აფხაზეთი ყოველ ზამთარს ელექტროენერგიის გარეშე რჩება

ყოველწლიურად, ზამთარის დადგომისთანავე, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. როგორც ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები გვიმარტავენ, საქმე ის არის, რომ აფხაზეთში ყველა ოჯახი ელექტროენერგიით თბება, მოძველებული ელექტროსადენები კი დატვირთვას ვერ უძლებს.

აფხაზეთში ცენტრალური გათბობა არ არის, არ ვიცით. სამაგიეროდ, შეშის ღუმელი თითქმის ყველა კერძო სახლში დგას. ბინებში კი ცდილობენ თბოიატაკი დააგონ და რამდენიმე ელექტროგამათბობლით თბებიან. ცივი ამინდის დადგომისთანავე მოქალაქეები ყველა შესაძლო მოწყობილობას რთავენ. ელექტროენერგია აფხაზეთში ძალიან იაფი – 40 კაპიკი ღირს [დაახლოებით, 0.00656 აშშ დოლარი].

სოხუმის სამმართველოს ინჟინერ-ენრეგეტიკოსის, გიორგი დანიელიანის განმარტებით, ბევრი მოქალაქე იმდენად მძლავრ ელექტროგამათბობელს იყენებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრანსფორმატორებში მცველები იწვება და ელექტროსადენებს აზიანებს.

“პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე სახლის უშუქოდ დატოვება გვიწევს. ვაგვარებთ პრობლემას და მსგავსი დატვირთულობის გამო მალევე იწვება კიდევ სხვა სადენები”, – ამბობს დანიელიანი.

“აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე 10-15%-ით იზრდება. წელს შარშანდელთან შედარებით მოხმარება 13%-ით გაიზარდა”, – გვიყვება სოხუმის ელექტროქსელების სამმართველოს ხელმძღვანელი, თემურ ჯინჯოლია.

მისი განმარტებით, თუკი ომმამდელ წლებში ერთ ბინას 2,5 კვ. ყოფნიდა, დღეს 4-ჯერ მეტია საჭირო [დაახლოებით, 10 კვ.], ელექტროხაზები კი მას შემდეგ არავის შეუცვლია.

“საჭიროა ყველა ელექტროგაყვანილობის გამოცვლა, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგია ტრანფორმატორებს მიეწოდება. შეცვლას საჭიროებს ასევე გამანაწილებელი ქსელიც. დამპალი ბოძები ვეღარ ძლებს და ძირს ვარდება. არ არის საკმარისი ტექნიკა, რომელმაც შეიძლება რთულ მეტეოროლოგიურ ამინდებში იმუშაოს”, – გვეუბნება ჯინჯოლია.

როგორც ქალაქის მთავარი ელექტრიკოსი ამბობს, სარემონტო სამუშოები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ეს პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს.

“საჭიროა დიდი ფინანსური ინვესტიციები, რომელიც არ არსებობს. მოდერნიზაცია ვერ უსწრებს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას”, – ამბობს ის.

როგორც ინჟინერ-ელექტრიკოსი ზაურ აჩბა ამბობს, რესპუბლიკის მცხოვრებელბი ხშირად თავად აღრმავებენ პრობლემას:

“ჩვენთან მხოლოდ საყვედურები შეუძლია ხალხს, რომ სოხუმის ელექტროსამსახური არ მუშაობს და თავად რას აკეთებენ?! კერძო სახლებშიც კი შეშის ღუმელებს ხსნიან და თბოიატაკებს აგებენ, იპარავენ ელექტროენერგიას, გადასახადის გადახდა არავის სურს. ასეთები ჩვენთან მრავლად არიან”, – ამბობს ზაურ აჩბა.

სახელმწიფო კომპანია ჩერნომორენგროს დირექტორის აზრით, ელექტროენერგიის გადასახადისგან თავის არიდება ძირითადი პრობლემაა. იმის გამო, რომ ხალხი არ იხდის გადასახადს, კომპანიას არ აქვს ფული თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად. მოქალაქეებს კი გადახდა არ სურს იმიტომ, რომ ელექტროენერგიის ძაბვა არანაირად არ შეესაბამება სტანდარტებს. ამ მანკიერი წრიდან აფხაზეთის ენერგეტიკა ვერ გამოდის უკვე მრავალი წელია.

ზომების მიღება ხელისუფლებამ მხოლოდ წინა წელს დაიწყო. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, მოქალაქეებს დაგროვებული გადასახადის ნახევარი ჩამოუწერეს. ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ მომხმარებლებს თანხის ნაწილი მაინც გადაეხადათ ბიუჯეტში. თუმცა არც ამან მოაგვარა პრობლემა – ეს ფული არასაკმარისია.

რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ელექტროენერგიის სფეროს ნორმალური ფუქნციონირებისთვის აუცილებელია ფული, რომელიც გადასახადების სახით უნდა შეგროვდეს.

“ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის საკითხი არ განიხილება”, – თქვა პრეზიდენტმა ერთ-ერთ სხდომაზე [მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე ელექტროენეტგიაზე ტარფების შეცვლა შეუძლებელია].

ამასობაში, მიმდინარე თვეში [დეკემბერი] ჯერ ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, შუქი რომ არ გამოერთოთ. თუმცა თანმიმდევრულ გათიშვაზე, როგორც შარშან იყო, საუბარი ჯერ არ არის. 2015-2016 წლის ზამთარში ეს პრობლემა ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონით ახსნეს. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგიას აფხაზეთი რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებდა და მოსახლეობას ტარიფის სახით ტვირთი არ დააწვა. ამ მიზნით, ოფიციალური ცნობითვე, რუსეთმა სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში აფხაზეთისთვის 200 მილიონი რუბლი გამოყვეს

ენგურჰესის რეკონსტრუქციაზე საუბარი აფხაზეთში არ მიმდინარეობს, ეს საკითხი აფხაზი ენერგეტიკოსების კომპეტენციის მიღმაა.

————————————————————————————————————-

“ენგურჰესის” გენერალურ დირექტორის, ლევან მებონიას მიერ 2016 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.