ახალი ამბებისაზოგადოება

სააკაშვილი გლდანის ციხეში წამების ორი ფორმის ქვეშ იმყოფება – გვარამია

13 ნოემბერი, 2021 • 2482
სააკაშვილი გლდანის ციხეში წამების ორი ფორმის ქვეშ იმყოფება – გვარამია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში წამების ორი ფორმის ქვეშ იმყოფება. კერძოდ, გვარამიას თქმით, სააკაშვილს მუდმივად მესმის მისი მისამართით გინება და მუქარა და ასევე მის ოთახში მუდმივად ანთებულია შუქი, რის გამოც მას დაძინებაში ხელი ეშლება. ამის შესახებ გვარამიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განაცხადებას, რომლის მიხედვითაც ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, არავითარი გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია.

“მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ახალი დასკვნა, რომელიც მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიცია ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი. ის იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ, არ ხდება რეალურად მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და რეალურად ხდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური შტურმი, არა მხოლოდ გინება, მუქარები – ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით! შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არც სძინავს და იმყოფება წამების ორი ფორმის ქვეშ – მუდმივი ხმაურის და ანთებული შუქის პირობებში. საერთაშორისო კონვენციებით ეს განიხილება, როგორც წამების ფორმა, როდესაც ადამიანს შეგნებულად არ აძკევენ ძილის შესაძლებლობას. ეს საერთასორისო კონვენციებით არის წამების უფრო მძიმე ფორმა, რაც წარმოგვიდგენია ჩვენ”, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, რომ მისი ეგიდით პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას კონსილიუმი, რომლის წევრებიც იქნებიან: გიორგი ბერულავა- ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ ბერაძე – ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე – ექსპერტი ნევროლოგი, პროფესორი, ლალი ჯავაშვილი – ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი; მარინე აბაშიძე – ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, პროფესორი; ლევან ბესელია – ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი; მარიამ ჯიშკარიანი – შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ცენტრი “ემპათიას“ ხელმძღვანელი და ნიკა ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.

“ეს 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და პარიტეტულ კომისიაში ამ 8 ადამიანის შეყვანას.

მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, თვითონ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში ასევე 8 წევრი. ვენდობით სრულად კონსილიუმის იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს”, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, მისი თქმით, შესაძლებელია პარიტეტულ კომისიაში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეყვანაც, თუ ომბუდსმენი ჩათვლის ამას საჭიროდ.

“ასევე, ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს, როგორც წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი პროტოკოლის – OPCAT-ის [წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი] ნაციონალური მექანიზმის განმახორციელებელს, მიხეილ სააკაშვილთან შევიდეს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ნაციონალური მექანიზმი – სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ვინც ამ მექანიზმს კურირებს, ვინაიდან იგი არის წამების მსხვერპლი, ამას ვაცხადებთ ღიად. ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, მე ვითხოვდი, რომ დაუყოვნებლივ”, – აცხადებს გვარამია.

გვარამიას თქმით, ისინი OPCAT-ის ნაციონალური მექანიზმისგან მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებული ჩვენების ოქმად ქცევას, ასევე იმ პირობების ინსპექტირებას, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება და რომელიც შესაძლოა შეიცავდეს წამების ფორმებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გუშინ, 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ:

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი