასამართლოში დახმარებას, სადაც მას საქმე ჰქონდა გასაჩივრებული. შედეგად, მამარდაშვილი დათანხმდა დავალების შესრულებას, თუმცა, როცა ის ვიბლიანთან მივიდა სასაუბროდ, ამ უკანასკნელმა არც კი მოუსმინა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 25 მარტს წერილი მიწერა ახალაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ იგეგემებოდა “კანონიერი ქურდების” მიერ არეულობა და ფარული ვიდეოჩაწერის ნებართვა მოითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმავე დღეს სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. ქურდების ფლიგელში დამონტაჟდა ფარული კამერა.
ამის შემდეგ, პროკურატურის ინფორმაციით, დაწესებულების დირექტორის სინაურიძის დავალებით, შეიყვანეს მამარდაშვილთან კამერაში ვიბლიანი, თუმცა საბოლოოდ მამარდაშვილმა არ შეასრულა დავალება და არ ესაუბრა ვიბლიანს ფარულად დამონტაჟებული ვიდეოკამერის წინ.
პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ ახალაიამ განიზრახა მამარდაშვილის და ვიბლიანის დასჯა დავალების შეუსრულებლობისთვის და 27 მარტს მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, გიორგი ფოლადაშვილთან ერთად მივიდა დაწესებულებში და დირექტორის კაბინეტში მიაყვანინა მამარდაშვილი და ვიბლიანი, ასევე – პატიმრები გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანიც, რომლებიც ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ იყვნენ.
“თუმცა მათი გამოძახება ემსახურებოდა ახალიას განზრახვას, რომ შეენიღბა შეუსრულებელი დავალების გამო მამარდაშვილისა და ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორების მიზანი”, – აცხადებენ პროკურატურაში.
გამოძიების მასალებით, მეგის ქარდავამ დაუწყო მამარდაშვილს თმების შეჭრა, ხოლო შეჭრილ თმებს ჯიბეში უწყობდა, ე.წ. კანონიერი ქურდის პატიმრების წინაშე დამცირების მიზნით. ასევე, ბაჩო ახალაიამ სახეში შეაფურთხა ავალიანს, ხოლო ამ უკანასკნელმა საპასუხოდ სახეში ხელი გაარტყა ახალაიას, რის შემდეგაც სასტიკად ცემეს აღნიშნული პატიმრები. დამატებით იქნა გამოძახებული სპეცრაზმი.
“ნაცემი პატიმრები გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც ასევე მიიყვანეს პატიმარი ლევან ცინდელიანიც. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ცინდელიანს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები მ. ზედელაშვილი და ნ. მახარაძე,” – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტს მოჰყვა პატიმრების მხრიდან პროტესტი არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა დაწესებულებაში, რაც გადაიზარდა ე.წ. ციხის ბუნტში.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა სისიხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
