ახალი ამბებისაზოგადოება

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

13 ნოემბერი, 2021 • 1485
სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის  გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად:

“მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, ფერი დაკარგა, თქვა, რომ ექნებოდა ძალიან მაღალი წნევა, ექიმს სთხოვა მოსულიყო და მისთვის წნევა გაეზომა. ის გვიან გამოცხადდა… ჩვეულებრივი საუბრის დროს, ჩვენი ცხოვრების რაღაც ეპიზოდზე ვსაუბრობდით, როდესაც გახდა ძალიან შეუძლოდ, დაეწყო ხელების ტრემორი, რაც მკვეთრად გამოხატული აქვს. ენის სიმშრალე, სულ გათეთრდა და მიხვდა, რომ ცუდად გახდა. ექიმს რომ დავუძახე, მან მთხოვა, მშვიდად ვყოფილიყავი, რათა არ ეგრძნოთ, რომ ან მე შემეშინდა ან მას.

ჩათვალეთ, რომ მას მსგავსი ვითარებები ბევრჯერ აქვს. მანამდე მე ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მოვუყევი და ვუთხარი, რომ [ხოშტარია] კი არ წუწუნებს თავის თავზე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ორჯერ გონების დაკარგვის პირას იყო, ჩაიკეცა, უძლურად იყო… [სააკაშვილმა] მითხრა, რომ ეგ ძალიან ბევრჯერ ემართება და სულ ცდილობს “ასეთ წვრილმანებზე” არავინ შეაწუხოს”, – ამბობს ხერხეულიძე.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა მას “სრული სიზუსტით” დაუხაზა, რა ვითარებაში იმყოფება, სად არის მისი პალატა. მისი თქმით, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში საერთოდ არ იმყოფება, არამედ შენობის მეხუთე სართულზეა, სართული კი ცარიელია:

“მის საკნის კართან მთელი ღამის განმავლობაში დგას ერთი ადამიანი, რომელიც თავის წარმოდგენით ან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იცავს მას. გვერდზე ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერს გაიგებს, თუ რა მდგომარეობაშია ის. ანუ, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ან ამ ქალბატონს [ექიმს] როგორმე უნდა შეატყობინოს თავად.

ჩვენ [იუსტიციის სამინისტრომ] გვანახეს პალატა, რომელსაც ერთი კვირა არემონტებდნენ. თურმე ეს ყოფილა ჩვეულებრივი ამბულატორია, რომელიც პალატად გადააკეთეს. არაფერი არ არის იქ, ის ტომოგრაფიაც კი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, გარეთ არის გამოტანილი… ეს ოთახი არ არის პალატა. საკანია ჩვეულებრივი, უბრალოდ უფრო დიდი ვიდრე რუსთავში ჰქონდა.

აქვს მხოლოდ წნევის აპარატი. ამ საკანში არ არის არაფერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში კი არ არის გადაყვანილი, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია გადაყვანილი. პირველ რიგში მას სჭირდება ჟანგბადი, ფანჯარა სრულიად დაგმანულია, არ იღება, ჟანგბადი და მზის სხივი იქ არ შედის. როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ამ ფანჯარას აწევს ჟანგბადის მიღების მიზნით, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და ის იძულებულია ეს ფანჯარა ჩამოწიოს. ანუ ადამიანს, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს, ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა არ აქვს.

“უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთი უიარაღო ადამიანი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს დარაჯობს, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე დაუცველ გარემოში იმყოფება. ერთმა ადამიანმა როგორ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილი, თუკი ბუნტს გადაწყვეტს ციხის ერთი ნაწილი”, – განმარტავს ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა უთხრა, რომ იმავე სართულზე, საპირისპირო საკანში რომ გადაიყვანონ მას შესაძლებლობა მიეცემა შეხედოს ქუჩას და არა პატიმრების კორპუსს.

ამასთან, როგორც ხერხეულიძე ამბობს სააკაშვილს შიმშილობის გამო აქვს ინფარქტის რისკიც, რომლის შემთხვევაშიც გვერდზე ოთახში მყოფი ექიმი დიდი ალბათობით ვერ გაიგებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და რომც გაიგოს ადგილზე შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არსებობს. ამის გამო, ხერხეულიძის განმარტებით, სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ სხვა სართულზე მყოფ ციხის საავადმყოფოში, საიდანაც სხვა პატიმრების ევაკუაცია იქნება აუცილებელი

“ინფარქტის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაელოდოს, ციხის საავადმყოფოს როდის დაცლიან, როდის გადაიყვანენ პატიმრებს იმიტომ, რომ ამას არ შეუშალონ ხელი და რაღაც კონფლიქტი არ მოხდეს და გადაუდებელი დახმარებას მხოლოდ ევაკუაციის შემდეგ გაუწევენ”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვიზიტისას სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დეტალებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა მოატყუა, თითქოს კლინიკა “ვივამედში” გადაჰყავდათ. ასევე მოატყუეს, თითქოს დედა და შვილები დანიშნულ პაემანზე არ მივიდნენ, სინამდვილეში კი სააკაშვილის დედაც და შვილებიც ციხეში იყვნენ და მასთან შეშვებას ელოდნენ, თუმცა არ შეუშვეს.

“უთხრეს რომ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ, კერძო კლინიკაში უნდა გადაბრძანდეთ და მოემზადეთო. სააკაშვილი აუღელვებლად ჩავიდა საკანში, კადრებშიც ჩანს რომ მშვიდად ალაგებს თავის ნივთებს, შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა ვერტმფრენი და ორი მანქანა მომყვებოდაო. თავად სასწრაფოს მანქანით მიდიოდა, ანუ ისე, როგორც უნდა წაეყვანათ, არაფერი გამკვირვებიაო, თქვა.

იმან გამაკვირვა, რომ გზაში ვერც ერთი შენობა ვერ დავინახეო და მივხვდი, რომ ქალაქგარეთ ვიმყოფებოდიო, ვერტმფრენი მუდმივად დამყვებოდა თავზეო. ავჭალას როგორც კი მივუახლოვდით ვიკითხე, პასუხი არავინ გამცა და როგორც კი გლდანის ტერიტორიას მივუახლოვდი ვუთხარი “არ არსებობს მე აქ არ ჩამოვალ იმიტომ, რომ თქვენ მე მომატყუებთო”. რუსთავის დაწესებულების დირექტორმა ძალიან მშვიდ გარემოში, პერსონალის თანდასწრებით მითხრა, რომ მე “ვივამედის” კლინიკაში უნდა ვყოფილიყავი და არა აქო”, – ამბობს ხერხეულიძე.

ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილმა თქვა, რომ გლდანის ციხესთან, სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეოდან ბევრი ნაწილი ამოჭრილია, მათ შორის ის ნაწილებიც, სადაც როგორც ხერხეულიძე ამბობს, პერსონალი ამბობდა “მოკიდე ხელი და ჩამოათრიე, რას ელოდებიო”.

ეკა ხერხეულიძის განცხადებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი