როგორც ირკვევა, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მიიღო ჯოზეფ ქეის მიერ ვაშაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. ჯოზეფ ქეი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ მას ცილი დასწამა, როდესაც ტელეეთერებით საერთაშორისო თაღლითი უწოდა და სწორედ ამიტომ უჩივლა დეპუტატს:
“მოსარჩელე არის ჯოზეფ ქეი, მოპასუხე -გიორგი ვაშაძე, და დავის საგანი არის ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა და აქედან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს არის მოთხოვნა. მორალური ზიანის ანაზღაურება გახლავთ 50 ათასი ლარი. სხვა ინფორმაციას დეტალურად ვერ მოგაწვდით, რადგან ეს საჯარო არ გახლავთ. რაც შეეხება ყადაღას, ყადაღა არ არის აქ გამოყენებული, აქ გამოყენებულია მხოლოდ ბინის გასხვისების აკრძალვა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. ყადაღა არის უფრო მძიმე ღონისძიება, ეს არის უფრო მსუბუქი ღონისძიება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მოსამართლე ასმათ კოხრეიძის თანაშემწე მაკა ჩეჩელაშვილმა.
მისივე თქმით, საპროცესო კანონმდებლობა მსგავსი ტიპის დავების დროს ბინის გასხვისების აკრძალვის და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს:
“სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება”.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ გიორგი ვაშაძის ბინას ყადაღა დაადო.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეიმ გიორგი ვაშაძეს სასამართლოში უჩივლა, რის გამოც სასამართლომ ვაშაძის ბინას ყადაღა დაადო. რატიანის განმარტებით, ვაშაძემ ქეის საერთაშორისო თაღლითი უწოდა, რის საფუძველზეც მოხდა ბინის დაყადაღება:
“ეს არის სრული აბსურდის თეატრი. ოპოზიციის დევნა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის შემაშფოთებელი. ჯოზეფ ქეის მიმართ აზრი ჩამოყალიბებული აქვს ქართულ საზოგადოებასაც, ამაზე ბევრს წერდა ამერიკული პრესაც. როდესაც საჯარო პირი ხარ, შენ გმართებს მაღალი თმენა, მაგრამ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა და შემდეგ ამაში ერთვება სასამართლო, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული. რა საჭირო არის დაყადაღება, როდესაც ვაშაძე არსად არ გარბის და შესაძლებელია შედგეს სასამართლო და ასეთი მოქმედებები არის უკვე შემაშფოთებელი.”
მისივე თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პრემიერი მოუწოდებს ყველას, რომ თითქოსდა საარჩევნო პროცესი დაჭერების გარეშე უნდა ჩატარდეს:
“ჯოზეფ ქეი ახლა განსაკუთრებული ზრუნვის საგანია დღევანდელი ხელისუფლების. ის არის განსაკუთრებული იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ და მას განსაკუთრებულად ეხმარებიან.”
