სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში აბორტი აიკრძალა

10 თებერვალი, 2016 • 1476
აფხაზეთში აბორტი აიკრძალა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 10 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას აფხაზეთის თვითარიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი  “აფსნიპრესი” ავრცელებს.

კანონი სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხს არეგულირებს, მათ შორის აბორტსაც.  კანონის მე-40 მუხლის მეხუთე თავის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს მუცლადმყოფი ბავშის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან და ფეხმძიმობის ხელოვნურ შეწყვეტას კრძალავს. კანონის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ დედასა და შვილს სიცოცხლის თანაბარი უფლებები აქვთ, სახელმწიფო იცავს ამ უფლებას. იმავე მუხლის მეექვსე თავის მიხედვით, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში დაიღუპება.

აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი