ახალი ამბები

აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების შენიშვნები აბორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

27 იანვარი, 2016 • 1464
აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების შენიშვნები აბორტის შესახებ კანონპროექტთან  დაკავშირებით

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს.

“მე აბორტის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, როგორც ექიმმა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არსებობს ისეთი სამედიცინო ჩვენება, რომლის მიხედვით ბავშვის ყოლა არაკანონიერია”,- აღნიშნა გოოვმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გოოვმა იმედი გამოთქვა, რომ კანონში კანონქვემდებარე აქტებს შეიტანენ, რომელიც გაითვალისწინებს იმ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელთაც სამედიცინო ჩვენებით შვილის ყოლა არ შუძლიათ. მისივე თქმით, სამედიცინო მიზეზების გარდა არსებობს სოციალური პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

აფხაზეთის პარლამენტმა 2015 წლის დეკემბერში მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აბორტების აკრძალვას ითვალისწინებს. “ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგები შეშფოთებული არიან პარლამენტის გადაწყვეტილებით. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი